
ღვინის ეტიკეტი ბევრ რამეზე მეტყველებს. მისი წაკითხვა მთელი ხელოვნებაა და საქმეში გაუცნობიერებელი ადამიანისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. არადა, ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია, ფაქტობრივად, გასაღებია კონკრეტული ღვინის არსში გასარკვევად. ამ რუბრიკაში შევეცდებით სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ღვინოთა ეტიკეტის წაკითხვის დეტალებში გაგარკვიოთ, გარდა ეტიკეტის წაკითხვისა, მომხმარებელი, მეღვინეები და კანონმდებლები კლასიფიკაციის იმ ნორმებსაც გაეცნობიან, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებსა თუ რეგიონებშია გავრცელებული.
ელზასი
Grand Cru
ელზასის 50 ვენახს Grand Cru-ს კლასიფიკაცია აქვს, რაც კონკრეტული მამულის ტერუარის მაღალ შეფასებაზე მეტყველებს. გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ღვინო, რომლის წარმოშობა Grand Cru-ს უკავშირდება, პრესტიჟული სტატუსის გამო გაცილებით ძვირია, ვიდრე რეალურად იმსახურებს.
ელზასში მიღებულია ღვინის ხარისხისა და სტილის განმსაზღვრელი რიგი ტერმინები, რომელთაც ეტიკეტზე მიუთითებენ. Medaille d’Or(ოქროს მედალი): მედლებმა - Colmar, Macon და Paris "გამარჯვებულთა" სიმრავლის გამო დევალვაცია განიცადა. ოქროს მედალს უამრავი კარგი ღვინის ეტიკეტზე წააწყდებით, მაგრამ მას პრაქტიკულად არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება. ყველაფრის მიუხედავად, არის ერთი მედალი, რომლის მიღებაც პრესტიჟულია, ეს გახლავთ Sigille de Qualite, რომელსაც Confrerie St.-Etienne უშვებს. Vendange Tardive: გვიანი მოსავლისგან დამზადებული ღვინო, მდიდრული და ძლიერი, ძირითადად, ტკბილი. Selection de Grains Nobles: იშვიათი, ელეგანტური, მაგრამ ძალზე ტკბილი ღვინო, რომელსაც "კეთილშობილობმოდებული" ყურძნისგან ამზადებენ. Eleve en Futs: კასრში დაძველებული ღვინო, რომლის ბუკეტში მუხის ნოტები იგრძნობა. Selection, Reserve, Speciale Cuvee - სპეციალური ტერმინები, რომლებიც უმეტესწილად ღვინის ხარისხის არაორდინარულობაზე მიუთითებს.
აპელასიონი
იმ შემთხვევაში, თუ ღვინო წარმოშობილია Grand Cru-დ კლასიფიცირებული ვენახიდან, ფორმულირებას Appellation Alsace Controlee ემატება წარწერა - Grand Cru.
მწარმოებელი
ელზასური ღვინის ეტიკეტზე მწარმოებლის საფირმო ნიშანთან ერთად აუცილებლად მიუთითებენ მისამართსაც - ეტიკეტის ქვემოთ, წარწერის - "Mis en bouteilles par..." ქვემოთ, რაც ნიშნავს, რომ ღვინო ჩამოსხმულია მწარმოებლის მამულში.
ვაზისჯიში
ელზასურ ეტიკეტებზე ვაზის ჯიშის მითითებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აღნიშვნა არ გვაქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ღვინო ცქრიალაა, ან სხვადასხვა ჯიშების ყურძნის შერევით მიღებული.

შამპანი
მილეზიმი
ვინტაჟურ, ან მილეზიმურ შამპანურად მიიჩნევა ღვინო, რომელიც მთლიანად აღნიშნული წლის მოსავლითაა დამზადებული.
სტილი
შამპანურის სტილის მითითება აუცილებელი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე მითითებული არ არის ღვინის სტილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ სასმელი არავინტაჟური ბრუტია, რომელიც, სავარაუდოდ, ყურძნის სამი სხვადასხვა ჯიშის შერევითაა დამზადებული.
რაიონის/სოფლის სახელწოდება
ეს არის კონკრეტული ადგილის დასახელება, საიდანაც ღვინო მომდინარეობს. აუცილებელი არაა შეესაბამებოდეს იმ რაიონის/სოფლის/ქალაქის სახელწოდებას, სადაც ღვინის მარკაზე მითითებული მწარმოებელი იმყოფება.
სახელწოდება
ღვინის სახელწოდებად, ჩვეულებრივ, მწარმოებლის სახელი გამოიყენება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია კონკრეტული ღვინისთვის სპეციალური სავაჭრო მარკის გამოყენებაც.
სარეგისტრაციო ნომერი
ასომთავრული ასოები ამ პატარა კოდის წინ მიუთითებს, შამპანური ცალკეულმა სახლმა აწარმოა (NM) თუ კოოპერატივმა(CM). აბრევიატურა SR აღნიშნავს, რომ ღვინო გამოუშვა მეღვინეთა გაერთიანებამ, რომელიც ერთობლივ უძრავ ქონებას ფლობს და ბაზარზე ერთ ბრენდზე მეტს წარმოადგენს. ND - სანეგოციანტო ბრენდს აღნიშნავს და მიუთითებს იმაზე, რომ ღვინო კიდევ ვიღაცის მიერ არის დამზადებული.
© ღვინის კლუბი/“Weekend“