

ესაუბრა თამარ მღებრიშვილი
ენდრიუ ჯეფორდი ერთ-ერთი გამორჩეული ბრიტანელი ღვინის მწერალი, ჟურნალისტი და ექსპერტია, რომელიც 1988 წლიდან წერს ღვინის შესახებ. იგი თანამშრომლობს ისეთ გავლენიან გამოცემებთან, როგორიცაა Decanter და The World of Fine Wine, არის Decanter World Wine Awards-ის თანათავმჯდომარე და ღვინის განათლების სფეროს აქტიური მხარდამჭერი.
გთავაზობთ Vinoge.com-ის ექსკლუზიურ ინტერვიუს ენდრიუ ჯეფორდთან. ინტერვიუში ჯეფორდი თანამედროვე ღვინის სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე საუბრობს: რატომ კარგავს ღვინო მიმზიდველობას მომხმარებელთა ნაწილისთვის და როგორ უნდა უპასუხოს ამ ცვლილებებს ღვინის ინდუსტრიამ. ჯანმრთელობის შესახებ გზავნილებიდან და ახალი სამომხმარებლო ტენდენციებიდან დაწყებული, ღვინის შესახებ კომუნიკაციის ფორმებითა და მისი კულტურული მნიშვნელობით დასრულებული, ჯეფორდის მსჯელობა ერთ მთავარ იდეას ეფუძნება: ღვინის მომავალი მხოლოდ მის ხარისხზე არ არის დამოკიდებული - მნიშვნელოვანია მისი უნიკალურობის, წარმოშობის, ისტორიისა და ადამიანებთან და ადგილებთან კავშირის წარმოჩენაც. ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი ხაზი კი ქართულ ღვინოს, მის პოტენციალსა და თანამედროვე გამოწვევებს, ასევე ამ გამოწვევების გადაჭრის ჯეფორდისეულ ხედვას ეთმობა.
- თქვენ წელს საქართველოში საფერავის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ხართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. საფერავზე ხშირად საუბრობენ, როგორც ჯიშზე, რომელსაც აქვს პოტენციალი, გასცდეს საქართველოს ფარგლებს და საერთაშორისო მნიშვნელობის ვაზის ჯიშად ჩამოყალიბდეს, ხოლო მისგან დაყენებულმა ღვინოებმა მსოფლიო დონის წითელ ღვინოებს შორის დაიმკვიდროს ადგილი. რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ეს პერსპექტივა და, თქვენი აზრით, რამდენად სწორად და ეფექტურად ახერხებს დღეს ქართული ღვინის ინდუსტრია საფერავის ამ პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე?
- ძალიან მიხარია საფერავის საერთაშორისო კონკურსის თავმჯდომარეობა. ეს ჯიში ძალიან მიყვარს და მსურს, ვიხილო, როგორ დაიმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე და როგორ მიაღწევს სრულ პოტენციალს.
მიყვარს ღრმა, სტრუქტურირებული წითელი ღვინოები. მიმაჩნია, რომ წითელ ღვინოში ტანინები არა მხოლოდ იმ ფიზიოლოგიური სარგებლის საფუძველია, რომელსაც ჩემი ორგანიზმი წითელი ღვინის ზომიერი მოხმარების შედეგად იღებს (და რომელსაც ემატება სოციალური ურთიერთობის, საუბრებისა და ეკრანებისგან მოწყვეტილი დროის ფსიქოლოგიური სარგებელი, რისი შესაძლებლობაც ღვინოს შეუძლია მოგვცეს), არამედ ხშირად სწორედ ტანინები ქმნის იმ ღრმა სიამოვნების საფუძველსაც, რომელსაც აღიარებული „დიდი ღვინოები“ საჭმელთან შეხამებისას მანიჭებს.
რა აერთიანებს მსოფლიოს უდიდეს წითელ ღვინოებს - ბორდოს, ბურგუნდიის, რონის ხეობის, პიემონტის, ტოსკანის, ნაპას, რიოხისა და დოუროს/დუეროს ხეობის ღვინოებს? მცენარეული ტანინებით განპირობებული გამოკვეთილი სტრუქტურა (ტანინების ძირითადი წყარო ყურძნის კანია, თუმცა ზოგჯერ მათ ღეროები და წიპწებიც იძლევა). დიახ, ბურგუნდიული ღვინოებიც კი - ტანინური სტრუქტურის გარკვეული შეგრძნება ხშირად სწორედ ის ნიშანია, რომელიც ბურგუნდიულ პინო ნუარს სხვაგან მოყვანილი მისი კონკურენტებისგან განასხვავებს. საფერავი კი ბრწყინვალე სტრუქტურის მქონე წითელ ღვინოებს იძლევა.
საფერავი teinturier-ის ტიპის ჯიშია, ანუ ისეთი ჯიში, რომლის რბილობიც შეფერილია. მეტიც, პირადად ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო teinturier-ია, თავის უახლოეს კონკურენტზე, ალიკანტე ბუშეზე, აღმატებული.
ამასთან, საფერავისგან შესაძლებელია სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების დაყენება , მათ შორის ისეთებისაც, რომლებშიც ხილის არომატები და გემოები დომინირებს (საფერავის ღვინო აუცილებლად მკვეთრად სტრუქტურირებული არ უნდა იყოს). მისი ხილისეული თვისებები ამაღელვებელი და ფეთქებადად ინტენსიურია.
ისიც შევნიშნე, რომ ბოთლში დაძველებისას საფერავი შედარებით სწრაფად კარგავს თავის სტრუქტურას და, შესაბამისად, სხვა „ძლიერი აღნაგობის“ წითელი ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებთან შედარებით, დაძველების ნიშნებს უფრო სწრაფად იძენს. ეს კიდევ ერთი უპირატესობაა. ამიტომ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ საფერავს აქვს პოტენციალი, „მსოფლიო დონის წითელ ღვინოებს შორის საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს“. თუმცა გარკვეული გამოწვევებიც არსებობს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ისაა, რომ დღეს საერთაშორისო მასშტაბით „დიდი სხეულის“ მქონე წითელი ღვინოები მოდიდან გადავიდა. ასევე აღარ არის მოდური მუქი შეფერილობის, განსაკუთრებით კი კარგად დამწიფებული ყურძნისგან დაყენებული, მუხაში დაძველებული და დაბალი მჟავიანობის წითელი ღვინოები.
სინამდვილეში, მოდას ზიზღით ვუყურებ და უკვე 70 წელია, მის წინააღმდეგ წასვლას ვცდილობ. ჩემთვის „მოდა“ სისულელისა და ცხვრის ფარასავით ქცევის სინონიმია. ის ასევე ადამიანებისგან ფულის უსარგებლოდ გამოძალვის, მათი ცნობიერებით მანიპულირებისა და საბოლოოდ მათი დამცირების საშუალებაა. ამიტომ - არანაირი მოდა!
თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამ საკითხში განსხვავებული შეხედულების მქონე უმცირესობას ვეკუთვნი. ადამიანების უმეტესობა მოდას მიჰყვება და ყველაფერს უკრიტიკოდ იღებს. ამჟამად საფერავის ტიპის ღვინოები მოდური არ არის. ეს კი გამოწვევაა.
მჯერა, რომ ყველა მოდა ადრე თუ გვიან იცვლება - თანაც წრიული მოძრაობით! - და ადამიანებს საბოლოოდ მობეზრდებათ მსუბუქი, მაღალი მჟავიანობის, დაბალი ალკოჰოლური შემცველობისა და „ინტელექტუალური“ წითელი ღვინოები, რომლებიც დღეს მოდაშია. ადამიანებს ბუნებრივად აქვთ მიდრეკილება, სიამოვნება მიიღონ სიმწიფისგან - როგორც საკვებში, ისე სასმელში. რა თქმა უნდა, დაბალანსებული სიმწიფისგან, მაგრამ მაინც სიმწიფისგან.
ასევე მჯერა, რომ ყველა ნამდვილი, დახვეწილი ღვინის მოყვარული საბოლოოდ სტრუქტურირებულ წითელ ღვინოებს უბრუნდება, რადგან სწორედ ისინი ეხამება საკვებს საუკეთესოდ და სწორედ ასეთ ღვინოებში ვლინდება წითელი ღვინის სიღრმე და არსებითი ხასიათი. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჯიშზე გადაჭარბებულ ორიენტაციას - ე.წ. „ჯიშობრივ მიდგომას“ (varietalism) - ვეწინააღმდეგები. ეს არის შეხედულება, რომლის თანახმადაც, ღვინის სტილი, ხასიათი და სენსორული მიმზიდველობა, უპირველეს ყოვლისა, იმ ყურძნის ჯიშით განისაზღვრება, რომლისგანაც ის არის დაყენებული. სინამდვილეში კი ღვინის სტილი და სენსორული მიმზიდველობა კონკრეტული ადგილისა და სეზონისგან მომდინარეობს. ვაზის ჯიში უბრალოდ ის ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ადგილი და სეზონი ღვინოში საკუთარ გამოხატულებას პოულობს.
პოიაკის კაბერნე სოვინიონი და ნაპას, კერძოდ, რეზერფორდის კაბერნე სოვინიონი სრულიად განსხვავებული ტიპის დახვეწილი წითელი ღვინოებია. იგივე შეიძლება ითქვას კაჰორისა და მენდოსას მალბეკზე; მადირანისა და ურუგვაის ტანაზე; სანსერისა და მარლბოროს სოვინიონ ბლანზე. რომელია „ნამდვილი კაბერნე“ - პოიაკის თუ ნაპას? პასუხი ასეთია: არც ერთი… ან ორივე. სინამდვილეში, რასაც თქვენ სვამთ, ეს პოიაკის ან ნაპას ღვინოა.
ამის ნათლად დანახვა შეიძლება, თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაყენებულ საფერავის ღვინოებს ერთმანეთს შევადარებთ. კახური საფერავი განსხვავდება ქართლის, იმერული ან რაჭა-ლეჩხუმური საფერავისგან. ამ განსხვავებაში ღვინის წარმოების მეთოდებსაც მიუძღვის გარკვეული წვლილი, თუმცა მათი დანიშნულება მხოლოდ ისაა, რომ ბუნების მიერ მოცემული შესაძლებლობები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ.
სანამ საფერავი საერთაშორისო მასშტაბით უფრო ფართოდ არ გავრცელდება, წარმოდგენაც კი არ გვაქვს, როგორ გამოავლენს ის საკუთარ შესაძლებლობებს, რამდენად კარგად იმუშავებს სხვადასხვა პირობებში ან როგორი იქნება მისგან დაყენებული ღვინოები. მსოფლიოს მევენახეობისა და მეღვინეობის რეგიონების უმეტესობაში ის შეიძლება შესანიშნავი ან სრულიად შეუფერებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდეს - ეს ჯერ უბრალოდ არ ვიცით.
არ მიმაჩნია, რომ საფერავის მსოფლიო ასპარეზზე პოპულარიზაცია საქართველოს ამოცანა უნდა იყოს. საქართველომ და ქართველმა მეღვინეებმა მხოლოდ ის უნდა გააკეთონ, რომ საფერავის გამოყენებით, თითოეულ მათ მიერ დამუშავებულ განსხვავებულ ადგილას, შეძლებისდაგვარად შექმნან ყველაზე გემრიელი, დახვეწილი, ნიუანსებით მდიდარი, ტექსტურულად გამორჩეული და არომატულად მომნუსხველი ღვინოები.
თუ საქართველოს გამორჩეული ღვინოები მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდება, მაღალ ფასს დაიმკვიდრებს, ხანგრძლივი დაძველების პოტენციალით მიიპყრობს ყურადღებას და საბოლოოდ ლონდონის, ნიუ-იორკისა და ჰონგ-კონგის მაღალი კლასის ღვინოების აუქციონებზე დაძველებული ღვინოების სახით დაიწყებს ვაჭრობასა და მოთხოვნის მოპოვებას, მაშინ მსოფლიო საფერავზე ექსპერიმენტირებას დაიწყებს. შესაძლოა, სწორედ ამის შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ მისი ნამდვილი პოტენციალი იმაში მდგომარეობს, რომ გამორჩეული მეღვინეობისთვის ვარგისი ადგილების შესაძლებლობების სრულად გამოვლენის ინსტრუმენტად იქცეს.
ჩვენი კონკურსის იდეაც სწორედ ეს არის, მივესალმოთ ყველა ასეთ ღვინოს, სამართლიანად შევაფასოთ ისინი და ამ გზით მსოფლიოს დავანახოთ ის შესაძლებლობების ერთობლიობა, რომელსაც საფერავი წარმოადგენს.
- დღეს მსოფლიოში ჭაჭაზე ხანგრძლივი კონტაქტით (skin-contact) დაყენებული ქარვისფერი ღვინოები სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტენდენციადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, დასავლელი მომხმარებლის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ეს სტილი ჯერ კიდევ შედარებით ახალი გამოცდილებაა. თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს მთავარი ბარიერი, რომელიც დასავლელ მომხმარებელს ქართული ქარვისფერი ღვინის სრულად აღქმასა და მიღებაში უშლის ხელს? და, მეორე მხრივ, რა ქმნის იმ განსაკუთრებულ ინტერესსა და მიმზიდველობას, რის გამოც ქარვისფერი ღვინოები დასავლეთში სულ უფრო პოპულარული ხდება?
- მეორე კითხვაზე პასუხით დავიწყებ. უკვე აღვნიშნე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის წითელი ღვინის სტრუქტურა - მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების, საკვებთან შეხამების უნარისა და სენსორული მიმზიდველობის სიღრმის გამო.
ქარვისფერი ღვინოები კანთან კონტაქტით დაყენებული თეთრი ღვინოებია… ან, თუ ასე გირჩევნიათ, თეთრი ღვინოები, რომლებშიც ტანინების გარკვეული, უმცირესი კვალიდან მნიშვნელოვნად გამოხატულამდე მერყევი შემცველობა ან სტრუქტურული სირთულე იგრძნობა.
ჩემთვის და მრავალი უფროსი თაობის ღვინის მოყვარულისთვის ამგვარი ღვინო ჩვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში, როცა ღვინოს ვსვამდით, დაკარგული კატეგორია იყო. ახლა კი ის კვლავ გვაქვს - რა მშვენიერია! ეს იყო „დაკარგული მეექვსე“. გვქონდა წითელი, თეთრი, ცქრიალა, ვარდისფერი და შემაგრებული ღვინოები, მაგრამ არ გვქონდა ქარვისფერი ღვინოები - ისინი დასავლეთევროპულ მეღვინეობის ტრადიციაში დაიკარგა. ახლა კი ისინი კვლავ დავიბრუნეთ. მადლობა, საქართველო!
ახალგაზრდა ღვინის მოყვარულებისთვის ეს დანარჩენი ხუთი ძირითადი კატეგორიისგან განსხვავებული სტილია და, შესაბამისად, მათ ღვინის გამოცდილებას რაღაც ახალსა და დამატებითს სძენს. ხოლო მათთვის, ვინც ე.წ. „ნატურალური ღვინით“ არის დაინტერესებული (იგულისხმება ღვინო, რომლის წარმოების პროცესშიც ადამიანის ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი), ქარვისფერი ღვინოები, შესაძლოა, თეთრყურძნიანი ჯიშების გამოხატვის უმთავრესი ფორმა იყოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ მეთოდით ყურძენს მთლიანად იყენებთ და ზოგჯერ მტევანსაც კი დაუშლელად ტოვებთ; პროცესში კი ფიზიკურად არ ერევით მანამ, სანამ დუღილი საბოლოოდ არ დასრულდება.
რაც შეეხება ამ საკითხის პირველ ნაწილს, დაბრკოლება ისაა, რომ ღვინის გლობალური მომხმარებლების უმეტესობას მსგავსი ღვინოები აქამდე არასდროს გაუსინჯავს და ამიტომ მათ გემო „უცნაურად“ ეჩვენებათ. მათ სიახლის მოულოდნელობისა და თავდაპირველი გაოცების ეფექტი მოაქვთ. ეს შეჩვევას საჭიროებს, და გემოსთან შესაჩვევად დროა საჭირო.
ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ღვინოების გაფუჭებისა თუ არასასურველი გადახრების გარეშე დაყენება მოთმინებას, მუდმივ ყურადღებასა და ოსტატობას მოითხოვს. ამ პროცესში წარუმატებლობებიც ხდება. ამასთან, ეს არის სტილი, რომელსაც ესთეტიკური გამოხატვის საკმაოდ ფართო დიაპაზონი აქვს - უკიდურესად ნაზი, თითქმის შეუმჩნევლად ქარვისფერი ღვინოებიდან ღრმა შეფერილობისა და მძლავრი ხასიათის მქონე ღვინოებამდე.
შესაძლოა, სწორედ ეს მრავალფეროვნება ართულებდეს ქარვისფერი ღვინოების აღქმასა და გაგებას - თუმცა, მეორე მხრივ, იგივე შეიძლება ითქვას წითელ ღვინოებსა და, ზოგადად, კანთან კონტაქტის გარეშე დაყენებულ თეთრ ღვინოებზეც.
- საქართველო ისტორიულად „ღვინის სამშობლოა“, რაც გარკვეულწილად ძლიერი მარკეტინგული გზავნილია, თუმცა თანამედროვე ღვინის ბაზარზე მხოლოდ ისტორია, ალბათ, საკმარისი აღარ არის. თქვენი აზრით, რა არის მთავარი შეცდომა, რომელსაც ქართველი მეღვინეები ქვევრის ღვინის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენისას უშვებენ? განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ქვევრის ღვინის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მის წარმოებას დიდი ღვინის კომპანიებიც აქტიურად მიმართავენ. რამდენად ავთენტურად წარმოაჩენენ ისინი ქვევრის ღვინის არსსა და ტრადიციას? თქვენი აზრით, ქვევრის ღვინო უფრო მეტად მცირე მარნების ხელწერად უნდა დარჩეს, თუ მისი ფართო კომერციალიზაცია ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა?
- ყველაზე დიდი შეცდომა იქნება წუნდებული ან გაფუჭებული ქვევრის ღვინის ბაზარზე „ავთენტურობის“ სახელით გატანა. ქართველმა მეღვინეებმა - როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივი ძალისხმევით - უნდა უზრუნველყონ, რომ ეს არ მოხდეს.
ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს, რა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება ღვინის ეტიკეტზე ტერმინ „ქვევრის“ გამოყენება. როგორც მე მესმის, ტერმინ „ქვევრს“ მინიჭებული აქვს გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი (PGI), რაც გულისხმობს საქართველოში, ავთენტური ქართული ნედლეულის - თიხის - გამოყენებით დამზადებულ ჭურჭელს. თუმცა, როგორც ჩანს, არ არსებობს მოთხოვნა არც იმის შესახებ, რომ ქვევრი მიწაში იყოს ჩაფლული და არც იმის შესახებ, რომ მასში ყურძნის კანთან კონტაქტით დაყენებული ღვინო მზადდებოდეს.
იმედი მაქვს, საქართველო შეძლებს, საერთაშორისო დონეზე ორივე მოთხოვნის აღიარებას მიაღწიოს, თუკი ამ ქართული სიტყვის გამოყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებულ ღვინოებთან მიმართებითაც იგეგმება.
ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ მსხვილმა კომპანიებმა დედამიწის ნებისმიერ წერტილში, მიწაში ჩაფლულ, ავთენტურ ქართულ ქვევრებში, ყურძნის კანთან კონტაქტით დაყენებული ღვინოები აწარმოონ. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას, რომ ეს მხოლოდ „მცირე მარნების“ ან, მით უმეტეს, მხოლოდ ქართული მარნების პრივილეგია უნდა იყოს.
დაფიქრდით: რაც უფრო მეტი ასეთი ღვინო იარსებებს და რაც უფრო ფართოდ გავრცელდება მათი წარმოება მთელ მსოფლიოში, მით უფრო ხშირად დაფიქრდებიან მსოფლიოს ღვინის მოყვარულები საქართველოზე, მით უფრო მეტად დაინტერესდებიან ამ ქვეყნით, მოისურვებენ მის შესახებ მეტის გაგებას, საქართველოში ჩამოსვლას და ქართული მეღვინეობის კლასიკური ტრადიციით შექმნილი საუკეთესო ნიმუშების შეძენას - როგორც წითელი, ისე თეთრი ღვინოების შემთხვევაში.
- თქვენ საქართველოში ღვინის ინდუსტრიის პროგრესს ბოლო ათწლეულში განსაკუთრებულად სწრაფს უწოდებთ. მაგრამ სწრაფ განვითარებას ყოველთვის ახლავს გარკვეული რისკებიც. თქვენი დაკვირვებით, რა არის ის, რაც ქართულმა ღვინის ინდუსტრიამ ამ პროცესში აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს და რისი დაკარგვის საფრთხე არსებობს, როდესაც ტრადიციული მეღვინეობა თანამედროვე საერთაშორისო ღვინის სამყაროს სწრაფად უახლოვდება?
- უკვე აღვნიშნე, რომ არ მიმაჩნია სწორად წუნდებული ან გაფუჭებული ღვინოების ექსპორტი ქართული მეღვინეობის კლასიკური ტრადიციის ნიმუშებად წარმოჩენით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. გვჭირდება, რომ დიდებული ქვევრის ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდნენ და საქართველოს ღვინის კულტურის ელჩების როლს ასრულებდნენ.
ქართული სახელები - ვაზის ჯიშების, რეგიონებისა და მეღვინეობების სახელწოდებები - არაქართველებისთვის რთული წასაკითხი და დასამახსოვრებელია. ეს გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, თუმცა სერიოზული პრობლემაა. ქართული ღვინის თითოეულმა მწარმოებელმა ძალიან საფუძვლიანად უნდა გაიაზროს, როგორ წარადგინოს საკუთარი ღვინოები და მათი ისტორიები უცხოურ ბაზრებზე და ეცადოს, ამის გაკეთების გზები რაც შეიძლება მარტივი, დასამახსოვრებელი და ესთეტიკურად დახვეწილი იყოს. ესთეტიკასა და კომუნიკაციას ღვინის მარკეტინგში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ქართული ღვინის 90–95% ქვევრში არ იწარმოება. რამდენად კარგია დანარჩენი ღვინოები? ჩემი აზრით, აქ გაუმჯობესების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.
1. კანთან კონტაქტის გარეშე დაყენებული ქართული თეთრი ღვინოები - ამჟამად ზედმეტად ერთგვაროვანია. ისინი ძირითადად აღდგენით გარემოში დაყენების სტილით ხასიათდება, რაც ხშირად ისე გამოიყურება, თითქოს მინიმუმამდე დაჰყავს როგორც ყურძნის ჯიშის, ისე რეგიონის ინდივიდუალური ხასიათის გამოხატვა.
2. ეს პრობლემა ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ქართულ წითელ ღვინოებსაც ახასიათებს, თუმცა შედარებით ნაკლებად.
3. ქართულ წითელ ღვინოებში ზედმეტად ხშირად იგრძნობა მუხის გადაჭარბებული გავლენა.
4. მჟავიანობის ხელოვნურად გაზრდა თითქმის ყოველთვის ცუდი გადაწყვეტილებაა - ეს ინდუსტრიული მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე უარესი ხერხია.
5. არასოდეს შეუშინდეთ ტანინებს, თუკი გამორჩეული ადგილებიდან მიღებული, იდეალურ მდგომარეობაში მყოფი, სრულად დამწიფებული ყურძენი მზად არის, ღვინის დაყენებისას, ფაქიზი მეთოდების გამოყენებით, თავისი ტანინები ბუნებრივად გადასცეს ღვინოს.
უაღრესად მნიშვნელოვანია, ქართველმა მეღვინეებმა საკუთარი ღვინოები საერთაშორისო კონკურენციის ნიმუშებს რაც შეიძლება ფართოდ შეადარონ და მათი ფონზე შეაფასონ.
ქვევრი შესაძლოა გზის გამკვალავი და წინამძღოლი იყოს, მაგრამ მის უკან მიმდევართა უზარმაზარი არმია დგას.
საერთაშორისო მომხმარებლებს აინტერესებთ საქართველოს რეგიონები და თქვენი ქვეყნის ვაზის ჯიშების გასაოცარი სიმდიდრე. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ინტერესი წარმავალ მოდაზე გაცილებით მეტხანს გაგრძელდეს, საუკეთესო გზა ამაღელვებელი, სუფთა და ინდუსტრიული ჩარევისგან თავისუფალი ღვინოების შეთავაზებაა , რომლებიც სრულად გამოხატავს მათთვის ბუნებრივად დამახასიათებელ განსხვავებებს და გემოსა თუ სტილის ფართო სპექტრს გვთავაზობს: ფერთა მრავალფეროვნებას, ხილის განსხვავებულ ხასიათს, არომატულ სირთულეს, ტექსტურების სიმდიდრესა და დაბალანსებულ სტრუქტურას.
- ქართული ვაზის იშვიათი ჯიშებიდან რომელიმეს თუ გამოყოფდით, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო? არის თუ არა რომელიმე კონკრეტული იშვიათი ქართული ჯიში, რომელსაც ღვინის მოყვარულებმა და პროფესიონალებმა დღეს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ?
- ბევრი ასეთი ჯიშია, თუმცა თავს ვიკავებ, ზოგიერთი სახელი გამოვყო და სხვები უყურადღებოდ დავტოვო, რადგან განვითარების ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, ვიდრე ნამდვილად გავარკვევთ, სად მდებარეობს საქართველოს მეღვინეობისთვის ყველაზე გამორჩეული ადგილები, და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამის შემდეგ კი უნდა დავადგინოთ, რომელი ვაზის ჯიში ან ჯიშები წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ამ ადგილების განსაკუთრებული პოტენციალის გამოსავლენად.
შესაძლოა, ასი წლის შემდეგ საქართველოს საუკეთესო ღვინოები არა ერთი კონკრეტული ჯიშისგან, არამედ ჯიშების შერევით - კუპაჟების სახით - მზადდებოდეს.
არ შემიძლია საკმარისად ხშირად გავიმეორო, რომ ვაზის ჯიშს, თავისთავად, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, ისაა, წარმოადგენს თუ არა ეს ჯიში (ან ჯიშები) ვენახისთვის საუკეთესო შესაძლო არჩევანს.
დიახ, მესმის, რომ ადამიანების უმეტესობა ღვინის სამყაროს ვაზის ჯიშების გაცნობით სწავლობს და, შესაბამისად, ჯიშის სახელწოდება მარკეტინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თუმცა, „საერთაშორისო პერსპექტივიდან“ უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოს ღვინის მომხმარებელთა უმეტესობას ქართული ჯიშების შესახებ საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვს. მათ, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ ქართული ჯიშების სახელების სწორად წარმოთქმა და არც დაიმახსოვრებენ მათ. ამიტომ წინა ეტიკეტზე ვაზის ჯიშის სახელის განსაკუთრებულად წინ წამოწევა დროის ფუჭი ხარჯვაა. (ამ წესიდან ერთადერთ შესაძლო გამონაკლისს საფერავი წარმოადგენს.)
ამიტომ:
ა) დააყენეთ საუკეთესო ღვინო, რომლის დაყენებაც შეგიძლიათ;
ბ) შემდეგ უთხარით მომხმარებელს, რომ ეს ღვინო საქართველოდანაა;
გ) გაუკეთეთ მას ლამაზი ეტიკეტი.
საქმე დასრულებულია.
მათთვის, ვისაც ღვინის შესახებ უფრო ღრმა ცოდნა და დეტალები აინტერესებს, შეიძლება ეტიკეტზე რეგიონისა და ქვევრის მითითებაც (თუ ეს უკანასკნელი რელევანტურია). დანარჩენი ინფორმაცია უკანა ეტიკეტზე უნდა განთავსდეს ან ვებგვერდზე იყოს ხელმისაწვდომი QR-კოდის საშუალებით - მათთვის, ვისაც ღვინის შესახებ ყველაფერი აინტერესებს, ან უბრალოდ ცნობისმოყვარე მომხმარებლია.
- მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, დასავლეთის ბაზარზე დამკვიდრება ჯერ კიდევ არ არის მარტივი. რა არის დღეს მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ქართული ღვინო დასავლეთის ბაზარზე დგას?
- სახელების აღქმისა და დამახსოვრების სირთულე და, ზოგიერთ შემთხვევაში, არომატებისა და გემოების უჩვეულო ხასიათი. ესთეტიკური მხარე (ეტიკეტის დიზაინი, ბოთლის ხარისხი). შესაძლოა, გარკვეულ დაბნეულობას იწვევდეს საქართველოსა და რუსეთს შორის, ან საქართველოს (ქვეყანასა) და ჯორჯიას (აშშ-ის შტატს) შორის აღრევაც.
- დაბოლოს, ძალიან საინტერესო და პრაგამტულ თემაზე მინდა გკითხოთ. ბოლო პერიოდში ღვინის გაყიდვების შემცირება მნიშვნელოვანი გამოწვევაა მრავალი ბაზრისთვის. რა არის ამ ტენდენციის მთავარი მიზეზები და როგორ უნდა უპასუხოს ღვინის ინდუსტრიამ მომხმარებლის შეცვლილ ქცევასა და მოთხოვნებს?
- ფართო საკითხია! შევეცდები, რაც შეიძლება მოკლედ ვუპასუხო. პირველ რიგში, რამდენიმე მიზეზი:
ა) ჯანმრთელობის შესახებ გზავნილები და, განსაკუთრებით, IHO-ს განცხადება, რომლის თანახმადაც, ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისას კიბოს რისკი „პირველი ყლუპიდანვე იწყება“. ამ გზავნილს არ ახლავს რისკის სათანადო კონტექსტუალიზაცია - მაგალითად, ეს რისკი უმნიშვნელოა იმ რისკთან შედარებით, რომელსაც ქუჩაში ავტომობილის მართვა უკავშირდება. ამასთან, არ არის საუბარი ალკოჰოლური სასმელების მოხმარებასთან დაკავშირებულ ფსიქოსოციალურ სარგებელზე.
ბ) ჯანმრთელობისა და ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისადმი მზარდი ინტერესი ნიშნავს, რომ დღეს ფიზიკური ფორმის გაუმჯობესების მიზნით ალკოჰოლზე უარის თქმა „მოდურად“ ითვლება.
გ) ღვინის სმა დღეს მოდიდან გადავიდა. აშშ-ის პრეზიდენტის უკვე მესამე ვადაა, როცა ამ თანამდებობას იკავებს ადამიანი, რომელიც ალკოჰოლს არ მოიხმარს. ამასთან, ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ წრეებში ხშირად ხაზგასმულია თავშეკავების ან უალკოჰოლო სასმელების მოხმარების მნიშვნელობა. სოციალური ურთიერთობებისგან მოწყვეტა, სოციალურ მედიაში თვითრადიკალიზაცია და ეკრანებზე დამოკიდებულება ადამიანებს აშორებს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ჯანსაღი ფორმით მოხმარებას, საქმიანობას, რომელიც არსებითად სოციალური ხასიათისაა.
დ) კანაფის ლეგალიზაციამ და თამაშის ელემენტებზე აგებული თუ სიახლით გამორჩეული სასმელების ინტენსიურმა შემოქმედებითმა განვითარებამ საგრძნობლად გაზარდა მასტიმულირებელი საშუალებების არჩევანი.
ე) ღვინის შესახებ მედიაგაშუქების ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა - განსაკუთრებით, ღვინის კრიტიკის აღმავლობამ და ბოთლების ფოტოების, დეგუსტაციის ჩანაწერებისა და ღვინის შეფასებების ფართოდ გამოყენებამ - ეს თემა მოსაწყენი და ვიწრო სპეციალისტებით გადატვირთული გახადა.
როგორ უნდა უპასუხონ ამ გამოწვევებს ღვინის მწარმოებლებმა?
ა) განაგრძონ უფრო და უფრო უკეთესი ღვინოების წარმოება.
ბ) ხაზი გაუსვან ღვინის საკვებთან ერთად მოხმარებასა და ამგვარი მოხმარების სარგებელს.
გ) გაყიდვის ადგილას ღვინის შესახებ კომუნიკაცია მარტივი და გასაგები გახადონ. (ონლაინ სივრცეში კი მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად გამოიყენონ ჭკვიანი კოდები.)
დ) შექმნან ღვინის ბოთლები, რომლებიც სასიამოვნოა დასათვალიერებლად, ხელში დასაჭერად და საკუთრებად ქონისთვის.
ე) ხაზი გაუსვან მეღვინეობის მრავალათასწლოვან ისტორიას - საქართველოს შემთხვევაში, 8 000 წელს - და მის მჭიდრო კავშირს ევროპული კულტურის უღრმეს ტრადიციებთან. ეს ღვინოს სანდოობას სძენს: მის უკან მრავალი საუკუნის გამოცდილება და ტრადიცია დგას.
ვ) ღვინის კულტურა გააცნონ მათ, ვისაც ის აინტერესებს და მის მიმართ გახსნილია.
ზ) ხაზი გაუსვან ღვინის წარმოშობის ადგილს მათთვის, ვისაც ეს აინტერესებს და ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. ღვინო გვაკავშირებს დედამიწის კონკრეტულ ადგილებთან და გვაძლევს შესაძლებლობას, ეს ადგილები შევიყვაროთ.
თ) ხაზი გაუსვან განსხვავებულობას. ადამიანებს ღვინოში სწორედ განსხვავებულობა უყვართ და არა „სრულყოფილება“. (სინამდვილეში, ღვინოში სრულყოფილება ობიექტური სახით არ არსებობს - ის მხოლოდ სუბიექტურად აღიქმება).
ინტერვიუ სრულად ინგლისურ ენაზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com