

11 ოქტომბერს, ქვემო ალვანში, აგროტურისტული მეურნეობა „ითაბანი“ თუშური გუდის ყველის ფესტივალს მესამედ უმასპინძლებს. ალავერდის მონასტრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე სივრცეში ერთი დღით თავს მოიყრის თუშეთის უნიკალური გასტრონომიული მემკვიდრეობა, მთის ტრადიციები, ფოლკლორი და ის ადამიანები, რომლებიც ამ კულტურას დღემდე აცოცხლებენ.
ფესტივალის მთავარი გმირი, რა თქმა უნდა, თუშური გუდის ყველია, ტრადიციული მეთოდით დამზადებული პროდუქტი, რომლის გემო და დამზადების კულტურა თუშეთის ყოფასა და ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული. ღონისძიება სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ყველი, არამედ უშუალოდ გაეცნონ მის დამზადებასა და იმ ტრადიციებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ფესტივალის პროგრამაში წელსაც იქნება ფერმერთა და ადგილობრივ მეწარმეთა ბაზრობა, თუშური გუდის ყველის კონკურსი, მასტერკლასები, ქართული ფოლკლორი, ქორეოგრაფია და გასტრონომიული აქტივობები.
ფესტივალის დეტალური პროგრამა და მონაწილეთა სია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
© ღვინის კლუბი/vinoge.com