
ლევან სებისკვერაძე
ქართული მეღვინეობის სიახლეები და ახალი გემოები თუკი გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“, რომელიც ღვინის კლუბის ორგანიზებით ტარდება და წელს, 24 ოქტომბერს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მდებარე კლუბ „ანდერვილში“ გაიმართა. ფესტივალზე თავი მოიყარეს მეღვინეებმა, რომელთა უმეტესობა ახლა იდგამს ფეხს და იწყებს საკუთარი ღვინის ჯერ ქართველი ღვინის მოყვარულებისთვის, შემდეგ კი მთელი მსოფლიოსთვის გაცნობას.
ფესტივალს, ტრადიციულად, „ღვინის კლუბი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით მართავს. წლევანდელი ღონისძიება მართლაც ბევრი რამით იყო საინტერესო და გამორჩეული. სხვა ყველაფერთან ერთად, მან მცირე საოჯახო მარნების სეგმენტში ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციებიც დაგვანახა.
იყო დრო, როდესაც მცირე მარნები ღვინის წარმოებას ოჯახურ პირობებში, ძირითადად, ქვევრში ღვინის დაყენებით იწყებდნენ. ეს ერთგვარი „ქვევრების ბუმი“ იყო. მოგვიანებით პეტ-ნატების ეპოქა დადგა და, რადგან ამ ტიპის ღვინო მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენდა, თითქმის ყველა მარანი ცდილობდა, ქართული ვაზის ჯიშებისგან ამ სტილის ღვინო დაემზადებინა. ამან არაერთი საინტერესო შედეგი გამოიღო. თუმცა იყო შემთხვევებიც, როდესაც ამგვარი მცდელობები სასურველ შედეგს ვერ იძლეოდა.

წლევანდელმა ფესტივალმა აჩვენა, რომ მცირე მარნები დაიხვეწნენ, უკეთ გაიაზრეს საკუთარი შესაძლებლობები და ახლა გაცილებით გააზრებულად ეკიდებიან მეღვინეობაში არსებულ ტენდენციებსა და ბრმად აღარ მიჰყვებიან მოდას. ახალი მარნების უმეტესობა ითვალისწინებს საკუთარი რეგიონის თავისებურებებს, ტრადიციული მეღვინეობის პრინციპებსა და ადგილობრივ ღვინის სტილს. სწორედ ამ ყველაფერზე დაფიქრების შემდეგ აყენებენ ღვინოს, რომელიც საბოლოოდ მათი მარნის სავიზიტო ბარათად იქცევა.
მსგავსი ფესტივალები მეღვინეებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ დაინახონ, რას ფიქრობენ მომხმარებლები მათ ღვინოზე, რამდენად სიცოცხლისუნარიანია მათ მიერ შექმნილი პროდუქტი და საჭიროა თუ არა რაიმე ცვლილების შეტანა. ამასთან, ფესტივალი ახალი მარნებისთვის საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის, გამოცდილების გაზიარებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების მნიშვნელოვანი სივრცეა.

სოსო სულავა, მარანი „სულავა“: „ძალიან გვიყვარს ეს ფესტივალი და არასოდეს ვაკლდებით. ჩვენს მარანში ბევრი სიახლეა და გვინდა, ის, რასაც ვქმნით, ღვინის მოყვარულებს გავუზიაროთ. მეღვინისთვის სწორედ ეს გაზიარებაა მთავარი მოტივაცია, რომ საქმე არ შეწყვიტოს და განვითარება განაგრძოს. აქ ბევრ ახალ სახეს ვხედავ. მათთვის ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულია. ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ რთულ, მაგრამ ძალიან საჭირო და საინტერესო საქმეში“.
მცირე მარნების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ქართული მეღვინეობის რეგიონული მრავალფეროვნების მნიშვნელობაც. თუ ადრე მომხმარებლის ყურადღება უმეტესად ცნობილ ჯიშებსა და ღვინის დამკვიდრებულ სახეობებზე იყო კონცენტრირებული, დღეს მცირე მარნები ცდილობენ, წარმოაჩინონ ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი ჯიშები, მათი განსხვავებული ხასიათი და კონკრეტული ადგილისთვის დამახასიათებელი გემოები. ამ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართლის, იმერეთის, რაჭის, გურიისა და საქართველოს სხვა რეგიონების მეღვინეობისთვის, სადაც ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო შესაძლებლობაა აღმოსაჩენი.
სოსო კოპაძე, მარანი „კაპიტო“:„ამ ფესტივალზე გვინდა, საკუთარი შესაძლებლობები უკეთ დავინახოთ. კასპის მუნიციპალიტეტში ქართლის ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას ვცდილობთ. ქართლი ბევრი საინტერესო ვაზის ჯიშით გამოირჩევა. სწორედ მათი პოპულარიზაციაა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ჯერ პატარა, ახალშენი ვენახი გვაქვს. ამიტომ ყურძენს ქართლში, სხვადასხვა მევენახისგანაც ვყიდულობთ. ვფიქრობ, საინტერესო ღვინოები გამოგვდის. მაგალითად, ქართლის იშვიათი ვაზის ჯიშის - მუხამწვანეს ყურძენი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვრახეთში შევიძინეთ. წელიწადში დაახლოებით 1500 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. ვენახიც და მარანიც სოფელ ხანდაკში გვაქვს “.

დღეს დამწყებმა მეღვინეებმაც კი იციან, რომ მცირე მარნის განვითარება მხოლოდ კარგი ღვინის დაყენებით არ სრულდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქტის სწორად წარდგენა, მომხმარებელთან ურთიერთობა, ხარისხის მუდმივი შენარჩუნება და ისეთი ბაზრების მოძიება, სადაც კონკრეტული ღვინის თავისებურებებს სათანადოდ დააფასებენ. ამ მხრივ, ფესტივალები მეღვინეებს უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს. ღვინის მოყვარულთა შეფასებები და პროფესიონალების მოსაზრებები კი მწარმოებლებს ეხმარება, უკეთ დაინახონ როგორც საკუთარი პროდუქტის ძლიერი მხარეები, ისე ის საკითხები, რომლებზეც მომავალში მუშაობა მოუწევთ.
დავით გიგინაშვილი, საოჯახო მეღვინეობა „შილდური“: „ყოველი ფესტივალი საკუთარი თავისა და ღვინის წარდგენის შესაძლებლობაა. სასიამოვნოა, როცა შენს ღვინოს სხვებიც აფასებენ. ჩვენ სოფელ შილდაში პაპისეული მარანი აღვადგინეთ და დღეს უკვე რამდენიმე სახეობის ღვინოს ვაყენებთ. წარმოების მთელ პროცესს ვაკონტროლებთ - ვენახის მოვლიდან დაწყებული, მიღებული ყურძნის გადამუშავებით დასრულებული. ვცდილობთ, პროდუქცია ზედმეტი ჩარევების გარეშე დავამზადოთ. ღვინოები გაუფილტრავია და სრულად ჭაჭა-კლერტზეა დაყენებული. რქაწითელი მთლიანად ქვევრში დუღს და ძველდება, დანარჩენი ღვინოები კი ქვევრში გავლის შემდეგ უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში გადაგვაქვს. ბოთლში ღვინოს მესამე წელია, რაც ვასხამთ და მცირე სამეწარმეო საქმიანობაც დავიწყეთ“.

ფესტივალმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მეღვინეიბა მუდმივად აქტიური და მოქმედი პროცესია. ზოგი მეღვინე წინაპრებისგან მიღებულ მარანს აცოცხლებს, ზოგი ძველ ვაზის ჯიშებს უბრუნდება, ზოგი კი საკუთარ რეგიონში ტურიზმის განვითარებას ღვინის წარმოებას უკავშირებს. შედეგად, იქმნება ისეთი მარნები, რომელთა გაცნობაც მომხმარებელს არა მხოლოდ ახალი ღვინის დაგემოვნების, არამედ ადგილისა და მისი კულტურის უკეთ შეცნობის შესაძლებლობასაც აძლევს.
ანა პაჭიკაშვილი, „ტერასა ზინობიანი“: „ჩვენ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანიდან ვართ. ეს ეთნიკური უდიებით დასახლებული სოფელია, სადაც ძველი ალბანელების უკანასკნელი წარმომადგენლები ცხოვრობენ. ზინობიანში პატარა საოჯახო სასტუმრო მაქვს, სადაც ტურისტულ ჯგუფებს ვმასპინძლობთ. მათ ჩვენი ენა, სამზარეულო და კულტურა აინტერესებთ. პარალელურად, მცირე მარანიც გვაქვს. ჯერჯერობით მხოლოდ საფერავს ვასხამთ ბოთლებში. მომავალში კი ქისისა და საფერავის ვარდისფერი ღვინოების წარმოებასაც ვგეგმავთ. ჩვენი საფერავის ვენახი ნახევარ ჰექტარს მოიცავს, დანარჩენი ჯიშების ყურძენს კი ბიოლოგიურად სერტიფიცირებული მევენახისგან ვყიდულობთ. ხიხვის გაშენებაზეც ვფიქრობთ. ჩვენი მარანი დაახლოებით 50 წლის წინ პაპაჩემმა ააშენა. იქ დღემდე შემორჩენილია ძველი, მოქმედი ქვევრები“.
ბაქარაძეების მარანი, ქარელი: „პირველი ვენახი 2021 წელს გავაშენეთ და მას შემდეგ გაშენებას დღემდე ვაგრძელებთ. ამჯერად ფესტივალზე შავკაპიტოს ღვინო წარმოვადგინეთ, რომელიც უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში დავაყენეთ. სხვა ჯიშებიც გვაქვს, რომლებსაც მომდევნო წლებში სხვა ფესტივალებზე შევთავაზებთ მომხმარებელს. ვცდილობთ, ქართლის ვაზის ჯიშები ქარელშიც დავაბრუნოთ და ჩვენი მხარე ქართული, განსაკუთრებით კი ქართლის ღვინის რუკაზე უფრო მკაფიოდ წარმოვაჩინოთ. მე და ჩემს ძმას ეს საქმე სისხლში გვაქვს და მეღვინეობა ერთად წამოვიწყეთ. გასულ წელს დაახლოებით 1000 ბოთლი შავკაპიტო და 300 ბოთლამდე სხვა ჯიშის ღვინო ვაწარმოეთ. წელს, სამწუხაროდ, ამინდმა გვიღალატა და სასურველი მოსავლის მიღება ვერ შევძელით. ქარელს მეღვინეობის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მინდა, რომ ეს შესაძლებლობები მთელ ქვეყანას სწორედ ასეთი ფესტივალების საშუალებით დავანახოთ“.

„ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უკვე წლებია ჩამოყალიბდა ადგილად, სადაც ერთმანეთს ხვდებიან განსხვავებული გამოცდილებისა და ხედვის მქონე მეღვინეები, მომხმარებლები და ღვინის სფეროთი დაინტერესებული ადამიანები. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს მცირე მარნების ცნობადობის ზრდას, ახალი კავშირების ჩამოყალიბებასა და ქართული ღვინის მრავალფეროვნების უკეთ წარმოჩენას. საბოლოოდ, მცირე მარნების წარმატება მხოლოდ ცალკეული მწარმოებლების მიღწევა არ არის - ეს ქართული მეღვინეობის განვითარების, რეგიონული ტრადიციების შენარჩუნებისა და ახალი თაობის ღვინის კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com







თქვენი კომენტარი