

ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მთავარი ავტორები მეღვინეები არიან, რომლებიც დღემდე ერთგულად აგრძელებენ ამ გზას და ცდილობენ, საკუთარი ამბავი სხვების ამბადაც აქციონ. თითოეული ვენახი, თითოეული მარანი და თითოეული ბოთლი ამ დიდი ისტორიის ნაწილია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, იცვლება, ვითარდება და ახალ მნიშვნელობებს იძენს.
სწორედ ამ ისტორიების მოსასმენად, გასაზიარებლად და ახალი გემოებისა თუ ადამიანების აღმოსაჩენად იკრიბებიან სტუმრები ფესტივალზე „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“. ღონისძიება 24 ოქტომბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, თბილისში, მთაწმინდის პარკში, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორია „ღვინის კლუბი“, მხარდამჭერები კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.
ფესტივალის ისტორიას თუ გავყვებით, უპირველესად, მის სახელწოდებას უნდა დავუბრუნდეთ. მცირე მარნებისთვის დიდი ასპარეზი აუცილებლად დიდ სცენას ან საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნას არ გულისხმობს. ზოგჯერ დიდი ასპარეზი გაცილებით მოკრძალებული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია, მაგალითად, როდესაც ადამიანს პირველად ასინჯებ ღვინოს, ის კი მანამდე არც შენ გიცნობდა და არც შენს მარანს. სწორედ ასეთი შეხვედრა შეიძლება იქცეს ხანგრძლივი ურთიერთობის, ახალი შესაძლებლობებისა და საერთო ისტორიის დასაწყისად.
ფესტივალის ისტორია 2016 წელს დაიწყო. პირველ ღონისძიებაში დაახლოებით 20 მცირე მარანი მონაწილეობდა. მომდევნო წლებში მონაწილეთა რაოდენობა თანდათან გაიზარდა, ფესტივალმა კი ქართული მეღვინეობის სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. წელს ფესტივალი მერვედ იმართება და უკვე დაგროვილი გამოცდილებით კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული ღვინის მრავალფეროვნების სრულფასოვანი გაცნობა მცირე მარნებისა და მათი მეღვინეების გარეშე შეუძლებელია.
საოჯახო მეღვინეობა ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი და ცოცხალი ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში ღვინო კონკრეტულ ოჯახს, ვენახს, სოფელსა და ადგილობრივ ცოდნას უკავშირდებოდა. ამ გამოცდილების ნაწილი თაობებს გადაეცემოდა, ნაწილი დროთა განმავლობაში იცვლებოდა, ზოგიერთ ტრადიციას კი ახალი თაობის მეღვინეები ხელახლა აღმოაჩენდნენ და საკუთარ გამოცდილებას უსადაგებდნენ.
თანამედროვე მცირე მარანი ამ ისტორიის გაგრძელებაა. თუმცა, ტრადიციის შენარჩუნებასთან ერთად, დღევანდელ მეღვინეებს ახალი გამოწვევებიც აქვთ: მათ უნდა შეძლონ საკუთარი ღვინის იდენტობის წარმოჩენა, მომხმარებელთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება და კონკურენტულ ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უშუალო შეხვედრა ადამიანებთან, ვისთვისაც ღვინო კულტურის, ადგილისა და პირადი გამოცდილების აღმოჩენის საშუალებაცაა.
„ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ სწორედ ისეთი ღონისძიებაა, სადაც ღვინო თავის სათავეს უბრუნდება. სტუმარს შესაძლებლობა აქვს, უშუალოდ, პირადად გაესაუბროს მეღვინეს, გაიგოს ღვინის წარმოშობის ამბავი, შეიტყოს, რატომ შეარჩია მან კონკრეტული ვაზის ჯიში, რა მეთოდით დააყენა ღვინო და ა.შ.
წლევანდელი ფესტივალის მონაწილეთა სია მრავალფეროვანია. 47 მონაწილეს შორის არიან მარნები, რომლებსაც ღვინის მოყვარულები უკვე კარგად იცნობენ, და ისეთებიც, რომელთა აღმოჩენაც სტუმრებს ჯერ კიდევ წინ აქვთ. ფესტივალში მონაწილეობა ახალი მარნებისთვის საკუთარი ღვინოების წარდგენის, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობაა.
მათ მოლოდინებზე, ფესტივალისთვის შერჩეულ ღვინოებსა და იმ ამბებზე, რომელთა გაზიარებაც სტუმრებისთვის სურთ, რამდენიმე მონაწილე გვესაუბრა.
სალომე მალაშხია - ნიკვაშვილის მარანი

„ჩვენთვის ფესტივალში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ღვინოები უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ, ღვინის მოყვარულებს შევხვდეთ და ჩვენი მარნის ისტორია გავუზიაროთ. ვფიქრობთ, ფესტივალი დაგვეხმარება ახალი კონტაქტების დამყარებაში, ღვინოების ცნობადობის გაზრდასა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაში.
ამ ეტაპზე ფესტივალზე წარმოვადგენთ წარაფსა და გორულ მწვანეს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ ჩვენი ღვინოები, გაეცნონ მათ ხასიათს და უფრო ახლოს გაიცნონ ჩვენი პატარა მარნის ისტორია.“
ვახტანგ ბაქრაძე - ბაქრაძეების მარანი

„ჩვენთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა „ბაქრაძეების მარნისა“ და ჩვენი შავკაპიტოს უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობაა. მცირე მარნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებთან უშუალო შეხვედრა და მათგან მიღებული უკუკავშირი - როგორ აღიქვამენ ღვინოს, რა ამახსოვრდებათ და რას გრძნობენ მისი დაგემოვნებისას.
ფესტივალზე წარმოვადგენთ 2025 წლის შავკაპიტოს - ქართლის ერთ-ერთ გამორჩეულ და საინტერესო წითელყურძნიან ჯიშს. ჩვენი მიზანია, სტუმრებს მისი ხასიათი, ინდივიდუალობა და ის შესაძლებლობები გავაცნოთ, რომლებსაც ეს ჯიში გვთავაზობს.
ფესტივალისგან ველით ახალ ნაცნობობას, პროფესიულ კონტაქტებს და იმას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს როგორც ჩვენი მარანი, ისე თავად შავკაპიტო.
სტუმრებს ვპირდებით არა მხოლოდ ღვინის დაგემოვნებას, არამედ მის მიღმა არსებული ისტორიის გაზიარებასაც - ვენახიდან ბოთლამდე. გვინდა, შავკაპიტო მათთვის უბრალოდ კიდევ ერთი ღვინო კი არ იყოს, არამედ დასამახსოვრებელ აღმოჩენად იქცეს.“
ჯაბა აბაიშვილი - ჭალელი

„ჩვენთვის ფესტივალში მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჭალელის ისტორიის გასაზიარებლად და ახალი ადამიანების გასაცნობად. გვინდა, ჩვენი ღვინოებით უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ვაჩვენოთ, რომ თითოეულ ბოთლში ქართული ხასიათი, ჩვენი შრომა და განსაკუთრებული ისტორიაა მოქცეული.
ფესტივალისგან ველით ახალ შესაძლებლობებს, საინტერესო თანამშრომლობასა და ურთიერთობებს, რომლებიც ჭალელის განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებაში დაგვეხმარება.
სტუმრებს ჩვენს ღვინოებს წარვუდგენთ: ჩინურს-გორულ მწვანეს, შავკაპიტოსა და სოვინიონ ბლანს. თითოეულ მათგანს საკუთარი ხასიათი, არომატი და ისტორია აქვს. გვინდა, სტუმრებმა მხოლოდ ღვინო კი არ დააგემოვნონ, არამედ ქართული ღვინის მრავალფეროვნებაც შეიგრძნონ და მიიღონ გამოცდილება, რომელიც დიდხანს გაჰყვებათ.“
© ღვინის კლუბი/vinoge.com