
აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევის მიხედვით პურის ხორბლის — Triticum aestivum — წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი და დამოუკიდებელი ცენტრი სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში მდებარეობს.
კვლევის მიხედვით, პურის ხორბალი დღეს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული კულტურაა და მისი წარმოშობის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერების ყურადღების ცენტრში იყო. აქამდე არსებული ჰიპოთეზები ძირითადად მის გენეტიკურ კავშირებს ახლო აღმოსავლეთს უკავშირებდა, თუმცა ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიაშიც არსებობდა მისი დამოუკიდებელი განვითარების კერა.
სტატია ეფუძნება საერთაშორისო კვლევას, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე. კვლევაში გამოყენებულია საქართველოს ტერიტორიაზე, გადაჭრილი გორასა და შულავერის გორაზე აღმოჩენილი დაახლოებით 8 000 წლის არქეოლოგიური მასალა, ასევე პალეოეთნობოტანიკოსის ნანა რუსიშვილი მრავალწლიანი კვლევები.
კვლევა ასევე ეხება ხორბლის გენეტიკურ განვითარებას. პურის ხორბალი ჰიბრიდული წარმოშობის მცენარეა, რომელიც სხვადასხვა სახეობის შეჯვარების შედეგად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ითამაშა ველურმა სახეობებმა, რომლებიც დროთა განმავლობაში ადამიანმა მოაშინა და გააუმჯობესა. მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ეს ევოლუციური პროცესები არა მხოლოდ ერთ რეგიონში, არამედ სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში პარალელურად მიმდინარეობდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სამხრეთ კავკასია შეიძლება ჩაითვალოს იმ სივრცედ, სადაც პურის ხორბლის ჩამოყალიბება დამოუკიდებლად განვითარდა. ამ დასკვნას ამყარებს როგორც არქეოლოგიური მასალა, ისე გენეტიკური ანალიზები, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის.
მნიშვნელოვანია, რომ ნიმუშების დათარიღება განხორციელდა ვაისმანის ინსტიტუტიში, რადიოკარბონული მეთოდის გამოყენებით, რის შედეგადაც დადასტურდა — საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში აღმოჩენილი მასალა წარმოადგენს მსოფლიოში დღემდე ცნობილ პურის ხორბლის არსებობის ყველაზე ადრეულ ფიზიკურ მტკიცებულებას.
კვლევა ამყარებს მოსაზრებას, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის კულტურის, არამედ მარცვლოვანი კულტურების განვითარების თვალსაზრისითაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ცენტრია. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვნად ცვლის წარმოდგენას აგრარული ცივილიზაციის ადრეულ ეტაპებზე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონის განსაკუთრებულ როლს მსოფლიო ისტორიის კონტექსტში.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი