

ლევან სებისკვერაძე
2026 წელი დასავლეთ საქართველოს მევენახე-მეღვინეებისთვის რთული და არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. უხვი ნალექი, მაღალი ტენიანობა, ვაზის დაავადებების გავრცელება და ყურძნის სიმწიფის შეფერხება თითქმის ყველა ძირითად მევენახეობის რეგიონს შეეხო. განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომა, როცა მევენახეები იმედოვნებდნენ, რომ ამინდი დასტაბილურდებოდა და ყურძენი სასურველ კონდიციამდე მივიდოდა. თუმცა, ბუნებამ წელს მათ ეს შესაძლებლობა თითქმის არ მისცა.
განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში. ზოგიერთმა მევენახემ მოსავლის ნაწილი დაავადებების გამო დაკარგა, სხვებს კი ყურძნის ვადაზე ადრე დაკრეფა მოუხდათ, რათა ვაზზე დარჩენილი მოსავალიც არ გაფუჭებულიყო. რთველი ხშირად იმ პირობებში მიმდინარეობდა, როდესაც ყურძენს სასურველი შაქრიანობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღწეული. მიუხედავად ამისა, დასავლეთ საქართველოს მევენახე-მეღვინეები ცდილობდნენ, რთული სეზონის უარყოფითი გავლენა მაქსიმალურად შეემცირებინათ და არსებული მოსავლისგან საინტერესო ღვინოები მიეღოთ.
იმერეთი - ერთი თვით დაგვიანებული რთველი
2026 წელი საკმაოდ სპეციფიკური აღმოჩნდა იმერეთში. უხვი ნალექი ზაფხულს მთელი სეზონის განმავლობაში თან სდევდა, მაგრამ არავინ ელოდა, რომ წვიმიანი ამინდი სექტემბერ-ოქტომბერშიც ასე გაგრძელდებოდა და ყურძენს შაქრიანობის დაგროვება გაუჭირდებოდა.
შედეგად, რთველმა წინა წელთან შედარებით თითქმის ერთი თვით გადაიწია. ჩვეულებრივ, იმერეთში კრახუნას კრეფა სექტემბრის შუა რიცხვებში იწყება, წელს კი 10 ოქტომბრამდე რთველი ფაქტობრივად არ დაწყებულა. ბევრ მეღვინეს, დაბალი შაქრიანობის მიუხედავად, ყურძნის დაკრეფა მოუხდა. უმეტეს შემთხვევაში, შაქრიანობის მაჩვენებელი ბრიქსით, 18-19-ის ფარგლებში იყო.
იყო შემთხვევებიც, როცა მევენახეებმა ყურძენს დამატებით ერთი კვირა ან ათი დღე აცადეს, მაგრამ ამან მნიშვნელოვანი შედეგი ვერ გამოიღო. წვიმიანი ამინდის პირობებში შაქრიანობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა და ლოდინმა მოსალოდნელი შედეგი ვერ მოიტანა.
ლაშა გურული, მარანი „ენკენი“: „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული წელი იყო, პირველ ყოვლისა - ამინდების გამო, დუღილისას ღვინოებს არ გასჭირვებიათ და რამდენიმე პოზიტიურად განწყობილი მეღვინის შეფასებას თუ დავესესხებით, იმერეთში საკმაოდ საინტერესო, მსუბუქ და ხალისიან ღვინოებს მივიღებთ. ნოემბერი და ოცხანური საფერეს რთველი კი იმერეთში თითქმის ერთდროულად დაიწყო“.
მუდამ ტენიანი გურიის ამბები
წლევანდელი წელი გურიისათვის ტრადიციულად მაღალტენიანი იყო. განსაკუთრებით ტენით გამოირჩეოდა ზაფხულის თვეები. ამ პერიოდში ჰაერის ტენიანობა იყო ძალიან მაღალი და ამან ადგილობრივი ვენახებისთვის დიდი პრობლემა შექმნა. ზოგიერთი ვენახი სოკოვანი დაავადებებისგან ძლიერ ან ნაწილობრივ დაზიანდა ამ პერიოდში.
სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამინდები შედარებით დასტაბილურდა და მშრალი ამინდები წამოვიდა, რამაც ვენახიც უფრო მეტად გამოაცოცხლა და დაკარგა ზედმეტი ტენი მცენარემ, რამაც შედარებით სიტუაცია განოასწორა.
ვიტალი კილასონია, მარანი „რტო“: „გურიის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ვენახებში, რომლებიც გადაურჩა მაღალ ტენს, რთველი უკვე ჩატარდა. ამ თბილ პერიოდში ზოგიერთმა მევენახემ კრეფამდე გააკეთა მწვანე ოპერაცია, რათა ნაყოფს მეტი მზის სხივი მიეღო. ამანაც შემდგომში დაგვარწმუნა, რომ ფოთლებში წარმოქმნილი შაქარი ორგანული ნივთიერებების გამტარი ქსოვილის - ფლოემის საშუალებით მეტად კონდიცირდა და დაეხმარა მცენარეს მეტი რაოდენობით დაეგროვებინა შაქრები და სამარაგო ნივთიერებები. ასეთი ვენახები ამ პერიოდში უფრო მდგრადი აღმოჩნდა და შაქრიანობაც უფრო მაღალი დაფიქსირდა. ჩვენმა რთველმა წარმატებით ჩაიარა, მივიღეთ საშუალო რაოდენობის მოსავალი და მომავალ წელს დაემატება ჩვენი ახალშენი ვენახიდან მიღებული მოსავალიც. რაც შეეხება ოცხანურ საფერეს, რომელიც ფერდზეა გაშენებული, ჯერ არ დაკრეფილა. თუმცა, აქ შაქრიანობა არის იდეალურად დაბალანსებული უკვე და კარგა ხანია 21% -ს ასცდა. აქ რთველს უახლოეს დღეებში ჩავატარებთ“.
სამეგრელო - წვიმიანი სეზონი და დაავადებებთან ბრძოლა
სამეგრელოშიც ძალიან რთული წელი იყო. ხშირი წვიმები მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა და რთველის დროსაც არ შეწყვეტილა. ვეგეტაციის დასაწყისიდანვე არსებობდა ვაზის დაავადებების გავრცელების მაღალი რისკი, რაც მევენახეებს მთელი სეზონის განმავლობაში დამატებით პრობლემებს უქმნიდა.
გელა გვასალია, მევენახე-მეღვინე წალენჯიხიდან: „ჩვენთან ყველა წელი განსხვავებულია. ეს განსაკუთრებით პატარა მარნებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომლებიც სპონტანური დუღილით ცდილობენ ფონს გასვლას. სწორედ ეს არაპროგნოზირებადობა, წლის გავლენა, თავად მევენახე-მეღვინის განწყობები, მის გარშემო და ქვეყანაში მიმდინარე ამბების ღვინოში ასახვა და ამ ყველაფერზე დაკვირვებაა ის, რაც ამ საქმეს ასე მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. ხშირი წვიმა წამლობის დროულად ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა. იყო ჭრაქისა და ნაცრის შემთხვევები, რომელთა შეჩერებასაც თავიდან წამლობით ვახერხებდით, მაგრამ მოგვიანებით დაავადებები მაინც გავრცელდა და მოსავლის ნაწილი გააფუჭა. დაავადება ფოთლებზეც გადავიდა, რამაც ყურძნის სიმწიფე შეაფერხა და შაქრიანობის დაგროვება გაართულა. შესაბამისად, ყურძნის ხარისხი მაღალი არ იყო, თუმცა შერჩევითი დაკრეფით ზოგმა მევენახემ წლის უარყოფითი გავლენის მინიმალიზება შეძლო“.
გელა გვასალიამ შედარებისთვის შარშანდელი და წლევანდელი წვიმიანი დღეების რაოდენობაც შეისწავლა და საინტერესო შედეგები მიიღო:
|
თვე |
2026 წელი |
2025 წელი |
|
მაისი |
20 დღე |
10 დღე |
|
ივნისი |
13 დღე |
14 დღე |
|
ივლისი |
15 დღე |
9 დღე |
|
აგვისტო |
19 დღე |
11 დღე |
|
სექტემბერი |
17 დღე |
10 დღე |
|
ოქტომბერი |
12 დღე |
8 დღე |
გელა გვასალიას თქმით, ეს მონაცემები კარგად აჩვენებს, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ნალექიანი დღეების რაოდენობა ყურძნის სიმწიფესა და, საბოლოოდ, ღვინის ხარისხზე.
რაჭა-ლეჩხუმი - იმედიანი დასაწყისი და რთული შემოდგომა
შარშანდელთან შედარებით, წელს სეზონი რაჭასა და ლეჩხუმში გაცილებით უკეთ დაიწყო. ვაზის ფოთოლი ბევრად უფრო ჯანმრთელი იყო, ვენახები კი გაცილებით ხალისიანად გამოიყურებოდა. გასულ წელს გვალვამ ვაზი მნიშვნელოვნად დააზიანა, წელს კი თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა.
თუმცა, 10 აგვისტოს შემდეგ ამ მხარეში მზიანი დღეები თითქმის აღარ ყოფილა. დაბალი ტემპერატურა და განუწყვეტელი ნალექი მევენახეებს იმედს უკარგავდა, რომ ყურძენი სათანადოდ დამწიფდებოდა. საბოლოოდ, ბევრ ვენახში ყურძენი ვაზზევე დალპა.
აქვსენტი კობახიძე, მევენახე-მეღვინე რაჭიდან: „მცოდნე ხალხს რომ ვესაუბრები ყურძნის დალპობის მიზეზებზე, უმეტესობა ზუსტ პასუხს ვერ მცემს. ბევრი ამას წამლობას უკავშირებს, მაგრამ მე, მიუხედავად არსებული რისკებისა, ვენახი გადავარჩინე. ლპობის ზღვარზე მივედით, სიდამპლე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ საბოლოოდ მოსავლის შენარჩუნება მოვახერხე. უფრო ადრე რომ მომეკრიფა, ყურძენს შაქრიანობა დააკლდებოდა. ამიტომ რთველი პირველ ნოემბერს ჩავატარე და ყურძენმა 23-პროცენტიან შაქრიანობას მიაღწია, რაც წლევანდელი სეზონისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა“.
აქვსენტი კობახიძის თქმით, სერიოზული პრობლემა ის არის, რომ რაჭაში, ფაქტობრივად, არავინ დაელოდა ყურძნის სრულ სიმწიფეს, განსაკუთრებით - ისინი, ვისაც მოსავალი ჩასაბარებელი ჰქონდა. ბევრი მევენახე იძულებული გახდა, ყურძენი ადრე ჩაებარებინა, რადგან ეშინოდა, რომ მოგვიანებით მარნები მოსავალს აღარ ჩაიბარებდნენ. გამოდის, რომ ბევრი კომპანია თავად არ არის დაინტერესებული, ბოლომდე დამწიფებული ყურძენი შეიძინოს და მევენახეს შესაბამისი დრო მისცეს.
რაჭაში წელს ალექსანდროული 8 ლარი ღირდა. აქედან 4 ლარს მარანი იხდიდა, დანარჩენ 4 ლარს კი სახელმწიფო სუბსიდიის სახით ამატებდა.
ირაკლი კოპალიანი, მევენახე-მეღვინე ლეჩხუმიდან: „წელს რიონის ხეობაში გაცილებით ცუდი მდგომარეობა იყო, ვიდრე ცხენისწყლის ხეობაში. მთავარი პრობლემა, ცხადია, წვიმები იყო, რის გამოც ყურძნის დიდი ნაწილი დალპა. რთველის დროსაც ცუდი ამინდები გაგრძელდა და ბევრმა მევენახემ ყურძნის სრულ დამწიფებას აღარ დაელოდა. რაც შეეხება ცხენისწყლის ხეობას და, მათ შორის, უსახელაურის მიკროზონას, აქ ყურძენი მეტ-ნაკლებად ნორმალურად მივიდა რთველამდე. პირადად მე ცოლიკაური 21-პროცენტიანი შაქრიანობით დავკრიფე, უსახელაურმა კი 22-23 პროცენტს მიაღწია. მთლიანობაში, ლეჩხუმში წლევანდელ წელს დადებითად ვერ შევაფასებთ, თუმცა ამაზე ბევრად უარესი წლებიც გვახსოვს“.
რაჭა-ლეჩხუმში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ყურძნის ჯიშური სიწმინდისა და გეოგრაფიული წარმომავლობის საკითხი. მართალია, რთველის პერიოდში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს, რომ ყურძნის ჩაბარებისას სხვა ჯიშები უსახლაურის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის სახელით არ მოხვდეს, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ამით არ ამოიწურება.
2026 წლის რთველმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მოწყვლადია დასავლეთ საქართველოს მევენახეობა კლიმატური პირობების მიმართ. იმერეთში ყურძნის სიმწიფის თითქმის ერთი თვით დაგვიანებამ, სამეგრელოში დაავადებების გავრცელებამ, გურიაში, რაჭასა და ლეჩხუმში კი ხანგრძლივმა წვიმებმა და ყურძნის ლპობამ მევენახეებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მთავარ კითხვაზე პასუხი ახალ ღვინოებში გამოჩნდება. მომავალ წელს სწორედ მათი შეფასება გვიჩვენებს, რამდენად წარმატებით შეძლეს მეღვინეებმა რთული წლის გამოწვევებთან გამკლავება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com