

სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა, რომელსაც 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com“ ორგანიზებით ჩატარდა.
პროფესიული მასტერკლასის, დეგუსტაციისა და ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების პროდუქციას. დამსწრეთა შორის იყვნენ ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები.
ჩინეთსა და იაპონიასთან ერთად, კორეის რესპუბლიკა აზიის რეგიონში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობა რეგულარულად ხორციელდება. სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Wine21.com“ კორეაში ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ონლაინ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიებს აწარმოებს.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად უჭერს მხარს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამ მხარდაჭერით, ქართული მწარმოებლები რეგულარულად მონაწილეობენ კორეის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებში, როგორებიცაა „Seoul International Wine and Spirits Expo“ და „Daejeon International Wine Festival“.
© ღვინის კლუბი/vinoge.com