Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ჯაყელების ხაშმის საფერავის 8 ლეგენდარული ნიმუშის ჭაშნიკი „8000 მოსავალში“

ლევან სეფისკვერაძე

დაძველებული ღვინოები ყოველთვის იწვევს ღვინის გურმანების განსაკუთრებულ ინტერესს. გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ღვინო ადამიანს ჰგავს - იბადება, იზრდება, ვაჟკაცდება, ბერდება და კვდება. ამიტომაც, დაძველებულ ღვინოს როცა ხსნი და სინჯავ, უფიქრდები, რა ასაკშია ეს ღვინო და კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს. ამავე დროს, ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებულია დაძველებული ღვინოების სურნელი, გემო და ფერი, რაც დამატებით იწვევს ღვინის მოყვარულთა ინტერესს.

საფერავი არის ერთ-ერთი ყველაზე დაძველებადი ღვინო, რომელიც ათი და 20 წლის შემდეგაც შეიძლება ცოცხალი იყოს და აღგვაფრთოვანოს. ამიტომაც, „ღვინის კლუბის“ ძველი წევრებისთვის განსაკუთრებული დღე აღმოჩნდა 2026 წლის 12 მაისი, როცა ისინი კლუბის ერთ-ერთმა ვეტერანმა, ვანო სტეფანაშვილმა „8000 მოსავლის“ ვაკის ფილიალში მიიწვია „ჯაყელების ორგანული ვენახების და ღვინოების“ დაძველებული „ხაშმის საფერავების“ დეგუსტაციაზე.

ვანო სტეფანაშვილი წლების განმავლობაში ინახავდა მალხაზ ჯაყელის მიერ ნაჩუქარ „ხაშმის საფერავებს", რომელთა უმეტესობას „კავკასსერტის“ მიერ მინიჭებული აქვს ბიოღვინის სტატუსი. 2005 წლის მოსავლის "ხაშმის საფერავი" იყო პირველი, რაც ჯაყელებმა ბოთლში ჩამოასხეს. ამ და შემდეგი წლების მოსავლის ღვინოებს თაყვანისმცემლები არ დაჰკლებია. ახლა ეს ისტორია არ ეკუთვნის მხოლოდ ჯაყელებს, არამედ ქართულ მეღვინეობას და განსაკუთრებით - "ხაშმის საფერავს" - ტერუარს, რომელიც სწორედ ამ მარნის დამსახურებით გამოვიდა საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა პერიოდის ჩრდილიდან.

12 მაისს დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ჯაყეების ორგანული ვენახების და ღვინოებისმიერ 2007 წლიდან 2014 წლამდე დაყენებული ხაშმის საფერავები, რომლებიც დღეს არც საცალო და არც საბითუმო სახით აღარ იყიდება და კონკრეტულ რარიტეტებადაა შემორჩენილი სხვადასხვა კოლექციებში. ნიმუშების დიდი ნაწილი ვანო სტეფანაშვილმა დეგუსტაციაზეც თავად მოიტანა. მეორე ნაწილის შევსებაში კი ღვინის ავტორი, მალხაზ ჯაყელი დაეხმარა. შედეგად, ფაქტობრივად ყველა ის ნიმუში გაისინჯა, რაც მალხაზმა და მისმა ძმამ -  ზაზა ჯაყელმა ხაშმში საქმიანობის პერიოდში დააყენეს.

დეგუსტაციაში მონაწილეობდა მალხაზ ჯაყელიც, რომელიც თითოეულ ნიმუშის ისტორიას გვიამბობდა და გვიხსნიდა, რომელ წელს როგორი მოსავალი იყო კახეთში და კონკრეტულად სოფელ ხაშმში. ასევე შეფასდა კონკრეტული ნიმუშების ამჟამინდელი მდგომარეობაც.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ღვინო საკმაოდ ძველი იყო და ყველაზე ძველი ნიმუში (2007 წლის მოსავლის კასრში დაყენებული საფერავი) უკვე 19 წლის ასაკს აღწევდა, გასინჯული ნიმუშების საერთო ხარისხმა გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია.

ჯაყელებს 2007-2014 წლებში ჰქონდათ მცირე რაოდენობით რქაწითელი და მწვანე კახურიც, რომელსაც ბოთლებში ასხამდნენ, მაგრამ არ ყიდდნენ. მალხაზ ჯაყელი ამბობს, რომ ხაშმი თეთრი ჯიშებისთვისაც ძალიან კარგია და ეს არაერთხელ დადასტურდა.

ვანო სტეფანაშვილი: „დიდი ხანია, რაც ამ დეგუსტაციის ჩატარება მინდოდა. არ დავმალავ, ბევრჯერ მქონდა ცდუნება, ეს ღვინოები სათითაოდ გამეხსნა და ნელ-ნელა დაგველია მეგობრებთან ერთად. ერთხელ მალხაზ ხარბედიასაც გავუზიარე იდეა - ღვინის კლუბში ჯაყელების ღვინოების ერთად გასინჯვის და მახომაც გაიოცა: აბა, ამ ღვინოების მარტო დალევა როგორ შეიძლებაო! ერთი სიტყვით, ყველას გვინდოდა ამ დეგუსტაციის ჩატარება და ძალიან მწყდება გული, რომ  მახოს სიცოცხლეში ვერ მოხერხდა ამ დღის მოწყობა. არადა, სულ ვიყავი მონდომებული. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს სინანულის დეგუსტაციაც არის. ადამიანმა, ალბათ, ყველაფერი უნდა მოასწროს, რომ მერე სინანული აღარ დარჩეს“.

რაც შეეხება სადეგუსტაციო ნიმუშების მოპოვებას, ვანო სტეფანაშვილს თქმით, ყველაფერი 2011 წლის „საფერავით“ დაიწყო, რომელიც მან ახალი ღვინის ფესტივალზე შეიძინა. ორი-სამი ბოთლი წამოიღო და მალევე აღმოაჩინა, რომ არც ერთი აღარ იყო, რადგან მეგობრებს დაელიათ. მერე სხვასთან გასინჯა 2009-2010 წლის ნიმუშები და მიხვდა, რომ მალე ამ ღვინოებს ვეღარსად იშოვიდა მარტივად. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ჯაყელების ძველი „საფერავები“ უნდა შეეგროვებინა.

„რატომ მაინცდამაინც ჯაყელების საფერავი? მალხაზ ჯაყელი ჩემთვის ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, ვინც მევენახეობა-მეღვინეობის გზაზე დამეხმარა. შეიძლება ითქვას, ყველაფერზე „ტვინს ვუჭამდი“ და მისგან ვიგებდი, როგორ უნდა შემეწამლა, გამესხლა და მომევლო ვაზი. ასევე, მახომ მასწავლა უამრავი ნიუანსი და ღვინის საიდუმლოება. ღვინის სამყაროში როცა მოვედი და არაფერი ვიცოდი, პირველი ნამდვილი „საფერავი“ სწორედ ჯაყელების იყო - ღვინო, რომელმაც საფერავი სრულიად სხვა თვალით დამანახა. დღევანდელი დღის მთავარი არსი გაზიარება და აზრთა მიმოცვლაა. ბევრად სასიამოვნოა, როდესაც ღვინის შესახებ აზრებს უზიარებ იმ ხალხს, ვისაც ღვინო უყვარს. ეს ის გარემოა, სადაც ადამიანების ემოციები ერთმანეთს ავსებს და საბოლოოდ ვიგებთ, რას ვსვამთ“, - თქვა ვანო სტეფანაშვილმა ჭაშნიკის დაწყების წინ.

დეგუსტაციაზე პირველ ნიმუშად 2007 წლის მოსავლის საფერავი გაისინჯა, რომელიც მუხის კასრში იყო დავარგებული. მონაწილეთა შეფასებით, ღვინოში მუხის გავლენა იგრძნობოდა, მაგრამ ეს გავლენა ღვინის ყურძნისეულ არომატებს არ ფარავდა და პირიქით - მის კომპლექსურობას უსვამდა ხაზს. ღვინო ფერზე მუქი ლალისფერი იყო, მიუხედავად ასაკისა, ფერი ჯერ კიდევ ცოცხალი და ენერგიული ჩანდა. სურნელში გამოიკვეთა შავი ქლიავის ჩირი, ტყავის, თამბაქოსა და მსუბუქი სანელებლების ტონები. რამდენიმე მონაწილემ ღვინოში ძველი ბორდოს სტილისთვის დამახასიათებელი არომატებიც დაიჭირა.

შემდეგ ნიმუშად წარმოდგენილი იყო 2008 წლის მოსავლის „საფერავი“, რომელიც ასევე მუხის კასრში იყო დაყენებული. მონაწილეთა აზრით, ამ ღვინოში მუხა უფრო ინტეგრირებული და დამრგვალებული ჩანდა, ვიდრე 2007 წლის ნიმუშში. ღვინოს ახასიათებდა შედარებით რბილი ტანინები და უფრო ფართო, გაშლილი არომატიკა. დეგუსტაციის მონაწილეებმა ღვინოში მაყვლის, შავი ალუბლისა და მსუბუქი შოკოლადის ტონები გამოარჩიეს.

მალხაზ ჯაყელის თქმით, იმ წლებში კასრის გავლენის უკეთ შესწავლა აინტერესებდათ და სწორედ ამიტომ 2007-2008 წლებში ღვინოები მუხის კასრებში დააყენეს.

 

მესამე ნიმუშად გაისინჯა 2009 წლის მოსავლის საფერავი, რომელიც, მალხაზ ჯაყელის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე რთული წლის ღვინო იყო. დაავადებებისა და სეტყვის გამო მოსავალი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა საბოლოოდ მიღებული ღვინო დეგუსტაციის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნიმუშად იქცა. მონაწილეთა შეფასებით, ღვინო შედარებით თხელი სხეულის იყო, მაგრამ გამოირჩეოდა მაღალი მჟავიანობითა და გამორჩეული სიხალისით. ღვინოში აშკარად იგრძნობოდა წითელი კენკრის, ბროწეულის და ხმელი ბალახების ტონები.

2010 წლის მოსავლის ჯაყელების საფერავი დეგუსტაციის ერთ-ერთ ჰიტად იქცა. ღვინო უჟანგავი ფოლადის ცისტერნაში იყო დაყენებული და მონაწილეთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ ნიმუშში ჩანდა ყველაზე ნათლად ჯიშური ხასიათი. ღვინო გამოირჩეოდა ღრმა და მრავალშრიანი არომატიკით, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა მაყვლის, შავი ქლიავის და თამბაქოს ტონები.

შემდეგ ნიმუშად წარმოდგენილი იყო 2011 წლის მოსავლის საფერავი, რომელიც ასევე ცისტერნაში იყო დაყენებული. დეგუსტაციის მონაწილეთა აზრით, ეს ღვინო თავიდან შედარებით ძელგად და ტანინიანად აღიქმებოდა, მაგრამ ჰაერთან კონტაქტის შემდეგ თანდათან იხსნებოდა და უფრო კომპლექსური ხდებოდა. ღვინოში გამოიკვეთა ალუბლის, მოცვისა და მწიფე ქლიავის ტონები. დეგუსტაციაზე ასევე გაიხსენეს, რომ ამ ღვინის დიდი ნაწილი ამერიკაში გაიყიდა და მოგვიანებით მისი მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

2012 წლის მოსავლის საფერავი თვისებებით 2009 წლის ნიმუშს შეადარეს, თუმცა ჭაშნიკის მონაწილეთა ნაწილის აზრით, ეს ღვინო უფრო დახვეწილი და დაბალანსებული აღმოჩნდა. ღვინო მაღალმჟავიანი იყო, მაგრამ მჟავიანობა სრულ ჰარმონიაში მოდიოდა სხეულთან და არომატთან. სურნელში გამოიკვეთა მაყვლის, შავი მოცხარისა და მსუბუქად ხმელი ხილის ტონები. რამდენიმე მონაწილემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ ნიმუშში ჩანდა საუკეთესოდ ხაშმის ტერუარის სპეციფიკა.

2013 წლის მოსავლის საფერავი დეგუსტაციის ერთ-ერთი ყველაზე სადისკუსიო ნიმუში აღმოჩნდა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ღვინო რთული კლიმატური წლის მიუხედავად, ღვინო ამდენი წლის შემდეგაც საოცრად ენერგიული და ცოცხალი დარჩა. მასში იგრძნობოდა როგორც მწიფე წითელი ხილის ტონები, ასევე მკვეთრი მჟავიანობა და მცენარეული ნიუანსები. ღვინის კლუბის წევრის, ლევან კიტიას თქმით, ასეთ ღვინოებში ყველაზე კარგად ჩანს, როგორ შეიძლება რთულმა წელმა საინტერესო ხასიათი შექმნას. მალხაზ ჯაყელმა ვრცლად ისაუბრა იმ პერიოდის რთულ ამინდებზე, ხშირ წვიმებსა და ჭრაქთან თუ ნაცართან ბრძოლაზე. მისი თქმით, მაღალმა მჟავიანობამ საბოლოოდ ღვინოს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ბოლო ნიმუშად გაისინჯა 2014 წლის მოსავლის საფერავი - ბოლო ღვინო, რომელიც მალხაზ ჯაყელმა ხაშმში დააყენა. მონაწილეთა შეფასებით, ასაკის მიუხედავად, ღვინო გამორჩეულად ცოცხალი და ენერგიული იყო. სურნელში იგრძნობოდა წითელი ხილის და ტყავის ტონები. დეგუსტაციის მონაწილეები განსაკუთრებით გააოცა იმ ფაქტმა, რომ ღვინო პრაქტიკულად უგოგირდოდ იყო შენახული და ამდენი წლის შემდეგაც ფორმას ინარჩუნებდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა