
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს მსოფლიოში 227 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იწარმოება, რაც 2024 წლის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე მხოლოდ 0.6%-ით მეტია. მიუხედავად მცირე ზრდისა, გლობალური წარმოება ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელზე 9.4%-ით ნაკლებია. ამის მთავარ მიზეზად კვლავ კლიმატური ცვლილებები, მათ შორის გვალვები, სიცხე, ყინვები და ჭარბი ნალექი სახელდება.
ევროკავშირი მსოფლიო ღვინის წარმოების დაახლოებით 60%-ით კვლავ ლიდერობს, თუმცა რეგიონში წარმოება 1.3%-ით შემცირდა. ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე იტალია რჩება 44.4 მლნ ჰექტოლიტრით, მას საფრანგეთი - 36.1 მლნ, ხოლო ესპანეთი - 28.7 მლნ ჰექტოლიტრით მოსდევს.
გლობალური ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველომ 2025 წელს ღვინის წარმოების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. OIV-ის მონაცემებით, ქვეყანაში 2.6 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იწარმოება, რაც 2024 წელთან შედარებით 5%-იანი, ხოლო ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 25.1%-იანი ზრდაა. საქართველო მსოფლიოს უმსხვილეს ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მე-16 ადგილს იკავებს და გლობალური წარმოების 1.1%-ს ქმნის.
საქართველოს შედეგი განსაკუთრებით თვალსაჩინოა გლობალური კლების ფონზე და მიუთითებს როგორც ხელსაყრელ კლიმატურ პირობებზე, ისე ქართული ღვინის სექტორისა და საექსპორტო მოთხოვნის ზრდაზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი