
ლევან სეფისკვერაძე
2025 წლის რთველმა რაჭა-ლეჩხუმში ერთგვარი უცნაური მოლოდინები და გაურკვევლობები წარმოშვა და რთვლის შეფასებისას მევენახეთა აზრები იყოფა. იყო სოფლები, სადაც მოსავალიც ბევრი მიიღეს და არც ყურძნის ხარისხიანობას უჩივიან. თუმცა, ზოგიერთ სოფელში (განსაკუთრებით - ცხენისწყლის და ლაჯანას ხეობაში) ზაფხულში ჭრაქმა, შემოდგომისას კი ხშირმა წვიმებმა მოსავალი ძლიერ დააზიანა.
რაჭა-ლეჩხუმში გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი ამინდის ცვალებადობით გამოირჩეოდა. გაზაფხულზე მზიან ამინდებს 2-3 დღიანი წვიმა ცვლიდა, ზაფხულში კი ლეჩხუმელები გვალვამ შეაწუხა. შემოდგომაზე, რთვლის აქტიურ ფაზაში, მოსავლის დაზიანების საფრთხე წვიმებმა შექმნეს და ამის გამო, მაგალითად, ხვანჭკარის მიკროზონის სოფლებში (ხვანჭკარა, სადმელი, ბუგეული, ჩორჯო და სხვა) დაგეგმილი რთველი დაახლოებით 8 დღით გადავადდა.
რაჭველმა და ლეჩხუმელმა მევენახეებმა წელს მეტი მოქნილობა გამოიჩინეს - ზოგან აუცილებელი გახდა რთველი ნაადრევად დაწყებულიყო, რათა თავიდან აეცილებინათ ღვინის ხარისხზე ამინდის არასასურველი გავლენა. მევენახეებმა, ძველი ტრადიციისამებრ, წელსაც გამოიყენეს ე.წ. შერჩევითი რთვლის პრაქტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ პერიოდულად კრეფდნენ იმ ჯიშის ყურძენს, რომელსაც შაქრიანობა შედარებით მაღალი ჰქონდა. ეს განსაკუთრებულად რთულია მათთვის, ვინც რეგიონში არ ცხოვრობს და თბილისიდან თუ ქუთაისიდან უწევს ჩასვლა რამდენიმე დღით სპეციალურად რთველისთვის. თუმცა, ამგვარი პრაქტიკა მუდამ სწორი და გამართლებულია, რადგან მოსავლის გადარჩენის გარდა, ყურძენიც ტექნიკური მწიფობის პერიოდში იკრიფება და ამ გზით ხარისხოვანი ღვინის მიღების მეტი საშუალება ჩნდება.
მირანდა ჩხეტიანი, „მირანდას ღვინო“: „წლევანდელი რთველი ლეჩხუმში, საბოლოო ჯამში, ასე თუ ისე ნორმალურად ჩატარდა. თუმცა, იყო ძალიან გვალვიანი წელი. დაახლოებით 3 თვე ნორმალურად წვიმა არ მოხვედრია ნიადაგს. აქედან გამომდინარე, წინა წლებთან შედარებით, მოსავალიც ნაკლები იყო. სექტემბერი და განსაკუთრებით ოქტომბერი წვიმიანი გვქონდა და მაინც მოასწრო მტევანმა ცოტა წვენის მიღება. შაქრიანობაც წინა წლებთან შედარებით დაბალი იყო, მაგრამ - საგანგაშოდ დაბალი არა. ლეჩხუმის ყურძენი თითქმის სრულად იქნა ათვისებული ღვინის კომპანიების და კერძო პირების მიერ“.
რაჭა-ლეჩხუმის ყურძენი მუდამ გამოირჩეოდა მაღალი ფასით და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2025 წელი ყოფილა. წელს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული კილოგრამი ალექსანდროულის ფასი 8-10 ლარი იყო, ცოლიკოური რაჭაში 3 ლარი ღირდა, ლეჩხუმში კი 3.5-4 ლარი. განსაკუთრებული მოთხოვნა ტრადიციულად ტვიშის და ალპანის ცოლიკოურზე იყო და იმის გამო, რომ მოსავლის რაოდენობა წელს საშუალო გახლდათ, ადგილობრივმა მევენახეებმა მოწეული ცოლიკოური ადვილად ჩააბარეს დიდ მწარმოებლებს თუ საქართველოს დიდი ქალაქებიდან ასულ ღვინის ენთუზიასტებს. ორბელური ოჯალეშის ფასი 5-6 ლარი იყო, ოყურეშში, ზუბში ან ისუნდერში მოწეული კილოგრამი უსახელოურის ფასი კი 25 ლარიდან იწყებოდა.
აკაკი სირაძე, მარანი „ამბრა“: „რთველმა რაჭაში საკმაოდ კარგად ჩაიარა. მოსავალიც კარგი იყო. მოსავლის რაოდენობა იყო ჭარბი, მაგრამ სიჭარბის ფონზე ხარისხი მისაღებია. მართალია, რაჭაში იყო ვენახები, სადაც ყურძენს შაქრიანობა დაბალი ჰქონდა და ბრიქსით 21-ზე მაღლა ვერ ავიდა, მაგრამ ყველგან ასეთი დაბალი შაქრიანობა არ ყოფილა. საბოლოოდ, მოსავლის მხრივ, უკმაყოფილონი არ ვართ. ახლა ფერმენტაციები დასრულდა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ წელს რაჭაში მაღალხარისხიანი ღვინოები დაყენდება. შარშანდელთან შედარებით მოსავლიანობა ბევრად დიდი იყო და ის, ვინც ყურძნის გაყიდვაზეა ორიენტირებული, წელს უკმაყოფილო ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო“.
რაჭის და ლეჩხუმის მუდმივი პრობლემაა ამინდების ცვალებადობა (გვალვა ზაფხულში და ბევრი ნალექი შემოდგომაზე) და ეს მოსავლის დაკარგვის მუდმივ რისკებს აჩენს. ამას გარდა, საქართველოს მეღვინეობის ამ განსაკუთრებულ მხარეებს სულ აწუხებდა ტექნიკური და ლოჯისტიკური პრობლემები. მოგეხსენებათ, ორივე მხარე მთიანია და აქ სავენახე ინვენტარის ჩატანა, მუშახელის ჩაყვანა და შემდეგ რთვლის ხარისხიანი მენეჯმენტი არაა ადვილი საქმე. მუშახელი მუდმივად ჭირს და მისი დაქირავების ფასი მუდმივად იზრდება. მარნების უმეტესი ნაწილი სათანადოდ არაა აღჭურვილი როგორც ჭურჭლით, ისე სხვა საღვინე ინვენტარით. განახლებას საჭიროებს ტრადიციული, საუკუნეების მანძილზე არსებული ცოდნა მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, დღემდე სწორედ ეს რეგიონი იძლევა უნიკალურ და ყველაზე ძვირფას ქართულ ღვინოებს, რითაც ჩვენი ქვეყანა მთელს მსოფლიოში ამაყობს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი