
ლევან სეფისკვერაძე
კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში - ველისციხეში 10 წელზე მეტია, რაც დაარსდა საოჯახო მცირე მარანი, რომელმაც ღვინო პირველად 2016 წელს ჩამოასხა. „ლომთაძეების მარანი - ველისციხე“ ღვინის მოყვარულებს საფერავისგან და რქაწითლისგან დაყენებულ ღვინოებს სთავაზობს. ბოლო დროს მარნის ასორტიმენტს იშვიათი კახური ვაზის ჯიში (შესაბამისად - ღვინო) - ღვინის თეთრიც დაემატა.
მიუხედავად იმისა, რომ ლომთაძეების გვარი რაჭიდანაა, კახეთში ათწლეულების წინ დამკვიდრებული ლომთაძეები კახური ღვინის საიდუმლოებებს ძალიან კარგად იცნობენ. ლომთაძეების მარანში 24 მუშა ქვევრია და ოჯახი ღვინოს, ძირითადად, სწორედ ამ ტრადიციულ საღვინე ჭურჭელში აყენებს. იგეგმება მარნის გაფართოება და შესაბამისად ქვევრების რაოდენობის გაზრდაც.
მარნის ერთ-ერთი მფლობელი, თორნიკე ლომთაძე დანანებით აღნიშნავს, რომ მათი ვენახები 2002 წლამდე ისედაც ბიოპრეპარატებით, მხოლოდ შაბიამნით და კირით იწამლებოდა. ახლაც ლომთაძეები თავიანთ ვენახს კვლავ ძველი, მარტივი და ჯანსაღი წესით უვლიან, ამით მოსავლის ნაწილს კარგავენ, მაგრამ და ღვინო ხარისხიანი გამოსდით.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახში ღვინოს ყოველთვის ვაყენებდით, პირველად 2016 წელს ჩამოვასხით ბოთლებში ქვევრში კახური წესით ჭაჭაზე დავარგებული რქაწითლის ყურძნისგან დამზადებული ღვინო. ბოთლებში ღვინის ჩამოსხმა განაპირობა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციამ და შესაბამისმა მოთხოვნამ ბაზარზე. 10 წელზე მეტია, ვენახს ვუვლით ორგანული მეთოდებით, რაც ყოველწლიურად ამცირებს მოსავლიანობას, მაგრამ ზრდის ღვინის ხარისხს“, - თქვა vinoge.com-თან საუბრისას თორნიკე ლომთაძემ.
- საღვინე ჭურჭლად ტრადიციულ ქვევრს იყენებთ. რატომაა ფასეული თქვენთვის ქვევრი და რა მომავალი აქვს მას მსოფლიოში?
- ქვევრის ფასეულობას, ჩემი აზრით, განაპირობებს ის ფაქტი, რომ ქვევრში დაწურული და დავარგებული ღვინო ბუნებრიობას უფრო ინარჩუნებს. ქვევრის მომავალს რაც შეეხება, ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც UNESCO-მ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, გაჩნდა მასზე მოთხოვნა და მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაიწყეს უკვე ქვევრების შეძენა და ქართულად მასში ღვინის დაყენება.
-შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ლომთაძეების მარანი - ველისციხე“ საოჯახო ტიპის მცირე მარანია?
- ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება ერთმანეთზე გადაჯაჭვული პროცესია. ამიტომ ვცდილობთ ერთმანეთის გვერდში დგომით ამ პროცესში ყველა ოჯახის წევრმა მივიღოთ მონაწილეობა. მამა კარგი თამადა და ღვინის შემფასებელია. დედა პროფესიით ტექნოლოგია. მათი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება დიდ დახმარებას გვიწევს ხარისხიანი ღვინის შექმნაში.

- ვენახიც და მარანიც კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში - ველისციხეში გაქვთ. რას გვეტყვით ამ სოფელზე და მის მევენახეობა-მეღვინეობაზე?
- დიახ, ველისციხე უდიდესი ისტორიის მქონე სოფელია. მართალია, მისი ტერიტორიები მიკროზონად არ არის აღიარებული, მაგრამ ეს არ უშლის ხელს საუკეთესო ხარისხის ყურძნის მოყვანასა და ღვინის დაყენებას. ისტორიულად ღვინის კულტურის განვითარებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სოფელში მრავლად მოიძებნება რამდენიმე საუკუნის წინ აშენებული მარნები, რომლებშიც ღვინის დაყენება თითქმის უწყვეტად მიმდინარეობს. ჩემი წინაპრები მეცხრამეტე საუკუნის შუა ნახევარში გადმოსახლდნენ რაჭიდან, სოფელ მეორე ტოლადან და ჩამოსვლისთანავე მიყვეს ხელი მევენახეობა-მეღვინეობას. ყოველივე ეს მეტყველებს, რომ ველისციხელებს ვენახისა და ღვინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ.
- თქვენ აზრით რა პრინციპული განსხვავებაა ბუნებრივ (ნატურალურ) და ე.წ. მასობრივ ღვინოს შორის?
- ჩვენს უახლოეს ისტორიულ წარსულს თუ გადავხედავთ სახელმწიფო ყველანაირად უწყობდა ხელს მასობრივი ღვინოების წარმოებას, ნატურალურ ღვინოებს მხოლოდ ოჯახებში მცირე მოცულობით პირადი მოხმარებისთვის აწარმოებდნენ. ჩვენი ოჯახის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 2002 წლამდე ვენახებს მხოლოდ შაბიამნით, კირით და გოგირდით ვუვლიდით, მაგრამ ინფორმაციის და სათანადო განათლების არქონამ ამ სფეროში, გვიბიძგა ერთმანეთის მიბაძვითა და საწამლი საშუალებების გამყიდველთა „კეთილგონიერი რჩევით“ სისტემური პრეპარატების მოხმარებაზე გადავსულიყავით. ამ საშუალებებით მოყვანილმა ყურძენმა და შესაბამისად - ღვინოებმაც დაკარგეს ის გემოვნური თვისებები, რაც მათ ბუნებრივად ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს კახური წესით ქვევრში ვაყენებდით. მასობრივი წესით ნაწარმოებ ღვინოებს, რომელ ქარხანაშიც არ უნდა იყოს დამზადებული, თითქმის ერთი და იგივე გემო აქვთ, ვინაიდან მათი დამზადების წესი თითქმის ერთი და იგივეა. ბუნებრივი ღვინო კი, თუნდაც ერთი ყურძნიდან იყოს დამზადებული, ყველა ქვევრში ინდივიდუალურ გემოვნურ თვისებებს იყალიბებს.

- მცირე მარნების მომრავლება განაპირობებს ქართული ღვინის ხარისხის ზრდას?
- ნამდვილად გაზრდილია ღვინის ხარისხი და ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის იმით, რომ გაჩნდა ხარისხიანი ღვინის შემფასებელი სეგმენტი, არის დიდი კონკურენცია და თუ გინდა, რომ შენი ღვინო იყოს წარმატებული, ცდილობ, ყოველწლიურად ხარისხი გააუმჯობესო.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი