

10 სექტემბერს კახეთში რთველი ოფიციალურად დაიწყო და ტრადიციულად, პირველი მოსავალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში აიღეს. ამ დროისთვის რეგიონში უკვე გადამუშავებულია 2,7 ათას ტონამდე ყურძენი, პროცესი კი ეტაპობრივად, მარცვლის სიმწიფის მიხედვით სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.
მიმდინარე სეზონზე სპეციალურ საკოორდინაციო შტაბში 230 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, ხოლო საერთო მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 320 ათას ტონას აღწევს. რთველის შეუფერხებლად მართვისა და ჭარბი მოსავლის დაბინავების მიზნით, პროცესში ჩართულია შპს „მოსავლის მართვის კომპანია“, რომელიც ფიზიკური პირებისგან ყურძენს წინასწარ დადგენილი ტარიფებით ჩაიბარებს.
ყურძნის შესასყიდი ფასები შაქრიანობისა და ხარისხის მიხედვით ასე გადანაწილდა:
საფერავი:
უმაღლესი ხარისხის (დაუზიანებელი, შაქრიანობა ≥ 21%) – 1,50 ლარი
საშუალო ხარისხის (ნაწილობრივ დაზიანებული ან შაქრიანობა 17%-დან 21%-მდე) – 0,90 ლარი
დაბალი ხარისხის (დაზიანებული ან შაქრიანობა < 17%) – 0,30 ლარი
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის:
უმაღლესი ხარისხის (დაუზიანებელი, შაქრიანობა ≥ 20%) – 1,30 ლარი
საშუალო ხარისხის (შაქრიანობა 17%-დან 20%-მდე) – 0,80 ლარი
დაბალი ხარისხის (შაქრიანობა < 17%) – 0,30 ლარი
რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომრებზე: 1501 ან 032 219 37 18.
© ღვინის კლუბი/vinoge.com