
ლევან სეფისკვერაძე
3 მაისს თბილისში კიდევ ერთი საინტერესო და უკვე ტრადიციული ღვინის ფესტივალი ჩატარდა - „საამური ბუნებრივი ღვინის სალონი“. ტრადიციულად ეს ფესტივალი ტარდება „ფაბრიკაში“, რომელიც წარმოადგენს მრავალფუნქციურ კულტურულ სივრცეს და გამოირჩევა ახალგაზრდული აუდიტორიის და უცხოელი ვიზიტორების სიმრავლით. ამიტომაც ეს ადგილი „საამურისთვის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არჩევანია.
ამ მცირე, სალონური ტიპის ღვინის ფესტივალის ინიციატორია ბუნებრივი ღვინის ბარი „საამური“, რომელიც ასევე „ფაბრიკის“ ეზოშია და ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი ქართველი მეღვინეების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. „საამური ბუნებრივი ღვინის სალონის“ დაარსებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, როცა ბუნებრივი ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა და საჭიროებს მომხმარებლებთან თუ ღვინის ვაჭრებთან მსგავს საკომუნიკაციო პლატფორმას.
„საამურივ ბუნებრივი ღვინის სალონის“ მხარდამჭერები წელსაც იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.
რაც შეეხება მონაწილეებს, „საამური“ აერთიანებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მეღვინეებს - ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს, რაც მიუთითებს პლატფორმის ტრანსნაციონალურ ხასიათზე.
მაია ჭოხონელიძე, „საამური ბუნებრივი ღვინის სალონის“ ორგანიზატორი: „ყველაფერი ღვინის ბარიდან დაიწყო. ღვინის ბარი „საამური“გაიხსნა კოვიდ-პანდემიის პერიოდში. შეზღუდვების გამო თავდაპირველად მუშაობა მხოლოდ ღვინის გამოძახებებით შეგვეძლო. 2021 წლის მარტში, როდესაც ბარების მუშაობა ნაწილობრივ კვლავ გახდა შესაძლებელი, ჩვენ უკვე გვქონდა ღვინის საკმაოდ კარგი არჩევანი და გვყავდა ძლიერი პარტნიორები. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა იდეა, რომ ერთ სივრცეში გაერთიანებულიყო ღვინო როგორც მოყვარულებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის“.
მაია ჭოხონელიძის თქმით, პირველ წელს სალონში მონაწილეობდა დაახლოებით 15 მეღვინე - ძირითადად ქართველები. მოგვიანებით მათი რაოდენობა გაიზარდა 30–40 მეღვინემდე. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ეს რიცხვი აღარ იზრდება, რადგან მიზანი სალონის ფორმატის შენარჩუნებაა.

„ჩვენი მიზანია არაპროფესიონალებისა და პროფესიონალების გაერთიანება ერთ სივრცეში, სადაც შესაძლებელი იქნება მეღვინეებთან უშუალო შეხვედრა და ღვინის კულტურის უკეთ გაცნობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების მხარდაჭერა, რადგან სწორედ ისინი ქმნიან უნიკალურ და განსხვავებულ ღვინოებს, რომლებიც ხშირად არ ხვდება მასობრივ ბაზარზე. ასეთი ღონისძიებები ეხმარება როგორც მომხმარებლებს, ასევე მწარმოებლებს - ერთი მხრივ, იზრდება ცნობადობა, ხოლო მეორე მხრივ, მეღვინეები იღებენ შესაძლებლობას, თავიანთი ღვინოები ფართო აუდიტორიას გააცნონ. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ სივრცე, სადაც ადამიანები არა მარტო დააგემოვნებენ ღვინოს, არამედ გაიგებენ მის ისტორიას, პროცესს და იდეას, რაც მის უკან დგას“, - ამბობს მაია ჭოხონელიძე.
„საამური ბუნებრივი ღვინის სალონი“ წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა და ამ პერიოდის განმავლობაში მასში მონაწილეობა მიიღეს მეღვინეებმა შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს კი ამ მცირე ღვინის ფესტივალში დაახლოებით 40 მეღვინე მონაწილეობდა. მათ შორის ახალი მეღვინეები იყვნენ იტალიიდან და თურქეთიდან.
ალეკო ცქიტიშვილი, მარანი „ჭორტაულის ვენახები“: „ჩემი საოჯახო მარანი ამ ღვინის ფესტივალში მეორე წელია მონაწილეობს. ეს არის ბუნებრივი ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო გამოფენა, სადაც მონაწილეობენ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები, რომელთა ნაწილი არ არის ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი, მაგრამ უკვე აქვს ვენახების ორგანული წესებით მოვლის და ბუნებრივი ღვინის დაყენების საკმაო გამოცდილება. ასევე, აქ არიან ახალგაზრდა ენთუზიასტები, მათ შორის - ბარ-რესტორან „საამურის" ახალგაზრდული გუნდი და ჯგუფი "შემოსწრებულები", რომლებიც თავიანთი ექსპერიმენტებით და სიახლეებით გამოირჩევიან. გამოფენაში მონაწილეობს ბუნებრივი ღვინის მწარმოებელთა ძველი თაობაც, რომლებმაც გზა გაკვალეს ბევრი მარნისთვის. რაც ასევე მნიშვნელოვანია, გამოფენას სტუმრობენ უცხოელი იმპორტიორები, რომლებსაც საკმაოდ დიდი დრო აქვთ მონაწილეებთან საუბრისთვის“.
გარდა ღვინის მწარმოებლებისა, სალონში მონაწილეობენ სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებიც, მათ შორის „ჭაჭის“ და სიდრის მწარმოებელი მცირე სახდელები, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს სალონის შინაარსსა და ისტორიას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი