
21 მარტს, ღვინის ბარ 8000 მოსავლის აბაშიძის ფილიალში ურბანული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება. ღონისძიების სტუმრები შეხვდებიან ურბანულ მეღვინეებს და დააგემოვნებენ თბილისში დაყენებულ ღვინოებს.
ურბანული მეღვინეობა აერთიანებს ტრადიციულ, კუთხურ მემკვიდრეობას, ქალაქის ენერგიასა და თანამედროვე ხედვებს. მცირე წარმოება, ექსპერიმენტული მიდგომა და ხელმისაწვდომობა ამ მიმდინარეობას ცოცხალ და საინტერესო სივრცედ აქცევს. სწორედ ამიტომ, ურბანულ მეღვინეობას მსოფლიოს წამყვან დედაქალაქებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 15-მდე მცირე ურბანული მეღვინეობა, მათ შორის:
დათო ჩიხლაძის მარანი, ვინი ამარე, ლოლაძის ღვინო, უწყინარი, ბარბალეს მარანი, ივარდა, გაბუნიას ოჯახის მარანი, გენას ღვინის მარანი, იგი, დავალე, ოძისელი, ლაშას მარანი, ნიკიფორე, ქვევრისეული და დავალე.
დეგუსტაციის მნიშვნელობაზე ღვინის ბარ 8000 მოსავლის სომელიე, კატო შალვაშვილი გვესაუბრა:
"დეგუსტაციის მიზანია, რომ ურბანული მეღვინეობები გავაცნოთ მსმენელებს და ცნობიერება გავზარდოთ ამ მიმართულებაზე, რომელიც ორიენტირებულია მცირე წარმოებაზე, ექსპერიმენტული ხასიათი აქვს და ხელმისაწვდომს ხდის ღვინოს. ეს ტენდენცია დღეს უკვე პოპულარული ხდება და ურბანული ღვინო ქალაქებში, როგორიცაა ვენა, პარიზი, ნიუ-იორკი, წარმატებით აყენებენ. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ მეღვინეებს და გასინჯონ მათი უნიკალური ღვინოები."
ურბანული ღვინოების დეგუსტაცია ქართული ღვინის ახალ ფაზას აჩვენებს — ტრადიციისა და ქალაქური ენერგიის უნიკალურ კომბინაციას, რაც თბილისშიც უკვე ხელმისაწვდომი გახდა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი