

ლევან სებისკვერაძე
რატომ ვერ იქცა ქართული ჭაჭა ჯერ კიდევ ისეთივე ცნობად და კონკურენტუნარიან პროდუქტად, როგორიც ღვინოა? რა უშლის ხელს მცირე მეწარმეებს ხარისხიანი დისტილატის წარმოებასა და რეალიზაციაში? რამდენად პასუხობს დღევანდელი ტექნოლოგიები თანამედროვე მოთხოვნებს და რა ფინანსური ტვირთი აკისრია მწარმოებელს? ეს კითხვები ადრეც იყო და დღესაც აქტუალურად რჩება „ჭაჭის“ მოყვარულთა და მწარმოებელთა შორის.
ქართული მეღვინეობის შესახებ საუბრისას, როგორც წესი, ყურადღებას ღვინის ხარისხზე, ვაზის ჯიშებზე, მარნებსა და საექსპორტო ბაზრებზე ამახვილებენ. გაცილებით ნაკლები დრო ეთმობა პროდუქტს, რომელიც საქართველოში მეღვინეობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული და რომელსაც საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. არადა, საერთო აღიარებით, ღვინის წარმოების პროცესში მიღებული ნედლეულის გადამუშავებით შექმნილ ამ სასმელს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე დღეს ბევრს წარმოუდგენია.
ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ჭაჭის გამოხდა განსაკუთრებულ ცოდნასა და ტექნოლოგიურ კონტროლს არ საჭიროებს. თითქოს საკმარისია ყურძნის გამონაწური ნარჩენი ქვაბში მოათავსო, ცეცხლი შეუნთო და მიღებული სითხე უკვე მზა პროდუქტია. სინამდვილეში, ღვინის მსგავსად, დისტილატსაც თავისი კულტურა და ხარისხის განსაზღვრის კრიტერიუმები აქვს.
თუმცა, საქართველოში უკვე არიან მწარმოებლები, რომლებიც ცდილობენ ამ წარმოდგენის შეცვლას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ჭაჭის ხარისხიანი, დამოუკიდებელი პროდუქტად ჩამოყალიბებას. სამწუხაროდ მათი მცდელობები ხშირად ისეთ პრობლემებს ეჯახება, რომელთა მოგვარებაც ცალკეულ მარნებს უბრალოდ არ შეუძლიათ.
ნედლეული და დისტილაციის კულტურა
„ჭაჭის“ ხარისხი ჯერ კიდევ მანამდე განისაზღვრება, სანამ სახდელ ქვაბს ცეცხლს შეუნთებენ. ბოლო პერიოდში მკვიდრედება შეხედულება, რომ „ჭაჭისთვის“ არ შეიძლება ნებისმიერი ხარისხის ყურძნის გამონაწურის გამოყენება. დაზიანებული, დაავადებული ან არასათანადოდ გადამუშავებული ნედლეული მაღალი ხარისხის დისტილატის მისაღებად სათანადო საფუძველს ვერ ქმნის. პირიქით, ხარისხიანი ჭაჭის წარმოება ჯანსაღი ყურძნის ნარჩენით და სწორად წარმართული პროცესით იწყება.
ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს მეღვინე და მხდელი გიგა ლოლაძე. მისი შეფასებით, საქართველოში კვლავ გავრცელებულია მოძველებული წარმოდგენა, თითქოს მამაპაპური მეთოდით გამოხდა თავისთავად ხარისხის გარანტიაა. ტრადიციული მეთოდი, რა თქმა უნდა, ქართული დისტილაციის კულტურის ნაწილია, მაგრამ ტრადიციის შენარჩუნება არასწორი ტექნოლოგიური პრაქტიკის გამართლებას არ უნდა ნიშნავდეს.
გიგა ლოლაძე, მეღვინე-დისტილერი, ჭაჭა „უზურპტორის“ მწარმოებელი: „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დისტილაციის პროცესში ფრაქციების სწორად გამოყოფაა. გამოხდისას მიღებული პირველი და ბოლო ფრაქციების მართვა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მათი არასწორი განცალკევება სასმლის გემოსა და არომატზე უარყოფითად მოქმედებს და შესაძლოა უსაფრთხოების პრობლემებიც შექმნას. ამასთან, მეთანოლის შემცველობის კონტროლი მხოლოდ ფრაქციების გამოყოფით არ შემოიფარგლება - ამისთვის ნედლეულის სწორად დამუშავება და ლაბორატორიული შემოწმებაც მნიშვნელოვანია. თანამედროვე დისტილაცია მხოლოდ აპარატურის შეძენას არ ნიშნავს. მწარმოებელმა უნდა იცოდეს, როგორ მართოს ტემპერატურა, როგორ შეარჩიოს გამოხდის რეჟიმი, როგორ გააკონტროლოს დისტილატის ხარისხი და როგორ შეინარჩუნოს ყურძნის ჯიშისთვის დამახასიათებელი არომატული თვისებები“.
გიგა ლოლაძე კიდევ ერთ პრობლემად თანამედროვე აპარატურის ხელმისაწვდომობას ასახელებს. მცირე მარნების უმრავლესობას არა აქვს ფინანსური შესაძლებლობა, შეიძინოს სადეფლეგმატორო სისტემებითა და დისტილაციური სვეტებით აღჭურვილი მოწყობილობები. შედეგად, მათ ხშირად უწევთ შეზღუდული ტექნიკური რესურსებით მუშაობა.
„თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ხარისხიანი ჭაჭის წარმოება მხოლოდ რთულ და ძვირადღირებულ სვეტოვან დანადგარებზე არ არის დამოკიდებული. სწორად შერჩეული და პროფესიულად გამოყენებული სპილენძის ქვაბიც იძლევა მაღალი ხარისხის დისტილატის მიღების შესაძლებლობას. მთავარი ტექნოლოგიური ცოდნა, პროცესის კონტროლი და ნედლეულის ხარისხია“ - ამბობს გიგა ლოლაძე.
აქციზი - მცირე მწარმოებლის დამატებითი ტვირთი
ჭაჭის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი აქციზია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მცირე მარნებს ეხება, რომელთა წლიური წარმოება რამდენიმე ასეულ ან რამდენიმე ათას ბოთლს არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188¹ მუხლის მიხედვით, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტიანი სასმელები 2208 20 სასაქონლო კოდში ექცევა. დღევანდელი მდგომარეობით, ამ კატეგორიისთვის აქციზის განაკვეთი 15 ლარია ერთ ლიტრ სუფთა სპირტზე და არა მზა სასმლის ერთ ლიტრზე. ეს თანხა მხოლოდ აქციზის გადასახადია და ცხადია არ მოიცავს აქციზური მარკის, ბოთლის, საცობის, ეტიკეტის, შეფუთვის, შრომისა და რეალიზაციის ხარჯებს.
თუ მარნის ძირითადი საქმიანობა ღვინის წარმოებაა და „ჭაჭას“ შედარებით მცირე რაოდენობით ამზადებს, დამატებითი ადმინისტრაციული ვალდებულებები მისთვის მნიშვნელოვან ხარჯად იქცევა.
ბაზარი და რეალიზაცია
არანაკლებ რთულია ჭაჭის ბაზარზე გატანა და მომხმარებლამდე მიტანა. მცირე მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობაა. მაღაზიებთან თანამშრომლობა ხშირად არახელსაყრელ პირობებს უკავშირდება. მცირე მეწარმეს უწევს პროდუქციის ჩაბარება, თანხის დაბრუნების ლოდინი და ისეთი კომერციული პირობების მიღება, როგორიც მის ფინანსურ შესაძლებლობებს ყოველთვის არ შეესაბამება. ზოგჯერ რეალიზებული პროდუქციის საფასურის მიღებასაც თვეები სჭირდება.
გიგა ლოლაძე: „ეს განსაკუთრებით მძიმეა მცირე მარნებისთვის, რომლებსაც დიდი საბრუნავი კაპიტალი არ აქვთ. ღვინისა და ჭაჭის წარმოებაში ჩადებული თანხა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაყინული დარჩეს, მაშინ როდესაც მწარმოებელს ახალი სეზონისთვის ნედლეულის, შეფუთვისა და სხვა აუცილებელი მასალების შეძენა უწევს“.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ბაზარზე არსებული ფასობრივი კონკურენციაა. მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, მოთხოვნა ხშირად იაფფასიან სასმელზე გადადის. ასეთ პირობებში ხარისხიანი ყურძნის დისტილატის მწარმოებელს უწევს კონკურენცია გაუწიოს პროდუქციას, რომლის წარმომავლობა, წარმოების მეთოდი და ხარისხი ყოველთვის გამჭვირვალე არ არის.
ჭაჭაზე მომუშავე დისტილერები წუხან ფალსიფიკაციისა და გაურკვეველი წარმოშობის სპირტის გამოყენების პრობლემაზეც. პატიოსანი მწარმოებელი, რომელიც ხარისხიან ნედლეულს, სათანადო ტექნოლოგიასა და წარმოების კონტროლს იყენებს, არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდება, თუ ბაზარზე იაფი და საეჭვო წარმომავლობის პროდუქცია თავისუფლად იყიდება.
გიგა ლოლაძე: „აქ მხოლოდ ეკონომიკურ საკითხთან არ გვაქვს საქმე. ეს მომხმარებლის უსაფრთხოებასაც უკავშირდება. ალკოჰოლური სასმლის წარმომავლობა, შემადგენლობა და შესაბამისი კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აუცილებელია, მომხმარებელს შეეძლოს გაარჩიოს ხარისხიანი, რეგისტრირებული პროდუქტი გაურკვეველი წარმომავლობის სასმლისგან“.
პერსპექტივა საერთაშორისო ბაზარზე
ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე უკვე ჩამოყალიბებული სახელია. ქართული „ჭაჭის“ მდგომარეობა კი განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ამ ყურძნისეული სპირტის გამოხდის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, „ჭაჭას“ ჯერ კიდევ არ უკავია ის ადგილი, რაც მას პოტენციალის გათვალისწინებით შეიძლება ეკუთვნოდეს.
ერთ-ერთი მიზეზი თავად პროდუქტის აღქმაა. საქართველოში „ჭაჭა“ ხშირად საოჯახო მოხმარების სასმელთან ასოცირდება. ბევრისთვის ის რთველის შემდგომი პერიოდის განუყოფელი ნაწილია, თუმცა გაცილებით ნაკლებად აღიქმება როგორც დამოუკიდებელი, მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელსაც საკუთარი წარმოების კულტურა, გემოვნური მრავალფეროვნება და კომერციული ღირებულება აქვს.
მევენახე-მეღვინე ალეკო ცქიტიშვილის აზრით, საჭიროა მომხმარებლისთვის იმის ჩვენება, რომ ჭაჭა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ტრადიციული სუფრის სასმელი, არამედ ხარისხიანი დისტილატი, რომლის წარმოებაც ისეთივე პროფესიულ ცოდნასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს, როგორც ღვინის დაყენება.
ალეკო ცქიტიშვილი: „ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია უხარისხო, ფალსიფიცირებული და იაფფასიანი „ჭაჭით“. როგორც ე. წ. ჩამოსასხმელი ღვინო იყიდება დიდი სუფრებისთვის და უმეტესწილად ეს ღვინო ფალსიფიცირებულია ანუ დაყენებულია შაქარ-წყლის დამატებით და გაბევრებით, ასეთივე პრობლემა აქვს „ჭაჭას“, რომელსაც ასევე უმატებენ შაქარს, რათა გააბევრონ გამოხდილი სპირტი. ეს კი უკვე ფალსიფიკაციაა. ამავე დროს, დისტილაციისას არ ხდება სპირტის ფრაქციებად დაყოფა და გამონახადი სრულად ერთად არის არეული. ამიტომაც ასეთი კუსტარული „ჭაჭა“ ბაზარზე არის მყრალი გემოსი და ბევრს გამჯდარი აქვს ეს ცნობიერებაში, რომ ეს მყრალი გემო „ჭაჭისთვის“ დამახასიათებელი და განუყოფელი ნაწილია. ამიტომ სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც ბევრი აქვს სამუშაო, როგორც ფალსიფიკაციის აღკვეთის, ისე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რათა სწორი წარმოდგენები შეგვექმნას და დავაფასოთ ეს მართლაც საამაყო ტრადიციული სპირტიანი სასმელი“.
ჭაჭის ტრადიციული წესით გამოხდისას მხდელები სპირტის შემცველობას ე. წ. ჯაჭვით ხვდებიან. ჩვენს მიერ განხილული პრობლემების ჯაჭვი კი მიგვახვედრებს, თუ რა გვიშლის ხელს საქართველო წარმოჩინდეს არა მხოლოდ ღვინის, არამედ ხარისხიანი „ჭაჭის“ მწარმოებელი ქვეყანა.
„ჭაჭის“ მწარმობლები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს როლიც მნიშვნელოვანია. ქართული „ჭაჭის“ პოპულარიზაციისთვის მწარმოებლების ინდივიდუალური ძალისხმევა საკმარისი არ არის. საჭიროა თანმიმდევრული ეროვნული სტრატეგია, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, პროფესიული დეგუსტაციები და პროდუქტის ცნობადობის გაზრდა.
ამ მხრივ საინტერესო მაგალითებია ფრანგული კონიაკი და იტალიური გრაპა. ორივე სასმელმა საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა, როგორც კონკრეტულ გეოგრაფიულ და კულტურულ ტრადიციასთან დაკავშირებულმა პროდუქტმა. საქართველოსაც აქვს შესაძლებლობა, „ჭაჭა“ მსგავსი მიდგომით წარმოაჩინოს - არა მხოლოდ როგორც ალკოჰოლური სასმელი, არამედ როგორც ქართული მეღვინეობის კულტურის ნაწილი.
თუმცა ამისთვის მხოლოდ სარეკლამო კამპანია საკმარისი არ იქნება. საჭიროა ხარისხის ერთიანი და გასაგები კრიტერიუმები, მწარმოებლების მხარდაჭერა, მომხმარებლის ინფორმირება და საერთაშორისო ბაზრებისთვის შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება. ამისთვის კი ჭაჭას ჯერ საკუთარ ქვეყანაშივე უნდა დავუმკვიდროთ ის ადგილი, რასაც იმსახურებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com