
ლევან სეფისკვერაძე
29 ნოემბერს მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“, ცქრიალა ღვინის მე-4 ფესტივალი გაიმართა. „ღვინის კლუბის“ ტრადიციადქცეულ ფესტივალს უკვე ჰყავს თავისი მუდმივი სტუმრები - ადამიანები, რომლებიც უპირატესობას სწორედ ცქრიალა ღვინოს ანიჭებენ.
დინამიკა გვაჩვენებს, რომ ცქრიალა ღვინის მოხმარება და კულტურა განუხრელად იზრდება, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, მისი პოპულარიზაციისა და სწორი პოზიციონირებისათვის თემატური ფესტივალები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ნოემბრის ბოლოს გამართული ცქრიალა ღვინის ფესტივალი კი არა მხოლოდ სეზონურად გამართლებულია, არამედ სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაცაა როგორც ტურიზმის, ისე მარკეტინგისა და შემდგომი განვითარებისთვის. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.
ალეკო ცქიტიშვილი, ღვინის ჟურნალისტი, „ღვინის კლუბის” წარმომადგენელი: „წელს უკვე მეოთხედ ტარდება ცქრიალა ღვინის ფესტივალი თბილისში. ეს არის ღვინის კლუბის და გიორგი ბარისაშვილის ინიციატივა, რაც უკვე ტრადიციად იქცა. წლიდან წლამდე ამ ფესტივალზე ჩვენ ვხედავთ ქართული ცქრიალა ღვინის განვითარებას. ვხედავთ, როგორ იცვლება ძველი შეხედულებები მომხმარებლებში, რადგან ცქრიალა ღვინო საბჭოთა კავშირის დროს იყო მდარე და იაფფასიანი სასმელი და ეს ასე აღარ არის. მთელს მსოფლიოში ცქრიალა ღვინო არის განსაკუთრებული, ძვირფასი სასმელი. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები გვიჩვენებს, რომ ახლა სწორედ იმ ეტაპზე გადადის ქართული ცქრიალა ღვინო, როცა მეღვინეები მაღალ ხარისხზე მუშაობენ და შედეგიც აქვთ. ვფიქრობ, ამ პროცესში „ღვინის კლუბის“ და კონკრეტულად ამ ფესტივალის წვლილი დიდია“.

ცქრიალა ღვინის მოხმარების პიკი დეკემბერ-იანვარს ემთხვევა, რადგან ახალი წელი ამ ტიპის ღვინის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. შესაბამისად, ნოემბრის ბოლოს ჩატარებული ფესტივალი ლოგიკური და გამართლებულია. ეს საუკეთესო საშუალებაა მწარმოებლებისთვის, რათა წინასწარ მოიპოვონ პოზიციები საახალწლო ღვინის ბაზარზე. ასევე საშუალებაა მომხმარებლებისთვის, რომ საუკეთესო არჩევანის პირობებში, საუკეთესო ფასად შეიძინონ ღვინო, რომელიც სასაჩუქრედაც შესანიშნავია.
მსოფლიოში ცქრიალა ღვინის სეგმენტი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მზარდია. პროგნოზები აჩვენებს, რომ სამომავლო პერსპექტივაში მისი წილი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ შესაძლებლობებს ქართველი მეღვინეებიც იმედის თვალით უყურებენ.
გურამ მაისურაძე, მარანი „ნადელები“: „როგორც ყოელთვის, ამ ფესტივალზე ახალი ღვინოებიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ მაინც ძირითადად, ძველი მოსავლის ღვინოებს ვეყრდნობით. გვაქვს კახური მწვანის პეტ-ნატი, რქაწითელი და ახლებიდან (ჯერ ადრეა, მაგრამ საერთო იდეისთვის წამოვიღე) - მაღრაანული ქისის პეტ-ნატი და ბრენდი, რადგან ზამთარში ძლიერი სასმელებიც თემატურია. მგონია რომ კარგი დღე გამოგვივა. ახლა გვჭირდება ბევრი ცქრიალი, ბევრი შუშხუნი და მომავლის რწმენა!“
ნიკა ჯეირანაშვილი, მარანი „კოლაგის“: „არჩევანი მრავალფეროვანი გვაქვს. წელს სიდრი გავაკეთეთ პირველად. კოლაგში დიდი ვაშლის ბაღი გვაქვს და დამენანა ამდენი ვაშლის გაფუჭება. ავდექით და სიდრს შევეჭიდეთ. რა გამოვიდა, ერთად ვნახოთ. ამას გარდა გვაქვს ჩინური, ჩინურის და საფერავის ბლენდი, შარშანდელი საფერავი, რქაწითელი და ამ ჯიშების შერევით მიღებული საინტერესო ბლენდები. ჩემი აზრით ცქრიალა ღვინის ფესტივალი სწორედ ახლაა რელევანტური, რადგან საშობაო განწყობა ახლოვდება და ამგვარი ღვინის გარეშე შობა და ახალი წელი ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს“.
ცქრიალა ღვინის ფესტივალი მაინც სიახლეა საქართველოსთვის. მართალია, საქართველოში ძალიან დიდი ტრადიცია აქვს ღვინოს, მაგრამ ცქრიალა ღვინო „ცოტა სხვა“ კულტურაა და მისი პოპულარიზაციის გარეშე ქართული ღვინის წინსვლა ვერ მოხდებოდა. განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ღვინის სფეროში ჩართულობის მხრივ არის მნიშვნელოვანი ცქრიალა ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებები. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული ამ ტიპის ღვინით. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარი იზრდება, მოთხოვნა იზრდება და მეღვინეებს უფრო დიდი მოტივაცია ეძლევათ, იმუშაონ ხარისხზე, ექსპერიმენტებზე და ახალი სტილების შექმნაზე.

ირაკლი ჩოლობარგია, მეღვინე, ღვინის მარკეტინგის სპეციალისტი: „საქართველოში ცქრიალა ღვინის წარმოება ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მაგრამ პროგრესი ძალიან კარგი გვაქვს. ბოლო წლებში აშკარად გამოჩნდა, რომ ქართულ ცქრიალა ღვინოს შეუძლია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც კონკურენცია გაუწიოს ბევრ ცნობილ ბრენდს. მჯერა, რომ ეს სეგმენტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ფესტივალიც სწორედ ამისთვის შედგა, რომ ადამიანებმა ღვინო დააგემოვნონ, დასვან კითხვები, გაიგონ როგორ მზადდება, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან და რატომ აქვს ასეთი დიდი მომავალი. მოკლედ, ცქრიალა ღვინო ჩვენს ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს აძლევს, და რაც მთავარია - ქართველებს ნელ-ნელა უჩნდებათ სურვილი მიჰყვნენ სიახლეებს და აღმოაჩინონ ღვინის ახალი სტილი, რომელიც შეიძლება ჩვენს სავიზიტო ბარათადაც იქცეს“.
ფესტივალის კიდევ ერთი მნიშვნელობა ის არის, რომ ადამიანებს ეძლევათ შანსი სხვადასხვა მეღვინეს პირადად გაესაუბრონ. ეს ურთიერთობა ძალიან ფასეულია, რადგან ვინც ცქრიალა ღვინოს აკეთებს, ის ყოველთვის მზადაა აგიხსნას, რატომ აირჩია კონკრეტული მეთოდი, რა განსხვავებაა პეტ-ნატსა და შამპანური სტილის ღვინოებს შორის და რა სირთულეებთან აქვთ საქმე. ხანდახან ერთი პატარა დეტალი წყვეტს ყველაფერს - საცობის ტიპი, ჭურჭელი, ტემპერატურა, დაძველების ხანგრძლივობა და ხალხისთვის ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის მიღმა რა დგას.
იაგო ბიტარიშვილი, მეღვინე, „ღვინის კლუბის“ წარმომადგენელი: „ჩვენ გვინდა, რომ საქართველო არა მხოლოდ ქვევრის ტრადიციული ღვინით, არამედ ცქრიალა ღვინითაც გახდეს ცნობილი. აუცილებლად უნდა შევქმნათ სივრცეები, სადაც სტუმარი მეტს გაიგებს ასეთი ღვინის შესახებ. ასეთი ფესტივალები სწორედ ამას აკეთებს - აჩვენებს, რომ ქართველებს შეგვიძლია მრავალფეროვანი და თანამედროვე ღვინოების შექმნა. ბევრმა უცხოელმა უკვე იცის ჩვენი ღვინის შესახებ და ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება“.

ქართული ცქრიალა ღვინო უკვე იქცა იმ პროდუქტად, რომელიც ინტერესს სრულიად განსხვავებულ ადამიანებში აჩენს. მცირე თუ დიდი მარნები სულ რომ ქვევრის ღვინის დაყენებაზე იყვნენ ორიენტირებული, ცდილობენ, ექსპერიმენტის სახით მაინც სცადონ ცქრიალა ღვინის დაყენება, რადგან ეს ტექნოლოგია საინტერესოა პროფესიულადაც. ბოლო წლებში ჩვენ გავიგეთ და დავრწმუნდით, რომ ცქრიალა ღვინოები თუ პეტ-ნატები შეიძლება დამზადდეს ისეთი ვაზის ჯიშებიდანაც კი, რომლებიც აქამდე მხოლოდ მშრალი, ტრადიციული კახური ტიპის ღვინის დასაყენებელი მასალა გვეგონა. მთავარი მაინც ისაა, რომ ეს დინამიკა ზრდადია და არ უნდა გაჩერდეს. მეღვინეობის ექსპერტების აზრით, ნამდვილად გვაქვს შანსი, რომ რამდენიმე წელში ცქრიალა ღვინო საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ მიმართულებადაც კი იქცეს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი