
ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ 6 დეკემბერს კვლავ წყალტუბოში, სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტში“ გაიმართება. ღონისძიება, რომელიც უკვე მეორე წელია ოფიციალურად სოლიკო ცაიშვილის სახელობისაა, 12:00–18:00 საათის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. ფესტივალზე 80-ზე მეტი მარანი და 300-ზე მეტი ბუნებრივი ღვინო იქნება წარმოდგენილი.
„ამერიმერი“ 2017 წელს პირველად ჩატარდა და მისი სახელწოდება ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, სოლიკო ცაიშვილს ეკუთვნის. მისი სურვილი იყო, ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამართულიყო და ხელი შეეწყო ქვეყნის ღვინის რეგიონების პოპულარიზაციისთვის. მიუხედავად ამისა, დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ პირველი ფესტივალი ქუთაისში გაიმართა, რის გამოც ღონისძიება ჯერჯერობით კვლავ იმერეთში ტარდება. აღსანიშნავია, ფესტივალი მხოლოდ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრ მარნებს აერთიანებს.
„ამერიმერი“ ყოველწლიურად იზიდავს არა მხოლოდ ღვინის მოყვარულებს, არამედ ექსპორტიორებს, რესტორატორებს, ღვინის ჟურნალისტებსა და საერთაშორისო ექსპერტებს. ფესტივალი ადგილობრივ მეღვინეებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ღვინოები უფრო ფართო აუდიტორიას წარუდგინონ და ხელი შეუწყონ ქართული ბუნებრივი ღვინის ექსპორტის ზრდასა და ცნობადობას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი