
„ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო“ - ამ სათაურით პოპულარულ ამერიკულ გამოცემა Grapefriend-ში ვრცელი სტატია გამოქვეყნდა.
პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის, Glodow Nead Communications-ის ჩართულობით მომზადდა და მასში ავტორი ხუთ ძირითად მიზეზს ასახელებს, რომელთა გამოც, მისი აზრით, ქართული ღვინო მსოფლიოს ნებისმიერი ღვინის მოყვარულის ყურადღებას იმსახურებს.
სტატიის ავტორი, რომელმაც საქართველოს ღვინის რეგიონებში იმოგზაურა, მარნები მოინახულა და ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები დააგემოვნა, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო აუდიტორიის დიდი ნაწილი ქართულ ღვინოს მხოლოდ ქარვისფერი (ე.წ. „orange wine“) ღვინით იცნობს, თუმცა სინამდვილეში ქართული მეღვინეობა გაცილებით მრავალფეროვანი და ღრმა კულტურული ფენომენია.
პირველ მიზეზად ავტორი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, სტატუსს ასახელებს. მისი შეფასებით, არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ღვინის წარმოების ისტორია დაახლოებით 8 000 წელს ითვლის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრის უნიკალურ ტექნოლოგიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელად შემორჩა და დღემდე ქართული ღვინის იდენტობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩება.
მეორე მიზეზი ქართული ვაზის ჯიშების გამორჩეული მრავალფეროვნებაა. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში 450-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიშია გავრცელებული. საბჭოთა პერიოდში მრავალი უნიკალური ჯიში გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა დღეს ქართველი მეღვინეები აქტიურად მუშაობენ მათ აღდგენასა და პოპულარიზაციაზე.
მესამე მიზეზად ავტორი ქართულ სუფრასა და სტუმარმასპინძლობის კულტურას ასახელებს. მისი თქმით, ღვინო საქართველოში ადამიანებს შორის ურთიერთობის, მეგობრობისა და ერთობის გამოხატულებაა. სტატიაში აღწერილია ტრადიციული ქართული სუფრა, მრავალფეროვანი კერძები, თამადის ინსტიტუტი და ქართული მრავალხმიანობა, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
მეოთხე მიზეზი თავად საქართველოა, როგორც ტურისტული მიმართულება. ავტორის შეფასებით, ქვეყანა ჯერ კიდევ დაუფასებელი დანიშნულების ადგილია საერთაშორისო მოგზაურებისთვის. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კავკასიონის მთების შთამბეჭდავ ბუნებაზე, თბილისის მრავალფეროვან არქიტექტურაზე, ისტორიულ ტაძრებსა და ქალაქის უნიკალურ ატმოსფეროზე. მისი თქმით, საქართველოში ღვინო ყველგან იგრძნობა და ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილია.
მეხუთე და, ავტორის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიზეზი ქართული ღვინის აღორძინების ისტორიაა. სტატიაში მოყვანილია ქართველი მეღვინეების მაგალითები, რომლებმაც საბჭოთა პერიოდის შეზღუდვების შემდეგ შეძლეს ტრადიციების აღდგენა და დღეს საკუთარ ღვინოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე აგზავნიან. ავტორი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ქართული მეღვინეობა მხოლოდ ისტორიულ მემკვიდრეობას არ ეყრდნობა და ის მუდმივად იკვლევს, ავითარებს და ხელახლა აღმოაჩენს ადგილობრივ ჯიშებსა და ღვინის დაყენების მეთოდებს.
სტატიის დასასრულს ავტორი წერს, რომ საქართველოში ღვინის დაგემოვნება არის შესაძლებლობა, დააკვირდე ქვეყანას, რომელიც საკუთარი მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციების ხელახალი აღმოჩენისა და ახალი ისტორიის შექმნის პროცესშია. „საქართველოში ღვინოს კი არ სვამ, არამედ ქვეყნის თვითაღმოჩენის პროცესს ეზიარები“, -აღნიშნავს ავტორი.
სტატიას ორიგინალში შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი