
ლევან სებისკვერაძე
მსოფლიო მეღვინეობის ახალ სამყაროში დიდი ხანია ჩილემ თავისი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ძირითადად ძველი ფრანგული ვაზის ჯიშებია გაშენებული და ადგილობრივი ძველი კულტურული ვაზი ფაქტობრივად არ არსებობს, ჩილეს ღვინო კარგა ხანია მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი და გაყიდვადი.
იყო დრო, როდესაც ჩილეს ღვინო ევროპაში მხოლოდ იაფიან და ორდინალურ სასმელად ითვლებოდა, რომელსაც ღვინის მოყვარულები სერიოზულად არც უყურებენ. თუმცა, ბოლო 50 წლის მანძილზე ჩილეში ჩამოყალიბდა მკაცრად დეტერმინებული სავენახე რეგიონები, შეიქმნა ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონები, აშენდა მრავალი თანამედროვე დიდი თუ მცირე საწარმო და სამხრეთ ამერიკის ეს უცნაური ფორმის ქვეყანა ბოლო ათწლეულია გაყიდვებით მსოფლიოს ღვინის ქვეყნების ათეულში შედის, რაც ღვინის სფეროში არსებულ უზარმაზარ კონკურენციას თუ გავითვალისწინებთ, უკვე დიდი წარმატებაა.
როგორ დაიწყო ყველაფერი
ჩილეში პირველი კულტურული ვაზის ნერგები ფრანგმა მისიონერებმა მე-19-ე საუკუნეში ჩაიტანეს და დედაქალაქ სანტიაგოსთან ახლოს მცხოვრებ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცეს. აქედან იღებს სათავეს ჩილეში ფრანგული ვაზის ჯიშების განსაკუთრებული პოპულარობა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩილეს მეღვინეობის ისტორია სულ ორ საუკუნეს ითვლის, ეს ქვეყანა ცდილობს მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ღვინის ბაზარზე. ყურძნის გავრცელებული ჯიშებია: კაბერნე სოვინიონი, სოვინიონ ბლანი, პინო ნუარი, მერლო, სირა, შარდონე, სემილიონი, რისლინგი და სხვა... ჩილეში 500-ზე მეტი ღვინის საწარმოა, მაგრამ მხოლოდ 20-მდე საწარმო იძლევა ქვეყანაში წარმოებული ღვინის 80%-ს. ჩილეს ღვინის 70% ექსპორტზე გადის.
ვაზი და ღვინო
ჩილეს საუკეთესო წითელი ღვინოები მალბეკის ჯიშის ყურძნისაგან მიიღება, ფართოდ გამოიყენება აგრეთვე კაბერნე სოვინიონი, მერლო და შავი პინო. თეთრი ღვინოებისთვის გამოიყენება შარდონე, შენინ ბლანი და სოვინიონ ბლანი.
ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებში და მათ შორის ჩილეში ასევე ძალიან პოპულარულია ბრუნელოს ჯიშის ყურძენი, რომლის სამშობლოც იტალია, სამხრეთ ტოსკანაა. მისგან მზადდება სრული, მდიდარი, მძლავრი, დაძველების კარგი პოტენციალის მქონე ღვინოები.
ჩილეში წარმოშობის კონტროლირებადი ზონა (Appellation d’Origine Contrôlee-AOC) წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ღვინო ხარისხიანია და დამზადებულია კონტროლირებად ზონაში მოკრეფილი ყურძნისგან განსაკუთრებული მეთოდით, ყურძნის იმ სახეობების გამოყენებით, რომლებიც დაშვებულია ამ ღვინისათვის, ხოლო წარმოებული ღვინის ოდენობა შეზღუდულია. მკაცრად აკონტროლებენ ვაზის ნარგაობას; ღვინოში შაქრისა და ალკოჰოლის შემცველობას; ზვრების ფართობებსა და მეღვინეობის მეთოდებს.
6 მთავარი რეგიონი
ჩილე მეღვინეობის 6 მთავარ რეგიონად იყოფა. ჩილეს კახეთი, ანუ მთავარი მეღვინეობს მხარე არის აკონკაგუას რეგიონი/ACONCACUA, რომელიც დედაქალაქ სანტიაგოს გარშემოა განლაგებული. აქაა უმთავრესი მიკროზონები: კასაბლანკა, სან ანტონიო, მაიპო და ლეიდა. ამ მხარეში თეთრი ჯიშებიდან ფრანგული სოვინიონ ბლანი და შარდონეა გავრცელებული. სოვინიონ ბლანის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ჩილეს ღვინო ძალიან სასიამოვნო დასალევია, გამოირჩევა გრეიფრუტისა და ლიმნის არომატით. ჩილეს თეთრი ღვინოები ხანგრძლივი დაძველების შედეგად საუკეთესოდაა მიჩნეული.
ასევე ფრანგული ვაზის ჯიშების დომინაციაა ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ატაკამას/ATACAMA რეგიონში. ხოლო ულამაზეს უესკოს და კაპიოკოს ველებზზე გაშენებულ ზვრებში პედრო ხიმენესი უმთავრესი ჯიშია და ამ ჯიშის გარდა, სხვა დიდი ვენახები ფაქტობრივად არ გვხვდება. პედრო ხიმენესისგან მზადდება ლეგენდარული ესპანური ხერესის ტიპის ღვინო.
ცენტრალური მევენახეობის რეგიონად/CENTRAL VALLEY REGION ქალაქი რანკოგუა და მისი შემოგარენი ითვლება. ეს მხარე ფაქტობრივად ჩილეს „ქართლია“, სადაც ქართლის მსგავსად კლიმატი ზომიერად მშრალია და კირქვიანი ნიადაგი, სამხრეთის ქარები, მზის მომეტებული მცხუნვარება ღვინოში სიმჟავისა და სიტკბოს მეტად ჰარმონიულ ბალანსს ქმნის. ჩაჩაპოალში, რაპელში, კოლჩაგუაში, გურიაკოსა და მიულიში ბორდოს ბლანი, შარდონე, მალბეკი, კარმინერი, სოვინიონ ბლანი და სირა მოჰყავთ. აქაური ღვინოები შედარებით დაბალალკოჰოლიანია, თუმცა მთელს მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
მთელს ჩილეში მცირე რაოდენობით მხოლოდ აქ შეხვდებით ცნობილ ვაზის ჯიშ შენინ ბლანს, რომელიც მსოფლიოს ბევრ რეგიონშია გავრცელებული. ყურძენი გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით. მისგან მზადდება მშრალი ან ზომიერად ტკბილი ღვინო. შენინ ბლანი დაძველების კარგი პოტენციალით გამოირჩევა,
კოქუიმბოს/COQIUMBO რეგიონი, ჩილეს მევენახეობის მხარეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარაა, მაგრამ აქაური მოსავალი და შემდეგ უკვე ღვინო, როგორც წესი განსაკუთრებულია. შარდონე, სირა, პინო ნუარი, სოვინიონ ბლანი და კაბერნე სოვინიონი ელქის, ლიმორტის და ჩოპოს ცნობილ ზვრებში მოჰყავთ. აქ სავენახე მიწაც განსაკუთრებულია (ძირითადად კარბონატული ნიადაგებია) და უმეტესად ექსტრა კლასის ღვინოები მზადდება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კოქუიმბოს რეგიონში მოწეული კაბერნე სოვინიონი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ძველი ფრანგული ყურძნის ჯიშისგან მზადდება. კაბერნე სოვინიონი ჩამოყალიბებული, რბილი ღვინოა, დახვეწილი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. წითელ ღვინოებს შორის ყველაზე მკვეთრად სწორედ მასში იგრძნობა მაყვლის და ჟოლოს ტონები.
ჩილეს მევენახეობა-მეღვინეობის სამხრეთ რეგიონი/SOUTH REGION თავისი იტატა ველით, ბიო-ბიო ველით და ზღვიური კლიმატით გამოირჩევა. აქ ძირითადად მსუბუქ, ყვავილის ტონებით სავსე მაღალმჟავიან ღვინოებს ამზადებენ. უპირატესობა თეთრ ჯიშებს, სოვინიონ ბლანსა და შარდონეს ენიჭება. განსაკუთრებით ეს უკანასკნელია გავრცელებული, რომელსაც, როგორც წესი ამ მხარეში კასრებში ან უჟანგავი ფოლადის ავზებში წურავენ და აღვინებენ. შარდონე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული თეთრი ყურძნის ჯიშია, რომლისგანაც სხვადასხვაგვარი ღვინო მზადდება.
ერთობ საინტერესო და ყველასგან განსხვავებულია ქვეყნის უკიდურეს სამხრეთით მდებარე მალეკოს/MALLECO მიკროზონა, რომელიც ქალაქ ტემუკოს შემოგარენშია. სამხრეთის ფერდობებზე გაშენებულ ვენახებში ისეთ ცნობილ ჯიშს შეხვდებით, როგორიც მუსკატია. მშრალად დაყენებული მუსკატი არის თეთრი ღვინო დაბალი ალკოჰოლის შემცველობით. ჩვეულებრივ ისმევა დაძველების გარეშე. საუკეთესოა ზღვის პროდუქტებთან ერთად. აქვს კარგად გამოხატული არომატი. მალეკოს მიკროზონაში წითელი ჯიშებიდან სირა და პინო ნუარია გავრცელებული.
ჩილეში ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა მეღვინეობის ბიო და ნატურალური მიმართულება. ჩილეს მცირე მარნებმა კარგად აუწყეს ფეხი მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და აქაური ღვინოების დაახლოებით 2% ბუნებრივი წესით ყოველგვარი მინარევების გარეშე მზადდება, ვენახებს კი ჰერბიციდებისა და პესტიციდების გამოყენების გარეშე უვლიან.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი