Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

როგორ გარდაქმნის ეტნა იტალიური ღვინის ელეგანტურობას

ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა კრისტინა მერკურის სტატია, რომელშიც ავტორი იტალიურ ღვინოებზე საუბრობს, კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ გარდაქმნის ეტნა იტალიური ღვინის ელეგანტურობას.

იტალიური ღვინო, რომელსაც მზის სითბო,  კეთილშობილება და ზოგჯერ ბაროკული სიმდიდრეც ახასიათებს, დღეს თავის ისტორიაში ახალ ფურცელს შლის.  იქ, სადაც ოდესღაც სიმძაფრე და სიუხვე ფასდებოდა, დღეს უფრო და უფრო ხშირად ისმის სხვა სიტყვა ელეგანტურობა.

ამ ცვლილების ეპიცენტრი, როგორც კრისტინა მერკური აღნიშნავს, შესაძლოა სიცილიის ჩრდილოეთ ფერდობზე, ვულკან ეტნაზე მდებარეობდეს - რეგიონში, რომელიც ბუნებითაც და სულითაც დაუმორჩილებელია.  კრისტინა მერკურის აზრით, სწორედ აქ, ამ ვულკანის ჩრდილში, იბადება ახალი, უფრო დახვეწილი იტალიური ელეგანტურობის ესთეტიკა. მაგრამ ჩნდება  კითხვა - მართლა ეტნაა ამ ცვლილების მთავარი მამოძრავებელი ძალა, თუ იგი უბრალოდ ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა უფრო ფართო მოძრაობისა, რომელიც მთელ იტალიაში ვითარდება?

ეტნა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სტრატოვულკანი – მუდმივად ცვლის ლანდშაფტს, ნიადაგს და ამით გავლენას ახდენს იქაური ღვინოების ხასიათზე. მთის ფერდობებზე გაშენებული ვენახები დაახლოებით 1,300 ჰექტარს მოიცავს და 142 კონტრადას – მცირე ზონებად იყოფა, რომელთაგან თითოეული განსხვავებული მიკროკლიმატით, სიმაღლითა და ნიადაგის სტრუქტურით ხასიათდება. ეს ლანდშაფტი მოზაიკურ სურათს ქმნის, რომელიც ცოცხლად ასახავს ვულკანის შინაგან დინამიკას.

ეტნას ტერუარი ბუნებრივად მრავალფეროვანია, მაგრამ კრისტინა მერკური ხაზს უსვამს, რომ სწორედ ახალი თაობის მეღვინეების აზროვნებაა ამ მრავალფეროვნების ნამდვილი გასაღები. ისინი აცნობიერებენ, რომ დღეს ელეგანტურობა აღარ განისაზღვრება სიმძიმითა და სიუხვით. პირიქით – ძალა თავშეკავებაშია, სისუფთავეში და იმაში, რომ ღვინომ თავისი ადგილის ხმა ბოთლში წარმოაჩინოს.

თეთრი Carricante და წითელი Nerello Mascalese სწორედ ამ ფილოსოფიის საუკეთესო მაგალითებია: მათ ახასიათებთ მკაფიო სტრუქტურა, ცოცხალი მჟავიანობა და არომატული სიზუსტე.

მერკური იხსენებს ისეთ სახელებს, როგორებიცაა ფედერიკო გრაციანი, რომლის ღვინოები გამორჩეულია მკაფიო სიზუსტით, გრაჩი, რომელიც ინტელექტუალურ გამჭვირვალობას ეძებს, ან ჯიროლამო რუსო, რომლის ნამუშევრები თავშეკავებული და დახვეწილია. ყველას აერთიანებს ერთი პრინციპი: „მიეცი მთას საშუალება, თვითონ ილაპარაკოს“. ესაა უარი როგორც გლობალურ სტანდარტებზე, ასევე ადგილობრივ ტრადიციულ სტერეოტიპებზე.

ბევრი მათგანი ეტნას ბურგუნდიას ადარებს. მსგავსება მართლაც არის, განსაკუთრებით მიკროტერუარების მრავალფეროვნებაში და სისუფთავისადმი მიდრეკილებაში. მაგრამ მერკურის აზრით, ეტნა ამ პარალელს სცდება: იგი ქმნის სრულიად ახალ, ავთენტურ იდენტობას, რომელიც თავად სიცილიის მიწას ეფუძნება.

მერკური ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ელეგანტურობისკენ ეს ტენდენცია მხოლოდ ეტნათი არ შემოიფარგლება. ეს უფრო ფართო მოძრაობაა, რომელიც მთელ იტალიაში ვრცელდება და თავისთავად წარმოადგენს რეაქციას გასულ ათწლეულებში დამკვიდრებულ „მძლავრ სტილზე“.

იგივე პროცესი მიმდინარეობს Chianti Classico-ში, სადაც სანჯოვეზე უფრო მსუბუქად იკრიფება, ალკოჰოლის დონე მცირდება, მუხის გავლენა იკლებს და ხილის სურნელი უფრო მკაფიოდ იგრძნობა. ვალპოლიჩელაში მეღვინეები  უფრო დელიკატურ, მაღალმჟავიან ღვინოებს ქმნიან, ხოლო ბაროლოში სტრუქტურის ნაცვლად ნიუანსებზე და ბალანსზე კონცენტრირდებიან.

შესაძლოა, ეტნა ამ ტენდენციის წარმმართველიცაა და სიმბოლოც. ერთი მხრივ, სწორედ აქ ჩანს ყველაზე მკაფიოდ  ახალი იტალიური ელეგანტურობის არსი, თუმცა, მეორე მხრივ, სხვა რეგიონებმა უკვე დაიწყეს იმავე გზის გავლა. მაგრამ ეტნას გამორჩეულად აქცევს ის, რომ ელეგანტურობა აქ ბუნებრივად იბადება.

მერკური სვამს კითხვას: რატომ გახდა ელეგანტურობა დღევანდელი იტალიური ღვინის მთავარი მიზანი? ალბათ, ეს არის რეაქცია 1990-2000-იან წლებში პოპულარულ „სუპერ-კიუვეებზე“, ან იქნებ კლიმატის ცვლილებამ აიძულა მეღვინეები, თავიდან განსაზღვრონ სიმწიფის საზღვრები და უფრო ფრთხილად შეხედონ ალკოჰოლის დონეს. შეიძლება ეს უბრალოდ გემოვნების ცვლილებაცაა.

დღეს იტალია თითქოს ხელახლა სწავლობს საკუთარ თავს. ათწლეულების განმავლობაში იგი ცდილობდა მსოფლიო ღვინის სცენაზე ძალითა და მასშტაბით გამოეჩინა თავი, ახლა კი მერკურის აზრით, აცნობიერებს, რომ ნამდვილი ძლიერება განსხვავებულობაშია და არა დომინირებაში.

ამ გარდაქმნაში ეტნა მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის გვთავაზობს ელეგანტურობის ახალ, სრულიად სამხრეთულ და ვულკანურ ლექსიკას.  ამგვარად, ეტნა მართლაც დგას ზღურბლზე – გეოგრაფიულადაც და სიმბოლურადაც. ის არის ხიდი ძველსა და ახალ იტალიურ სტილს შორის, ადგილი, სადაც მიწის ხმამ კვლავ მოიპოვა უფლება, თავისი ენით ისაუბროს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა