
თამარ მღებრიშვილი
ერთ-ერთი პირველი სტატია, რომელიც „ღვინის კლუბის“ ინტერნეტგამოცემისთვის - vinoge.com-ისთვის დავწერე, ძველ სააღდგომო ტრადიციებს შეეხებოდა. ზუსტად ერთი წელი გავიდა ამ სტატიის დაწერიდან. მალხაზ ხარბედიამ ეს ტექსტი რომ წაიკითხა, აღდგომის ღამეს დამირეკა - მოეწონა, შემაგულიანა კიდეც, როგორც სჩვეოდა და საუბრის დასასრულს მკითხა - „შენა და, რწმენასთან როგორ ხარ?“ მანამდე არაერთ ადამიანთან მისაუბრია ამ თემაზე, ისეთი სიღრმეებითაც, ღვითსმეტყველებსაც რომ გადავწვდებოდით ხოლმე, მაგრამ ასე პირდაპირ და უცნაურად, ეს კითხვა არავის დაუსვამს. მე რაც ვუპასუხე და მახოსგან რაც მოვისმინე, ეგ ამ წერილის თემა არ არის, მაგრამ მაშინ აღდგომასთან დაკავშირებით ღვინის სიმბოლურ მნიშვნელობაზეც მესაუბრა, აი, ეს კი ამ სტატიის თემა ნამდვილადაა.
მოკლედ, წელიწადი შემობრუნდა და როგორც დოსტოევსკი წერს - „აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა... რა საამური წუთია!“
საქართველოში აღდგომას ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ და აღნიშნავენ ახლაც, იგი ერთდროულად ეკლესიური და ხალხური დღესასწაულია, რომელსაც წინ დიდმარხვის პერიოდი უძღვის, რაც საბოლოოდ აღდგომის სიხარულით სრულდება. სწორედ ამ დღეს, ღამის ლიტურგიაზე ისმის შეძახილი — „ქრისტე აღსდგა!“ — რაც მთელ ქვეყანაში გადამდები ემოციებითა და სიხარულით ვრცელდება.
აღდგომის სუფრაც ამ სიხარულის გაგრძელებაა. იგი სიმბოლოებითაა დატვირთული: წითლად შეღებილი კვერცხები, როგორც სიცოცხლისა და აღდგომის ნიშანი; პასკა — ტკბილი პური, გოლგოთას სიმბოლო, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს ქრისტე... და წითელი ღვინო, რომელიც ქრისტეს სისხლთანაა დაკავშირებული.
ვაზისა და ღვინის სულიერ-მატერიალური ღირებულებები ყველაზე უკეთ ქრისტიანობამ გაითავისა. იოანეს სახარებაში უკვე ღვთიური გენეალოგიისა და ადამიანის წმინდა კავშირი ფიქსირდება: „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა“ . ვენახი სიმბოლურად წმ. მარიამ ღვთისმშობელს, წითელი ღვინო კი ქრისტეს სისხლს განასახიერებს.
ცნობილია, რომ საქართველოში ტრადიციულად საეკლესიო რიტუალებზე (ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებული და სხვა საეკლესიო-რელიგიური დღესასწაულები), ძირითადად, წითელი ღვინო გამოიყენებოდა. ამიტომ ოჯახში წითელი ღვინის ხარჯი დიდი იყო და ღვინის დაყენების ახალი მეთოდი და შინაასრობრივად დატვირთული პრაქტიკაც გაჩნდა — თეთრი ღვინის „გაწითლება“ ანუ შეფერვა. ეს ტრადიცია ვაზის ჯიშების სახელწოდებებშიც კი აისახა. მაგალითად, იმერეთის ცნობილი ვაზის ჯიშის — ოცხანური საფერეს წითელი ყურძენი, უმეტესწილად სწორედ ცოლიკოურის, ციცქას და სხვა თეთრი ყურძნისგან დაყენებული ღვინის შესაფერად გამოიყენებოდა. ღვინის შეფერვის ტრადიციას უკავშირებენ კახეთის სახელგანთქმული ვაზის ჯიშის — საფერავის სახელწოდებასაც.
თეთრი ყურძნის წვენის წითელ ღვინოდ დაყენებას მაშინ მიმართავდნენ, როცა ოჯახს წითელი ჯიშის ვაზი საკმარისი რაოდენობით არ ედგა და წითელი ღვინო ესაჭიროებოდათ. ღვინის დაყენების ამ წესს ჰერეთში „ხოხბის ყელისფერი ღვინის დაყენებას“ უწოდებენ.
თეთრი წვენის წითელ ღვინოდ დაყენების დროს, ძირითადად, საფერავის ჯიშის ყურძნის ჭაჭას იყენებდნენ. ძველი მეღვინე-მკვლევარი ლ. ჯორჯაძე წერს, რომ „ერთ საპალნე წვენზე სამი გოდორი ჭაჭა საკმარისიაო“. ჭაჭისგან საღებავი ნივთიერებების წვენში უფრო მეტი რაოდენობის გამოსაწვლილად, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, სპეციალური სამარჯვებით ქვევრში ჭაჭის დაქუცმაცებასაც კი მიმართავდნენ.
ისეთი პრაქტიკაც არსებობდა, როდესაც თეთრ ღვინოს ფერს უცვლიდნენ, უმეტესად მასში მცირე რაოდენობით წითელი ღვინის დამატებით. ხშირად საკმარისი იყო სულ მცირე რაოდენობა — რამდენიმე წვეთი ან ერთი ჭიქა, რათა მთელ სითხეს მიეღო მოწითალო ელფერი. ამ პრაქტიკის არსი მხოლოდ ტექნიკურ ქმედებაში არ მდგომარეობდა. მისი მთავარი მიზანი იყო, რომ სააღდგომო სუფრაზე წითელი ღვინო ჰქონოდათ.
საუკუნეების განმავლობაში ქართული სუფრის კერძები და ღვინო ერთმანეთთან განუყოფლად ვითარდებოდა. საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ათი განსხვავებული მხარეა და ეს განსხვავებები სუფრაზეც და ღვინის დაყენების ტრადიციებზეც არის ასახული. მაგალითად, შებოლილი რაჭული ლორი საუკეთესოდ ეხამება ალექსანდრეულის და მუჯურეთულის წითელ ღვინოს. კახეთში წალამზე შემწვარი მწვადი, პირველ რიგში, საფერავს და ქვევრის ტანინიან თეთრ ღვინოებს უხდება. ასეთივე იდილიაა სააღდგომო სუფრაზეც საქართველოს კუთხეებში.
სააღდგომო სუფრაზე, რომელ კერძს რომელი ღვინო უნდა შევუხამოთ, ამ თემაზე სომელიე კატო შალვაშვილის რეკომენდაციებს გაგიზიარებთ:
„სააღდგომო სუფრა ძალიან მრავალფეროვანია. შესაბამისად, საშუალება გვაქვს კერძებს განსხვავებული ტექნოლოგიისა და ტიპის ღვინოები შევუხამოთ.
ჩაქაფული მწვანილებით სავსე კერძია და ასევე მაღალმჟავიანი, ხორციანი. ამიტომ მაღალმჟავიანი ქვევრის ქარვისფერი ღვინო, ვფიქრობ, მოუხდება. ხორცთან ქვევრის ტანინები და მაღალი სიმჟავე ჩაქაფულის ჰერბალურ არომატებთან ერთად კარგი შერწყმაა.
იმერული მსუბუქი ქვევრის ღვინოები, ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტია პასკასთან, რომელსაც ასევე კარგად შეეხამება შემაგრებული სადესერტო, ტკბილი ღვინო მაღალი ალკოჰოლით, თეთრი ყურძნისგან დაყენებული, რომელიც ჩირების, თხილეულის და მწიფე ხილის არომატებით იქნება მდიდარი, ასევე — ნახევრადმშრალი ღვინო, რომელშიც კარგად არის გამოხატული სიმჟავისა და სიტკბოს ბალანსი საინტერესო იქნება. თუმცა, პასკას არა მხოლოდ თეთრი, ასევე მსუბუქი წითელი ღვინოებიც კარგად შეეხამება - ცოცხალი გემოებით, დაბალი ტანინებით და დაბალი სხეულით“.
ბოლოს კი, როგორც გალაკტიონის ერთ ლექსშია, ჩვენ დაველოდოთ გაღვიძებას, ახალ შეხვედრას, მომავალ აღდგომას!
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი