
სტამბოლში, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ ცენტრში — SALT Galata — ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქართული ღვინის პოზიციონირების გაძლიერებას თურქეთის ბაზარზე.
ღონისძიება სახელწოდებით „Georgian Wine in Focus“ აერთიანებდა მასტერკლასსა და დეგუსტაციას. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ როგორც ქართული მეღვინეობის ტრადიციულ ასპექტებს, ისე თანამედროვე წარმოებას. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 15 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები, რაც ქართულ ღვინოს მრავალფეროვანი ჭრილში წარმოაჩენდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ღვინის სფეროს პროფესიონალები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები, ასევე HoReCa სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. მსგავსი აუდიტორია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროდუქტის ბაზარზე დანერგვისა და მისი შემდგომი გავრცელების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ასოციაცია „ქართული ღვინო“, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წლიდან აქტიურად მუშაობს თურქეთის ბაზარზე. თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად ტარდება მიზნობრივი პრეზენტაციები და პროფესიული შეხვედრები, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას და ექსპორტის გაფართოებას.
ბოლო წლების სტატისტიკა ამ მიმართულებით პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 480 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ეს ზრდა მიუთითებს, რომ თურქეთის ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ეტაპობრივად იზრდება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი