15.00 ლარი
ეს ამ მცირე მარნის პირველი პროდუქტია. დერგის ღვინოები სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ნაფარეულის ზონაში დაკრეფილი რქაწითლიდან ტრადიციული კახური წესით, ქვევრში დაყენებული ღვინოა. ძალიან სასიამოვნო გარეგნობისაა, სხივიანი ქარვისფერით, ჩაისფერში გადამავალი. კარგად დაძველებული ღვინოა, შეიძლება ითქვას, დაძველებული კახურის ეტალონიც კია, ღვინო, რომელიც თავის საუკეთესო ფორმაშია, ანუ პიკზეა. პირველ სურნელებში პორტვეინის ტონებსაც იგრძნობთ. ძალიან გემრიელი და სავსე ღვინოა, ხმელი ფოთლებისა და ქართული სუნელების არომატით. მიაყოლეთ ნიგვზიან ლობიოს, ბატკნის ბუღლამას, ვაზის ფოთოლში გახვეულ ტოლმას.
© ღვინის კლუბი/Weekend