
ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა კრის მერსერის სტატია ევროპის ქვეყნებში ღვინის ფასებთან და შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
დიდ ბრიტანეთში მთავრობის განცხადებით, შესაძლებელია ღვინის ფასი კიდევ გაიზარდოს, უახლესი ბიუჯეტით დადასტურდა, რომ ალკოჰოლზე აქციზი ინფლაციის შესაბამისად მოიმატებს. ამ გადაწყვეტილებას ინდუსტრიის წარმომადგენლები მწვავედ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მომხმარებლებისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი შეიქმნება. პარალელურად, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი ღვინის შესაძენად უკვე ერთ-ერთ ძვირ ქვეყანად ითვლება.
ბიუჯეტის გამოცხადებისას, რომელიც 26 ნოემბერს შედგა, მთავრობამ დაადასტურა, რომ ალკოჰოლზე დაწესებული აქციზი ინფლაციის დონეს მიჰყვება, მიუხედავად ვაჭრობის სექტორის გაფრთხილებისა, რომ ეს ნაბიჯი ფასების შემდგომ ზრდას გამოიწვევს. Wine & Spirit Trade Association-ის (WSTA) ხელმძღვანელმა, მაილს ბილმა, აღნიშნა, რომ მსგავსი პოლიტიკა ეკონომიკურად მოკლევადიანია და მხოლოდ ამძაფრებს ფინანსურ პრობლემებს როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
ინდუსტრიის გათვლით, საცალო ფასების ინფლაციის (RPI) 3.66%-იანი მაჩვენებლის პირობებში, 13.5%-იანი ალკოჰოლის შემცველობის £8.50-იანი ღვინის ბოთლი შესაძლოა £8.63-მდე გაძვირდეს, როდესაც ახალი აქციზური განაკვეთები 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება. აღნიშნული პროგნოზი ეფუძნება ვარაუდს, რომ გადასახადის სრული ზრდა საბოლოო ფასში აისახება და მას დამატებული ღირებულების გადასახადიც (VAT) დაემატება.
WSTA-ს შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების შედეგად — მათ შორის აქციზის ზრდა, შეფუთვის ნარჩენებზე ახალი გადასახადი და VAT — ღვინისა და სპირტიანი სასმელების ფასი ერთ წელიწადში თითქმის ერთი ფუნტით მოიმატებს თითო ბოთლზე. მიუხედავად იმისა, რომ საცალო მოვაჭრეებმა შესაძლოა სცადონ ხარჯების ნაწილობრივ საკუთარ თავზე აღება, დიდი ბრიტანეთი მაინც ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქვეყნად ითვლება ევროპაში.
ევროპაში ღვინის ფასების შედარებისას თვალსაჩინო განსხვავებები იკვეთება. ტურისტული კომპანიის Into The Vineyard-ის მიერ შედგენილი Pour Index, რომელიც Numbeo-ს მონაცემებს ეყრდნობა, აჩვენებს, რომ ფასები მნიშვნელოვნად მერყეობს ქვეყნებს შორის.

რეიტინგის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი მეშვიდე ადგილზეა, სადაც საშუალო ხარისხის ღვინის ბოთლის ფასი დაახლოებით £8-ია. ყველაზე ძვირ ქვეყნად ისლანდია დასახელდა — აქ მსგავსი კატეგორიის ღვინის ფასი £18.41-ს აღწევს, რაც ევროპულ საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. მას მოსდევს ნორვეგია, შვეიცარია, ფინეთი და ირლანდია, სადაც ღვინის ფასი ასევე შედარებით მაღალია.
მეორე მხრივ, სამხრეთ ევროპის ქვეყნები გაცილებით ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ესპანეთსა და პორტუგალიაში ღვინის ბოთლი დაახლოებით £4.35–£4.36 ღირს, ხოლო საფრანგეთში ფასი საშუალო დონეზეა და £6.10-ს შეადგენს.
ღვინის ღირებულებაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს: წარმოების მოცულობა, ხარჯები, ღვინის ხელმისაწვდომობა, მეღვინეების ცნობადობა, ასევე მაკროეკონომიკური პირობები — ვალუტის კურსები, ტარიფები, აქციზები და დამატებული ღირებულების გადასახადი.
ღვინის აქციზი და საგადასახადო პოლიტიკა ევროპაში
ევროკომისიის მონაცემები ცხადყოფს, რომ ღვინოზე აქციზის განაკვეთები ევროპაში მკვეთრად განსხვავდება. წამყვან მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი და იტალია, ღვინოზე აქციზი ნულის ტოლია, რაც ევროკავშირის რეგულაციებით დაშვებული მინიმუმია. საფრანგეთშიც გადასახადები შედარებით დაბალია, თუმცა გამონაკლისები არსებობს, განსაკუთრებით გამაგრებული ღვინოების შემთხვევაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევამ, რომელიც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებსაც მოიცავდა, აჩვენა, რომ თურქეთი, სკანდინავიური ქვეყნები, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი იმ ქვეყნების სიაში არიან, სადაც ღვინოზე დაწესებული აქციზი ევროპულ საშუალო მაჩვენებელს აღემატება.
დიდ ბრიტანეთში 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედებული ახალი სისტემა ალკოჰოლის სიმაგრეზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები ალკოჰოლის შემცველი ღვინო შედარებით დაბალი გადასახადით იბეგრება, ხოლო უფრო ძლიერი ღვინო — მაღალი განაკვეთით.
ღვინის ფასების გრძელვადიანი ტენდენციები
WHO-ს მონაცემებით, ღვინო საშუალოდ ყველაზე იაფი ალკოჰოლური სასმელია ევროპაში, თუმცა ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გადასახადების ზრდა აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღვინის ფასები ევროპის უმეტეს ქვეყნებში მაინც გაიზარდა.
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) ანალიზი აჩვენებს, რომ ზოგი ქვეყანაში ფასების ზრდა უკიდურესად მაღალი იყო. თურქეთში ღვინის ფასები ათ წელიწადში 1,500%-ზე მეტით გაიზარდა, ხორვატიაში თითქმის 92%-ით, ხოლო ესპანეთში დაახლოებით 27%-ით. იტალიაში ზრდა მინიმალური იყო, ხოლო ირლანდიაში ფასები პირიქით — შემცირდა.
დიდი ბრიტანეთი ამ კონკრეტულ კვლევაში არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემებით, ღვინის ერთი სტანდარტული ჭიქის ფასი ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ძვირადღირებული ღვინის რესტორნები: ლონდონისა და პარიზის შედარება
მათთვის, ვისაც პრემიუმ კლასის ღვინოები აინტერესებს, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Knight Frank-მა მსოფლიოს ქალაქები ძვირადღირებული ღვინის რესტორნების მიხედვით შეაფასა. კვლევის მიხედვით, ლონდონი და პარიზი წამყვან ხუთეულში მოხვდნენ, თუმცა ლონდონში ფასები გაცილებით მაღალი აღმოჩნდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნიუ-იორკში, ლონდონსა და დუბაიში ტოპ 20 რესტორანში ღვინის ბოთლის საშუალო ფასი $740-ს აღემატება, მაშინ როცა პარიზში იგივე მაჩვენებელი დაახლოებით $551-ია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი