Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ეგეოსის სანაპიროდან ჰეტეროკლიტოს ღვინის ბარამდე

თამარ მღებრიშვილი

თეთრია ათენი და ამ სითეთრეში იმდენი სიჭრელეა, თავბრუს დაგახვევს. ამ ქალაქში ყველა ქუჩას თავის ხმა და სურნელი აქვს, თავისი ამბავი. ხშირად ათენი, განსაკუთრებით - ტურისტებისთვის, აკროპოლისით იწყება და მთავრდება, მერე - თუკი ანტიკური საბერძნეთის შესახებაც იციან - აკროპოლისს დაემატება არქეოლოგიური მუზეუმი, ათენის უძველესი აგორა, იქვე, პოლიღლოტუს ქუჩაზე მდებარე რომაული აგორა, ბიზანტიური ეკლესია და ა.შ.

ბოლო ხუთი წელია, ყოველ ზაფხულს, ათენში მივდივარ და ყოველ წელს სხვანაირია. პოსეიდონის ტაძრიდან მზის ჩასვლაც კი არასდროს ჰგავს ერთმანეთს. მოგზაურობაში თუ ოდისევსი ვერ იქნები და პოსეიდონის რისხვა ათას თავგადასავალს არ დაგატეხს თავზე, შენი პატარა თავგადასავლების შექმნას მაინც უნდა ეცადო.  აქ კი ოდისევსი და ოდისეა შემთხვევით არ მიხსენებია.

ჰომეროსი და ღვინო

ჰომეროსის ეპოსებში, განსაკუთრებით კი „ოდისეაში“, ღვინო წარმოადგენს მრავალშრიან კულტურულ და სიმბოლურ კატეგორიას, რომელიც ასახავს ბერძნული ცივილიზაციის მენტალურ და ეთიკურ სტრუქტურებს. აქ ღვინო განისაზღვრება როგორც მედიუმი, რომელიც აკავშირებს ადამიანურ და ღვთაებრივ განზომილებებს, სოციალურ პრაქტიკას და კულტურულ მეხსიერებას.

ჰომეროსის სამყაროსთვის ღვინო  ცივილიზაციის ნიშანია. იგი განსაზღვრავს საზღვარს კულტურულად მოწესრიგებულ საზოგადოებასა და ველურ, ბარბაროსულ სივრცეს შორის. ამ თვალსაზრისით, ოდისევსისა და პოლიფემოსის შეხვედრა (ოდისეა IX, 196–399) ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.  ღვინო პოლიფემოსის წინააღმდეგ ძლიერი იარაღი ხდება ოდისევსის ხელში. ეს სწორედ გონიერების იარაღია ველურობის წინააღმდეგ. მონსტრის სიმთვრალე არ არის მხოლოდ ნარატიული ხრიკი, არამედ კულტურული მეტაფორაა: ცივილიზებულმა სუბიექტმა (ოდისევსმა) იცის ზომიერების პრინციპი (Σωφροσύνη), მაშინ, როცა ბარბაროსი ვერ ახერხებს მისი ძალის მოთვინიერებას. შედეგად, ღვინო აქ წარმოჩინდება როგორც „საზომი“, რომელიც განსაზღვრავს ელინურ იდენტობას.

მეორე მხრივ, ღვინო „ოდისეაში“ არის სტუმართმოყვარეობისა და სოციალური წესრიგის ელემენტი. ფეაკებთან ოდისევსის მიღება იწყება ღვინით, რაც მიანიშნებს, რომ გმირი კვლავ უბრუნდება ცივილიზებულ გარემოს. ბერძნულ კულტურაში ღვინის გამოტანა, როგორც სიმბოლური ჟესტი, წარმოადგენს ურთიერთობის, აღიარებისა და მშვიდობის დამყარების ფორმას. ჰომეროსის სამყაროში ეს აქტები არა მხოლოდ სოციალური ეთიკის გამოხატულებაა, არამედ რიტუალური მოქმედება, რომელიც ადამიანურ სივრცეს აზრისა და მნიშვნელობის განზომილებით ავსებს.

გარდა ამისა, ღვინო „ოდისეაში“ უკავშირდება მეხსიერებისა და ნოსტალგიის თემებს. მოგზაურობისას ოდისევსისთვის ღვინო ხშირად ხდება სამშობლოსთან დაკავშირების ინსტრუმენტი — იგი ახსენებს გმირს იმ კულტურულ წესრიგს, საიდანაც დროებით მოწყვეტილია. ამგვარად, ღვინო განიმარტება როგორც აქტიური გახსენება, როგორც ცივილიზაციური მუდმივობის განცდის აღდგენა. ამ კონტექსტში, ღვინო შეიძლება ჩაითვალოს მეხსიერების მატერიალიზებულ ფორმად, რომელიც აერთიანებს გმირის პირად და კოლექტიურ გამოცდილებებს.

ჰომეროსთან ღვინოს თეოლოგიური განზომილებაც აქვს. ღმერთები ხშირად იღებენ მსხვერპლს ღვინის (ზედაშე) სახით, რაც ხაზს უსვამს მის საკრალურ მნიშვნელობას. ღვინო აქ უკვე ხდება დამაკავშირებელი რგოლი ადამიანსა და ღვთაებრივ წესრიგის შორის. შედეგად, ის იქცევა უნივერსალურ სიმბოლოდ, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ, ეთიკურ და მეტაფიზიკურ დონეებს.

შესაბამისად, „ოდისეაში“ ღვინო  კულტურული არტეფაქტია, რომელიც ერთდროულად მატერიალური და სემანტიკური მნიშვნელობებითაა დატვირთული. იგი გამოხატავს ელინური ცნობიერების ძირითად პრინციპებს — ზომიერებას, გონიერებასა და სოციალური წესრიგის პატივისცემას. ჰომეროსის მიერ ჩამოყალიბებული ღვინის სიმბოლიზმი შემდგომი ბერძნული და რომაული ლიტერატურისთვის იქცევა მოდელურ სახედ, სადაც ღვინო კულტურული მეხსიერების უნივერსალური მეტაფორაა.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიკურ ლიტერატურაში ღვინის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ბევრიც  წამიკითხავს და დამიწერია, ხელშესახები გამოცდილება მაინც ერთი-ორად უფრო მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, წლევანდელი მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი ბერძნული ღვინის გასინჯვა-დაგემოვნება იყო.

ტექსტი კი ათენზე საუბრით დავიწყე, თუმცა ათენი ამ მოგზაურობის ბოლო სადგური აღმოჩნდა. მოგზაურობა ქალაქ ნავპლიოდან იწყება.

ნავპლიო და ტოლო

საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში, პელოპონესის არგოლიდის ყურეში, მდებარეობს ნავპლიო — ქალაქი, რომელსაც ბერძნული სახელმწიფოს ისტორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში იგი იქცა თავისუფალი საბერძნეთის პირველ დედაქალაქად, თუმცა მისი კულტურული ფესვები გაცილებით უფრო ძველია: ნავპლიოს სივრცე დაკავშირებულია როგორც მითოლოგიურ, ისე არქაული პერიოდის მემკვიდრეობასთან. ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა — სტრატეგიული პორტი და ბუნებრივი თავშესაფარი არგოლიდის ყურეში — განაპირობებდა მის ეკონომიკურ და კულტურულ დინამიკას, რაც განსაკუთრებით აისახა ადგილობრივ მეღვინეობაზე.

ნავპლიოს გარშემო მდებარე არგოლიდის ბორცვები უძველესი დროიდან იყო ვაზის კულტივაციის სივრცე. არქეოლოგიური მონაცემებით, ახლომდებარე მიკენესა და ტირინსში აღმოჩენილი ჭურჭელი ადასტურებს, რომ ღვინო აქ არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ რიტუალურ მნიშვნელობას ატარებდა.

თანამედროვე ეპოქაში ნავპლიოს რეგიონი დაკავშირებულია ვაზის ჯიშთან Αγιωργίτικο (აღიორღიტიკო) — წითელ ღვინოსთან, რომელსაც ახასიათებს რბილი სტრუქტურა, მდიდარი ტანინები და შავი ხილის ინტენსიური არომატი.

ნავპლიოს სამხრეთით, დაახლოებით ათ კილომეტრში, მდებარეობს ზღვისპირა დასახლება ტოლო, რომლის კულტურული იდენტობა მეტად მჭიდროდ უკავშირდება არგოლიდის სანაპირო ეკოსისტემას. ტოლოს გარშემო არსებული თხელი ნიადაგი და მარილიანი ჰავა ქმნის გარემოს, რომელიც განსაკუთრებით ხელსაყრელია მსუბუქი თეთრი ღვინოების წარმოებისთვის. აქ მნიშვნელოვანი ვაზის ჯიშებია Μοσχοφίλερο (მოსხოფილერო) და Ροδίτης (როდიტისი). ამ ჯიშების ყურძნისგან იბადება ღვინოები, რომლებიც ხასიათდებიან არომატული სისუფთავით, მსუბუქი მჟავიანობითა და მინერალური ტონებით. მათში იგრძნობა ზღვის გავლენა,  ე.წ. θαλασσινή επίγευση („ზღვისშემდგომი გემო“), რაც ღვინოს უნიკალურ იდენტობას ანიჭებს.

ენოლოგიური თვალსაზრისით, ტოლოს ღვინოები ასახავს ბერძნული მეღვინეობის იმ მიმართულებას, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ ტერუარსა და კლიმატურ თავისებურებებს. საინტერესოა, რომ აქ არსებულ რესტორნებში, უმეტესად საკუთარი ღვინოები აქვთ, რომლებსაც თავიანთი ვენახებიდან მოწეული ყურძნისგან აყენებენ. რთულად თუ შეხვდებით მენიუში სხვა, იმპორტირებულ ღვინოებს და თანაც, ამ ფაქტს, ადგილობრივი ბერძნები დიდი სიამაყით გაგაცნობენ.

„ჰეტეროკლიტოს“ ღვინოები

ნავპლიოსა და ტოლოს შემდეგ კვლავ ათენში ვბრუნდებით.

ღვინის ბარი „ჰეტეროკლიტო“, რომელსაც ვესტუმრე, ათენის ისტორიულ ცენტრში, პეტრაკისა და ფოკინოსის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს.

როგორც მითხრეს, „ჰეტეროკლიტო“ 2012 წელს შეიქმნა იმ სურვილით, რომ მარტივად და თანაც ავთენტურობით წარმოეჩინა ბერძნული ვაზის ადგილობრივი ჯიშები და ქვეყნის მრავალფეროვანი სიმდიდრე.

მალევე მოიპოვა აღიარება საერთაშორისო ღვინის ჟურნალებსა და გავლენიან ენოლოგებს შორის, განსაკუთრებით ამერიკისა და კანადის წარმომადგენელთა მხრიდან, რის შედეგადაც დღეს ათენის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღვინის ბარად ითვლება. ჰეტეროკლიტოს მენიუში შეხვდებით 200-ზე მეტ ბერძნულ ეტიკეტს. აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ღვინოებს, რომლებიც დამზადებულია ბუნებრივი მეთოდებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ბარი ნატურალური ღვინოების მოყვარულებს მოეწონებათ. აღსანიშნავია, რომ ყოველი თვის პირველ დღეს მენიუ იცვლება. ძალიან სიმბოლური გადაწყვეტილებაა ბარის მხრიდან, რადგან  ბერძნები თვის პირველ რიცხვსაც სიმბოლურად უყურებენ. მაგალითად, თუ ამ დროს საბერძნეთში ხართ, ყველა ბერძენი გამარჯობის (Γεια σας) ნაცვლად, ამგვარად მოგესალმებათ „კარგ თვეს გისურვებთ“ (Καλό μήνα), რაც უპირველესად ჯანმრთელობასა და ბედნიერებას მოიაზრებს. როგორც არ უნდა იყოს, ყოველთვიურად მენიუს ცვლილება სტუმარს საშუალებას აძლევს მუდმივად აღმოაჩინოს ახალი არომატები და ბერძნული ტერუარის მრავალფეროვნება.

ღვინო, რომელიც ამ ბარში გავსინჯე - PAROS AMPHORA 2023 (პაროსის ამფორა, მონემვასია) იყო. ღვინო კუნძულ პაროსიდან, მორაიტისის მეღვინეობიდან. კიკლადური ცივილიზაციის დროიდან (ძვ.წ III ათასწლეული) დღემდე, მევენახეობა და ღვინის წარმოება მჭიდრო კავშირშია კუნძულ პაროსთან. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამ ათასწლოვან ტრადიციას საფრთხე შეუქმნა უკონტროლო მშენებლობამ და ტურისტულმა ექსპლუატაციამ. ვაზის ჯიშებს შორის ამ კუნძულზე პირველობას მონემვასია ინარჩუნებს. განსაკუთრებით საინტერესოა თეოდორ მორაიტისის ვენახის ეს ღვინო, რომელიც 6 თვის განმავლობაში თიხის ამფორებში ჭაჭასთან ერთად ყოვნდება. ამ ღვინოში იგრძნობა მწიფე კენკროვანი ხილის უხვი არომატი, მიწის ნოტები და მარილიანობის ელემენტებიც. როგორც ღვინის ბარის წარმომადგენლებმა მითხრეს, ის ეგეოსის ზღვის ნიავივით გაგიტაცებთ.

საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ღვინოსთან მისაყოლებელ ხემსად მომიტანეს თხის ყველის სამი სახეობა, რომელთა შორის განსხვავება ცხიმიანობაში შეიმჩნეოდა, ასევე - შავი და ჭვავის პური, გამომშრალი პომიდორი და ფორთოხალი. ცხადია, ყველაფერი უგემრიელესი იყო.

ამ თავშექცევის შემდეგ ჩემი პოზიციაც გამოვიყენე და ბარის წარმომადგენლებს რამდენიმე შეკითხვაც დავუსვი. ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან დაინტერესდნენ საქართველოს „ღვინის კლუბით“. თავად ბარის მფლობელიც გამეცნო და ჩვენი ვებ-გვერდიც მოინიშნეს.

ვინაიდან ტურისტულ არეალში ვიყავი, შეკითხვებიც აქედან დაიბადა. როგორც მითხრეს, ტურისტები არ იცნობენ ბერძნული ვაზის ჯიშებს. მათთვის შედარებით ცნობილია ასირტიკო და ხშირად რჩევებს თავად ბარის თანამშრომლებს ეკითხებიან. მათ უმეტესად მსუბუქი რედექსის ღვინოები ხიბლავთ. რა თქმა უნდა, ამ ბარში ტურისტებს „მოსხოფილეროს“ დაგემოვნებაც შეუძლიათ და თუკი სტუმრებს შორის ნამდვილი ღვინის მოყვარულები ან ენთუზიასტები აღმოჩნდებიან, არჩევანსაც „მოსხოფილეროზე“ აკეთებენ.  კითხვაზე, თუ როგორ იცვლება ბერძნული ღვინის ინდუსტრია, მიპასუხეს, რომ ბოლო წლებში მათ დიდი ნახტომები გააკეთეს. როგორც მცირე მეწარმეებმა, ასევე ღვინის კომპანიებმა ფრთხილად და დაკვირვებით იმუშავეს. შესაბამისად, ღვინის ხარისხი გაუმჯობესებულია და ამ ბოლო 17 წლის მანძილზე, ბერძნული ღვინო მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში თავის პოზიციებს ინარჩუნებს.

ჩემი ოდისეა ეგეოსის ზღვის ნიავით დაიწყო და „ჰეტეროკლიტოს“ ღვინის არომატით დასრულდა. ნავპლიოს ციხიდან  ტოლოს მზიან სანაპირომდე, ათენის ხმაურიანი ქუჩებიდან „ჰეტეროკლიტოს“ ბოთლებამდე, ბერძნული ღვინო გვასწავლის, რომ ავთენტურობა სიზუსტეში კი არა, სიმარტივეშია. ამ წერილს კი ლუდვიგ ვიტგენშტაინის სიტყვებით დავასრულებ, რომელიც ჰეტეროკლიტოში შესვლისას წავიკითხე - „ჩვენ გვძინავს. ჩვენი ცხოვრება სიზმარია. მაგრამ ხანდახან მხოლოდ იმისთვის ვიღვიძებთ, რომ გავაცნობიეროთ, რა გვესიზმრება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა