
– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
– ჩვენი მარანი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ ბალღოჯიანში.
მარანი მამა-პაპისეულია, დაახლოებით 80 წელია რაც არსებოს, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა წინაპრების მიერ დაწყებული საქმიანობა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– ამჟამად გაშენებული გვაქვს საფერავის და რქაწითელის ჯიშები. სამომავლოდ კი ვგეგმავთ ქისის და კახური მწვანეს გაშენებას.
– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
– ვაწარმოებთ ქვევრის რქაწითელს, რომელიც დაყენებულია კახური ტრადიციული მეთოდით და საფერავს - ნაწილს ქვევრში, ნაწილს კი კლასიკური მეთოდით.
ჩვენი ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული არომატებით და საგემოვნო თვისებებით, რაც გამოწვეულია ვენახის ადგილმდებარეობითა და კლიმატური პირობებით.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
– მაღაზიებთან ურთიერთობა 2017 წელს დავიწყეთ. ეს მაღაზიებია: "8000 მოსავალი", "ღვინის გალერეა", "ღვინის სამშობლო", "პაპა ჰემინგუეი" და სხვა.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
– ჩვენი ღვინო ჯერ-ჯერობით უცხოეთის ბაზარზე არ გადის, თუმცა სამომავლოდ რა თქმა უნდა, ამასაც ვგეგმავთ.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
– ისევე როგორც ყველა საქმეს, ღვინის წარმოებასაც ახლავს გარკვეული სირთულეები, თუმცა ამ სირთულეების გადალახვაში საქმის სიყვარული და ჩემი ოჯახი მეხმარება.
– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ჩემი აზრით საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რათა მცირე მარნებმა უკეთ შეძლონ პროდუქტის წარმოება და რეალიზება.
– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
– დამწყებ მევენახეებს ვურჩევდი არ შეუშინდნენ სირთულეებს, იყვნენ შრომისმოყვარენი და უყვარდეთ თავიანთი საქმე.
მარნის დასახელება: "ასადელი"
მარნის მისამართი: ყვარლის რაიონი, სოფ. ბალღოჯიანი.
ტელეფონი: +995 598267071
ელფოსტა: asadeliwine@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: ასადელი • Asadeli
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი






თქვენი კომენტარი