
ხვალ, 29 ნოემბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ცქრიალა ღვინის IV ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი.
ტრადიციულად, ცქრიალა ღვინის ფესტივალი მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 29 მარანი და 3 ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანია. მეღვინეები ყველა სტილის ცქრიალა ღვინოს წარმოადგენენ, მათ შორის: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ქართულ ცქრიალა ღვინოებთან ერთად, სტუმრები უცხოური ღვინოების დაგემოვნებასაც შეძლებენ.
ცქრიალა ღვინის IV ფესტივალს ახალი მარნებიც შემოუერთდნენ, Vinoge.com სწორედ რამდენიმე მათგანს ესაუბრა ფესტივალის მოლოდინებსა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით:
Rebel Dragon — გიორგი გიორგობიანი: „ცქრიალა ღვინის მეოთხე ფესტივალთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები გვაქვს და ეს მოლოდინები, საკმაოდ პოზიტიურია, ველოდებით სტუმართა დიდ ნაკადს. უპირველესად, ამ ფესტივალში მონაწილეობით გვსურს „რებელ დრაგონის“ ცნობადობის გაზრდა და გამოცდილების შეძენა. ფესტივალზე წარმოვადგენთ პეტ-ნატების 5 სახეობას: მწვანე, როზე, ციცქა, ხიხვი-ქისი და ციცქა-მწვანე“.
„ღვინის კლასი“ — შალვა ბატიაშვილი: „ფესტივალი ჩვენთვის, როგორც სტარტაპისთვის, უპირველესად იმის საშუალებაა, რომ ჩვენი თავი საზოგადოებას გავაცნოთ. ამასთან, შესაძლებლობა გეძლევა საკუთარი თავიც შეაფასო, თუ სად ხარ და წინ რა გამოწვევები გაქვს. ანალოგიურად, მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის იმიჯისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ასე ჩანს, რომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ღვინის სექტორს. ვინაიდან, ფესტივალში პირველად ვმონაწილეობთ, მოლოდინიც აღმატებული გვაქვს და ველით უკუკავშირს. ვიმედოვნებთ, რომ მოსული სტუმრები ჩვენით დაინტერესდებიან. ფესტივალზე წარმოდგენილი გვექნება შემდეგი ღვინოები: ქისის პეტნატი, ქისის სადესერტო, ქინძმარაული, წინანდალი, კახური, როზე ნახევრადმშრალი, თეთრი ნახევრადტკბილი, წითელი ნახევრადტკბილი.“
„ვარგა სპირიტს“ — ლაშა არველაძე: „ჩვენი კომპანია „ვარგა სპირიტს“ არის ევროპული წარმოების ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორ-დისტრიბუტორი საქართველოში. ამ ფესტივალზე დასწრებით, ვიმედოვნებთ ჩვენთან წარმოდგენილი ცქრიალა ღვინის პოზიციების ცნობადობის გაზრდას ქართულ ბაზარზე. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ფესტივალები ხელს უწყობს ზოგადად ღვინის ინდუსტრიის განვითარება-პოპულარიზაციას საქართველოში. ფესტივალზე წარმოდგენილი გვექნება შემდეგი ღვინოები: Cava Conde de Haro 2021 (ესპანეთი/მწარმოებელი: Muga), Cava Conde de Haro Rose 2021 (ესპანეთი/მწარმოებელი: Muga), Prosecco fili extra dry (იტალია/მწარმოებელი: Sacchetto), Prosecco Superiore DOCG (იტალია/მწარმოებელი: Sacchetto ), Mille Bolle Spumante Rose Bru (იტალია/მწარმოებელი: Sacchetto).“
ცქრიალა ღვინის IV ფესტივალი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში ცქრიალა ღვინის წარმოება მზარდი და პერსპექტიული სფეროა. ყოველწლიურად ჩნდება ახალი მარნების სახელები, რაც მიანიშნებს, რომ ცქრიალა ღვინის კატეგორია აქტიურად ვითარდება და მეტი ადამიანისთვის ხდება ინტერესის საგანი. აღნიშნული ფესტივალი მონაწილეებისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა თავიანთი ღვინოები ფართო საზოგადოებას გააცნონ, ობიექტურად შეაფასონ საკუთარი პროგრესი და მომხმარებლისგან მიიღონ მნიშვნელოვანი უკუკავშირი. ღონისძიება ხელს უწყობს როგორც ცქრიალა ღვინის კულტურის პოპულარიზაციას, ისე ინდუსტრიის შიგნით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გაღრმავებას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი