

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანია Glodow Nead Communications-ის ორგანიზებით, საქართველოში აშშ-ის ღვინის კომერციული სექტორის შვიდი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის მრავალფეროვნების, წარმოების მეთოდებისა და ქვეყნის მეღვინეობის კულტურის გაცნობა იყო.
დელეგაციის შემადგენლობაში სომელიეები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, მედიისა და Glodow Nead Communications-ის თანამშრომლები შედიოდნენ. სტუმრებმა ქართლისა და კახეთის რეგიონებში სხვადასხვა ღვინის საწარმო და მარანი მოინახულეს, სადაც ქართული ღვინოები დააგემოვნეს და მათი დამზადების სპეციფიკას გაეცნენ.
ამერიკელმა სტუმრებმა როგორც ევროპული, კლასიკური ტექნოლოგიით, ისე ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული ღვინოები შეაფასეს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ქართული მეღვინეობის ისტორიის, ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ვიზიტის მნიშვნელობაზე Glodow Nead Communications-ის წარმომადგენელმა ლორა ბურგესმა ისაუბრა. მისი თქმით, ქართლსა და კახეთში მოგზაურობამ დელეგაციის წევრებს ორი განსხვავებული ღვინის რეგიონის თავისებურებების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მისცა. სტუმრებმა ღვინოები როგორც დამოუკიდებლად, ისე ტრადიციულ და თანამედროვე კერძებთან შეხამებით დააგემოვნეს.
ბურგესის განცხადებით, მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ლას-ვეგასიდან, მაიამიდან, ნიუ-იორკიდან და სან-ფრანცისკოდან ჩასული მყიდველებისთვის. ქართველმა მეღვინეებმა მათ დეტალურად გააცნეს ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტექნოლოგია და ევროპული მეთოდები. დელეგაციის წევრები საქართველოში მიღებული ცოდნისა და შთაბეჭდილებების ამერიკელ კოლეგებთან გაზიარებას გეგმავენ.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2013 წლიდან აშშ-ში აქტიურად ხორციელდება მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.
ამერიკელი პროფესიონალების ვიზიტი ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ქვეყნის ღვინის რეგიონების, მრავალფეროვანი სტილისა და წარმოების ტრადიციების უშუალოდ გაცნობა ხელს უწყობს ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდასა და მის დამკვიდრებას ამერიკულ ბაზარზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com