
2025 წლის რთველის ორგანიზების წესში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. საქართველოს მთავრობის 4 ივლისის განკარგულებაში შეტანილი ცვლილებით, კერძო ღვინის საწარმოები ამჯერად სახელმწიფოს სუბსიდიას აღარ მიიღებენ, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.
ახალი წესის თანახმად, იმ ყურძენს, რომელსაც კერძო მყიდველი ვერ ან არ შეიძენს, სახელმწიფოს კუთვნილი შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს ფიქსირებული ტარიფებით:
კახეთში მოყვანილი საფერავი — 1.50 ლარი კილოგრამზე;
სხვა დასაშვები საღვინე ჯიშები — 1.20 ლარი კილოგრამზე;
არაკონდიციური ყურძენი (შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს) — 1.00 ლარი კილოგრამზე;
დაზიანებული ან დაავადებული ყურძენი — 1.00 ლარი კილოგრამზე.
საქართველოს მთავრობის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ათასობით მევენახეს დაეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში და ხარისხიანი მოსავლის წარმოებაში, რაც მეღვინეობის სექტორის გაძლიერებას, ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე უკეთ პოზიციონირებასა და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი