
ღვინის სამყაროში ახალი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზამკვლევად კვლავ The World Atlas of Wine რჩება. გამოცემის მეცხრე, განახლებული ვერსია 2019 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს აერთიანებს და მკითხველს იმ ღვინის სამყაროს სთავაზობს, რომელიც კლიმატის ცვლილებამ, ახალმა რეგიონებმა და მეღვინეობის სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვნად გარდაქმნა.
ჰიუ ჯონსონის მიერ 1971 წელს დაწყებული პროექტი დღეს უკვე ღვინის ლიტერატურის კლასიკადაა ქცეული. Atlas-ის რვა გამოცემის განმავლობაში მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და წიგნი 16 ენაზე ითარგმნა. მეცხრე გამოცემაზე ჯენსის რობინსონმა და ჯულია ჰარდინგმა სამი წლის განმავლობაში იმუშავეს, რათა თითქმის ყოველი დეტალი - ტექსტიდან და რუკებიდან დაწყებული, კლიმატური მონაცემებითა და ფოტომასალით დამთავრებული - თავიდან გადაეხედათ.
ახალი გამოცემის ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატის ცვლილებაა. მზარდი საშუალო ტემპერატურა, წყლის დეფიციტი და სულ უფრო არაპროგნოზირებადი ამინდი პირდაპირ აისახება ვენახებსა და ღვინის წარმოებაზე. შედეგად, მევენახეობის გეოგრაფიაც იცვლება: ღვინის სამყარო პოლუსების მიმართულებით ფართოვდება და რეგიონები, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ მეღვინეობასთან თითქმის არ ასოცირდებოდა, დღეს უკვე რეალურ პოტენციალს იძენს.
ამ ცვლილებას წიგნის ახალი რუკებიც ასახავს. 240 რუკას შორის 15 სრულიად ახალია, მათ შორის ჩრდილოეთ ევროპის ვენახების რუკა. პირველად საკუთარი დეტალური რუკები მიეძღვნა ისეთ რეგიონებსაც, როგორებიცაა ვალტელინა, სანტორინი, კრეტა, აზორის კუნძულები, არაგონი და კალისტოგა. გაფართოვდა და უფრო დეტალური გახდა არაერთი ძველი რუკაც, მათ შორის მუსკადეს, რიოხა ალავესის, ლისაბონისა და ვაშინგტონის შტატის ღვინის რეგიონების.
მეცხრე გამოცემაში თითოეული სიტყვა კიდევ ერთხელ გადამოწმდა, მრავალი ტექსტი სრულად გადაიწერა, ნაწილი კი ახალი მონაცემებით შეივსო. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ადგილობრივმა ექსპერტებმა და სპეციალისტებმა შეასრულეს, რომელთა ცოდნამ წიგნს კიდევ უფრო მეტი სიზუსტე და სიღრმე შესძინა.
The World Atlas of Wine-ის ახალი გამოცემა თანამედროვე მეღვინეობის ერთგვარი სარკეა, რომელიც გვაჩვენებს, როგორ იცვლება ვენახების გეოგრაფია, კლიმატი და თავად ღვინის მომავალი. ეს წიგნი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიონალებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც სურს გაიგოს, საით მიდის თანამედროვე ღვინის სამყარო.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი