

525.wine არის ქართული ბუნებრივი ღვინის პირველი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შერჩეული მცირე მარნების გამორჩეულ ღვინოებს ერთ სივრცეში აერთიანებს. მისი მიზანია ბუნებრივი ღვინის აღმოჩენა და შეძენა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახადოს.
პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ ბუნებრივ ღვინოებს, 525.wine-ის კონცეფცია კი ქართული ვაზის მრავალფეროვნებას ეხმიანება - საქართველოში ცნობილი 525 უნიკალური ვაზის ჯიშიდან ბევრი სწორედ მცირე მარნების ძალისხმევით ინარჩუნებს ადგილს თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში.
პლატფორმის იდეის, შექმნის ისტორიის, მიზნებისა და კონცეფციის შესახებ Vinoge.com-ს 525.wine-ის დამფუძნებელი, გვანცა წულუკიძე ესაუბრა:
- 525 დღეს საქართველოში ერთადერთი ონალინ პლატფორმაა, სადაც მხოლოდ ბუნებრივი ღვინოებია წარმოდგენილი, საიდან გაჩნდა ასეთი სპეციალიზირებული პლატფორმის შექმნის იდეა და რა საჭიროებას უპასუხეთ მისი დაარსებით?
- ბუნებრივი ღვინის ონლაინ მაღაზიის შექმნის იდეა რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული ღვინის განვითარებაზე დაგროვებული დაკვირვებიდან გაჩნდა. ვხედავდით, რომ მსოფლიოში ბუნებრივი ღვინის მიმართ მზარდი ინტერესის საპასუხოდ საქართველოშიც სულ უფრო და უფრო მეტი მცირე მარანი ჩნდებოდა, რომლებმაც დაიწყეს ქართული ტრადიციული მეთოდით ბუნებრივი ღვინის დაყენება, თუმცა ამ ღვინოების მომხმარებლამდე მიტანა ჯერ კიდევ რთული იყო.
ერთი მხრივ საჭირო იყო მომხარებლებში კარგი და ხარისხიანი ღვინის მოხმარების კულტურის გაჩენა და მეორე მხრივ, ეს ღვინო მათთვის უნდა გამხდარიყო ხელმისაწვდომი, არა მხოლოდ ფასს ვგულისხმობ, არამედ იმასაც, რომ მათ მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ ასეთი ღვინის შესახებ და შეძლებოდათ მისი მარტივად ყიდვა. სწორედ აქედან გაჩნდა 525wine-ის შექმნის იდეა. რატომ 525? იმიტომ რომ ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ საქართველოში 525 უნიკალური ვაზის ჯიშია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რა არის 525wine? ბუნებრივი ღვინო, ყველაზე იაფად და ყველაზე სწრაფი მიწოდების სერვისით.
- რა პრინციპით არჩევთ ღვინოებს, რომლებიც 525-ზე იყიდება? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მწარმოებელი, რომ პლატფორმაზე მოხვდეს?
- შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მარანი, რომელიც ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს უნდა იყოს ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი. ჩვენთვის ასოციაციის წევრობა არის სანდოობის ყველაზე მთავარი გარანტია, რადგან ვიცით, რომ ასოციაციის წევრები მუდმივად მოწმდებიან და იცავენ ყველა სტანდარტს, რათა მათ მიერ წარმოებული ღვინო პასუხობდეს „ბუნებრივი ღვინის“ პრინციპებს.
ღვინოების 99%, რომლებიც მომხმარებელს ჩვენთან დახვდება არის სწორედ ასოციაციის წევრი მარნების წარმოებული. გვაქვს რამოდენიმე მარანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციის წევრები არ არიან, სარგებლობენ სანდოობის ძალიან მაღალი სტანდარტითა და რეპუტაციით, და აქვთ უნიკალური ღვინოები. თითოეულ ღვინოს აღწერასთან ერთად მითითებული აქვს არის თუ არა მარანი ასოციაციის წევრი.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად ესმის დღეს ქართველ მომხმარებელს, რას ნიშნავს „ბუნებრივი ღვინო?“ ხომ არ არის თქვენი ერთ-ერთი ამოცანა ცნობიერების ამაღლებაც?
- ვფიქრობ, დღეს ქართველი მომხმარებლის ინტერესი ბუნებრივი ღვინის მიმართ ნამდვილად გაზრდილია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა თავად ტერმინის გარშემო. ხშირად ადამიანმა იცის, რომ ბუნებრივი ღვინო განსხვავებულია, მაგრამ ზუსტად არ იცის, რას ნიშნავს ეს განსხვავება, რა ხდება ვენახში, როგორ იწურება ღვინო მარანში და რით განსხვავდება ბუნებრივი ღვინო ორგანული, ბიოდინამიური თუ კონვენციური ღვინისგან. რატომ არის ერთი და იმავე მარნის, ერთი და იმავე ვენახში, ზუსტად იდენტური პროცედურით დაყენებული 2 სხვადასხვა წლის მოსავლის ღვინო სრულიად განსხვავებული და უნიკალური.
სწორედ ამიტომ, ცნობიერების ამაღლება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ვფიქრობ, ღვინის გაცნობის საუკეთესო გზა მისი დაგემოვნებაა. ადამიანს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დააგემოვნოს სხვადასხვა ჯიშის, რეგიონისა და სტილის ბუნებრივი ღვინო და თავად აღმოაჩინოს განსხვავებები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს მხოლოდ ბოთლი კი არ შევთავაზოთ, არამედ მოვუყვეთ ბოთლის უკან არსებული ამბავი, ვინ არის მეღვინე, სად არის ვენახი, რა ჯიშის ყურძენია გამოყენებული, როგორ არის ღვინო დაყენებული და რატომ შეიძლება იყოს ის საინტერესო. სწორედ ამიტომ ვქმნით საგანმანათლებლო კონტენტსაც ბუნებრივ ღვინოზე, ქართული ვაზის ჯიშებზე და მეღვინეობის სხვადასხვა მეთოდზე.
გვინდა, რომ ბუნებრივი ღვინო არ იყოს რაღაც „ელიტური“ ან მხოლოდ ღვინის სპეციალისტებისთვის განკუთვნილი პროდუქტი. პირიქით, ჩვენი აზრით, რაც უფრო მარტივად და გასაგებად ავუხსნით ადამიანს, რას აგემოვნებს, მით უფრო თავისუფლად შეძლებს საკუთარი გემოვნების აღმოჩენას.
ამიტომ ჩვენი მიზანი მხოლოდ გაყიდვა არ არის. გვინდა მომხმარებელს მივცეთ საშუალება თანდათან გაიცნონ ბუნებრივი ღვინო, ქართული ვაზის მრავალფეროვნება და ბუნებრივი მეღვინეები. საბოლოოდ კი არჩევანი თავად მომხმარებელმა გააკეთოს.
- 525-ის ერთ-ერთი საინტერესო თავისებურება ღვინის შედარებით დაბალი ფასნამატია. რატომ აირჩიეთ ფასების ასეთი მოდელი?
- ფასების ეს მოდელი თავიდანვე ჩვენი კონცეფციის ნაწილია. როდესაც ონალინ მაღაზიას ვქმნიდით, არ გვინდოდა, ბუნებრივი ღვინო კიდევ უფრო ნიშურ და ძვირადღირებულ პროდუქტად დარჩენილიყო. პირიქით, გვინდოდა, ადამიანს, რომელსაც ბუნებრივი ღვინის დაგემოვნება აინტერესებს, ამის შესაძლებლობა შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ჰქონოდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ერთი ბოთლის ყიდვის შემდეგ მეორედაც შეძლოს დაბრუნება, ვიდრე ერთ გაყიდვაზე მაქსიმალური მოგება მივიღოთ.
ამ მიდგომას მეორე მხარეც აქვს, გვინდა, რომ მცირე მარნისთვისაც სამართლიანი იყოს. გვინდა, მეღვინემ თავისი შრომის შესაბამისი შემოსავალი მიიღოს, ხოლო მომხმარებელმა საბოლოო ფასში იგრძნოს, რომ ბუნებრივი ღვინის არჩევანი მისთვის რეალურად ხელმისაწვდომია.
ჩვენთან ნახავთ ღვინოებს, რომელთა დიდი უმრავლესობის ფასი 30–40 ლარის ფარგლებშია, თუმცა ფასები ღვინისა და მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება.
საბოლოოდ, ეს ჩვენთვის უფრო გრძელვადიანი სტრატეგიაა: გვინდა, ადამიანმა ბუნებრივი ღვინო ერთხელ კი არ იყიდოს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისთვის, არამედ გახდეს მისი ჩვეულებრივი არჩევანი. ვფიქრობთ, ამისთვის პროდუქტის ხარისხთან ერთად ხელმისაწვდომი ფასიც ძალიან მნიშვნელოვანია.
- რა როლს ასრულებს 525 ბუნებრივი ღვინის მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის? რამდენად ცვლის ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა მათთვის ბაზარზე წვდომას?
- 525.wine-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მცირე მარნების მხარდაჭერა იყო. საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო ბუნებრივი მეღვინეა, რომელიც მცირე რაოდენობით, ხშირად უნიკალური ქართული ჯიშებისგან და ტრადიციული მეთოდებით ამზადებს ღვინოს. მაგრამ კარგი ღვინის შექმნა ერთი საკითხია და მისი მომხმარებლამდე მიტანა სრულიად სხვა.
დიდი მწარმოებლისთვის დისტრიბუციის ქსელის შექმნა და სხვადასხვა გაყიდვის არხში შესვლა შედარებით მარტივია, მაშინ როცა მცირე მარნისთვის ეს ხშირად საკმაოდ რთული პროცესია და ბევრ რესურსს მოითხოვს. სწორედ აქ ასრულებს ონლაინ მაღაზია მნიშვნელოვან როლს.
ჩვენ ბუნებრივი მეღვინეებისთვის ვქმნით დამატებით გაყიდვის არხს, ვაერთიანებთ სხვადასხვა რეგიონში არსებულ მცირე მწარმოებლებს ერთ სივრცეში და მათ ღვინოს იმ მომხმარებლამდე მივიტანთ, რომელსაც კონკრეტულად ბუნებრივი ღვინო აინტერესებს.
ონლაინ გაყიდვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ მარანი აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, რამდენ ადამიანს შეუძლია ფიზიკურად მივიდეს მასთან, რომელ მაღაზიაში მოხვდება მისი ღვინო ან რამდენად ფართო აქვს საკუთარი გაყიდვის ქსელი. მომხმარებელი შეიძლება იყოს თბილისში, ან სხვა ქალაქში და მაინც შეძლოს კონკრეტული მარნის ღვინის შერჩევა და შეძენა. ვფიქრობ, ბუნებრივი მეღვინეებისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი ისტორია, ღვინის დამზადების მეთოდი და კონკრეტული ვაზის ჯიშები მომხმარებელმა გაიცნოს. ამიტომ პროდუქტის გვერდებზე ღვინის დასახელებასა და ფასთან ერთად, ვცდილობთ, ადამიანმა გაიგოს, ვინ დგას ამ ბოთლის უკან და რა არის ამ ღვინოში განსაკუთრებული.
საბოლოოდ, ჩვენი როლი არის ერთგვარი ხიდის შექმნა მცირე მეღვინესა და მომხმარებელს შორის. მეღვინეს ვაძლევთ დამატებით შესაძლებლობას, რომ მისი ღვინო უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიდეს, ხოლო მომხმარებელს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში აღმოაჩინოს ისეთი მცირე მარნები და ღვინოები, რომელთა პოვნაც ცალკე ძიების გარეშე შეიძლება საკმაოდ რთული იყოს.
- როგორია 525-ის მიწოდების არეალი და პირობები? გეგმავთ თუ არა მომავალში მიწოდების არეალის გაფართოებას?
- ვფიქრობ ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთი ხიბლი სწორედ სწრაფი მიწოდების სერვისია. მომხმარებელს შეუძლია შერჩეული ღვინოები/ღვინის აქსესუარები მისამართზე მიიღოს შეძენიდან 2 საათის განმავლობაში. სამწუხროდ, სწრაფი მიწოდების სერვისი ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში გამოიყენება, რადგან საწყობი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში გვაქვს. ზოგადად ვაწოდებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ცხადია თბილისის გარეთ მიწოდების დრო განსხვავებულია.
რაც შეეხება გაფართოებას, ვგეგმავთ ეტაპობრივად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიწოდების არეალის გაზრდასთან ერთად შევინარჩუნოთ მომსახურების ხარისხი, ღვინის უსაფრთხო ტრანსპორტირება და სისწრაფე.
მომავალში გვინდა, რომ ადამიანს, მიუხედავად იმისა, თბილისში ცხოვრობს თუ საქართველოს სხვა ქალაქში ან რეგიონში, ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთ სივრცეში აღმოაჩინოს მცირე მარნების ბუნებრივი ღვინოები, შეიძინოს ბაზარზე ყველაზე იაფად და მიიღოს სახლის კართან ყველაზე სწრაფად.
- გაყიდვების გამოცდილებიდან რა იცით მომხმარებლის გემოვნების შესახებ, რომელი ტიპის ბუნებრივ ღვინოებზეა დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა.
- ჩვენი გაყიდვების გამოცდილებიდან ერთი რამ საკმაოდ კარგად დავინახეთ ბუნებრივი ღვინის მომხმარებლისთვის ერთი კონკრეტული სტილის გამოყოფა რთულია. ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და სწორედ ეს არის ბუნებრივი ღვინის ერთ-ერთი საინტერესო მხარე.
თუმცა გარკვეული თავისებურებების გამოკვეთა მაინც შესაძლებელია, მაგალითად, ზაფხულში უფრო გაყიდვადია ცქრიალა და უფრო მსუბუქი ღვინოები, ხოლო ზამთარში უფრო წითელი და ტანინიანი ღვინოები. გვყავს მუდმივი მომხმარებლებიც, რომლებსაც უკვე ჰყავთ ფავორიტი მარნები, თუმცა ყოველ ჯერზე ცდილობენ რაიმე ახლის დაგემოვნებას.
საინტერესოა ასევე ისიც, რომ მომხმარებელი თანდათან უფრო თამამად ცდილობს დააგემოვნოს განსხვავებული ღვინოები. მაგალითად, მოთხოვნა არის როგორც ნაცნობ ქართულ ჯიშებზე: რქაწითელზე, საფერავზე, ცოლიკოურზე, ციცქაზე, ასევე ნაკლებად ცნობილ ჯიშებზე. ჩვენი ასორტიმენტიც საკმაოდ მრავალფეროვანია ამ მიმართულებით და სულ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი განსხვავებული ჯიშის ღვინო იყოს ჩვენთან ხელმისაწვდომი.
ვხედავთ კიდევ ერთ საინტერესო ტენდენციას, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფერი ან ვაზის ჯიში, არამედ ღვინის სტილი და ის გამოცდილება, რომელსაც ბოთლი სთავაზობს. მაგალითად, ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია ინტერესი ცქრიალა ღვინოების მიმართ. ჩვენთან რამდენიმე ბუნებრივი ცქრიალა ღვინოა წარმოდგენილი და თავად ამ სტილზეც გვაქვს საგანმანათლებლო მასალა.
მიზანიც სწორედ ეს არის, მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, ნელ-ნელა აღმოაჩინოს საკუთარი გემოვნება. შეიძლება პირველად იყიდოს ნაცნობი საფერავი ან რქაწითელი, შემდეგ კი დაინტერესდეს ციცქით, ცოლიკოურით, ქისით, ხიხვით, ოჯალეშით და ა.შ.
ამიტომ, თუ მკითხავთ, დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა კონკრეტულად რომელ ღვინოზეა, ვიტყოდი, რომ ჩვენი გაყიდვების გამოცდილება უფრო მრავალფეროვან სურათს აჩვენებს, ვიდრე ერთი კონკრეტული „ფავორიტის“ გამოყოფა. და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნიშანია, მომხმარებელი ინტერესდება და არჩევანის გაკეთებას სწავლობს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com