
- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?
- თავიდან ღვინით უბრალოდ დავინტერესდი. ქართული ქარვისფერი ღვინო ჩემთვის სულ ოჯახური საქეიფო ღვინო იყო – ბავშვობიდან სახლში გვქონდა და სერიოზულად არ აღვიქვამდი. ერთხელ რესტორანში გავსინჯე „ქისი“, კონკრეტულად - „ბაბანეურის მეღვინეობის“ „ქისი“, რომელმაც საერთოდ სხვაგვარად დამანახა კახური ქარვისფერი ღვინო. ზუსტად მაშინ დაიწყო ჩემი დაინტერესებაც. ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩავუღრმავდი ქართულ მეღვინეობას და ამ პროცესში გამახსენდა, რომ კახეთში მაქვს უძველესი ვენახი და მიწაც, სადაც შეიძლებოდა ახალი ვენახის გაშენება. ასე დაედო საფუძველი ჩვენს მარანს.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ ვენახში გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?
- დღეს ორი ვენახი გვაქვს. ერთი ჩემი დიდი ბებიის დანატოვარია, სადაც ოთხი კახური თეთრი ვაზის ჯიშია: რქაწითელი, მწვანე კახური, ჯანაანურა (ანუ ხიხვი) და ვარდისფერი რქაწითელი. ეს ყველაფერი ერთად იკრიფება და ერთად ყენდება ქარვისფერ ღვინოდ.
რაც შეეხება ახალ ვენახს, იქ მხოლოდ საფერავია გაშენებული: დაახლოებით 30% ბუდეშურისფერი საფერავია, დანარჩენი – მრგვალმარცვალა. რომ მკითხო, რა არის ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო, სინამდვილეში –ყველაფერი. ჯიშები ისეთივე საინტერესოა, როგორც ადგილები და ტერუარები. პირადად ჩემთვის საფერავი ყველაზე დამაინტრიგებელია. შარშან მივიღეთ პირველი მოსავალი და საცდელმა ღვინომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. საფერავი, მართალია, ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაზე საინტერესო პოტენციალი ჯერ კიდევ წინ აქვს.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?
სირთულეები ტიპურია – მუშახელის ნაკლებობა, თანამედროვე ტექნიკის არქონა, უვარგისი შესაწამლი პრეპარატები და ა.შ.
- თქვენი აზრით, რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- თუ მართლა გვინდა, რომ პრემიალური, ბუტიკური სტილის ღვინოების მწარმოებლები ვიყოთ და ეს ყველაფერი ექსპორტზე გავიტანოთ, საჭიროა საერთაშორისო ცნობადობის მკვეთრი ზრდა.
ამაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ვიქირავოთ ღვინის რომელიმე ცნობილი ინფლუენსერი, რომელსაც 8000-წლიან ქართულ ისტორიაზე ვიდეოს ჩავაწერინებთ. ცნობადობა ასე არ მუშაობს.
მის მისაღწევად საჭიროა სომელიეებისა და ღვინის სფეროს პროფესიონალების სწორად განათლება, რათა ისე იცოდნენ კახეთი, საფერავი და რქაწითელი, როგორც, მაგალითად, არგენტინული მალბეკი. ამის გაკეთება მხოლოდ ღვინის აკადემიის გზით შეიძლება და სხვანაირად, უბრალოდ, არ გამოვა.
- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?
- ყველა ღვინოს ქვევრში ვაყენებთ, ველური საფუვრით და მინიმალური ჩარევით.
ქარვისფერი ღვინო 5-6 თვე ჭაჭაზე ძველდება. რაც შეეხება საფერავს, დუღილის დასრულების შემდეგ იხსნება ჭაჭიდან, მაგრამ ისევ ქვევრში რჩება და იქ აგრძელებს დავარგებას 6–12 თვის განმავლობაში.
გამოთქმა, რომ ღვინო ვენახში მზადდება, უბრალოდ პოეტური ფრაზა არ არის. ღვინის სტილი და ხასიათი, რეალურად, ვენახში წყდება, წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოებით – იქნება ეს გასხვლა, მწვანე ოპერაციები, ვენახის გამოკვება, წამლობა თუ რთვლის ზუსტი თარიღი. ეს ის დეტალებია, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს, როგორი იქნება ღვინო.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- სამომავლოდ მინდა, ახალი საფერავის ვენახიდან მივიღო ზუსტად ისეთი ღვინო, როგორიც წარმომიდგენია. ამას დრო სჭირდება – ჯერ ვენახს უნდა მიეცეს განვითარების შესაძლებლობა და მეც იმ მეთოდებამდე უნდა მივიდე, რომლებიც ამ კონკრეტულ ვენახს ყველაზე ზუსტად და პირნათლად გამოხატავს როგორც ვენახში, ისე მარანში.
რაც შეეხება დამწყებებს – ვურჩევდი, მცირე მასშტაბით დაიწყონ და ნელ-ნელა, ბუნებრივად გაიზარდონ. ჯერ ვენახი, მერე ღვინო.
თუ ვიღაც თავიდანვე გიგანტური გეგმებით მოდის და ვალებს იღებს, ეს უკვე აჩვენებს, რომ არც შიდა და არც გარე ბაზარი სწორად არ აქვს გაანალიზებული.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი