

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners-ის მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი ესტუმრა.
14-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში Colangelo & Partners-ის წარმომადგენელი ჰემა ბოში და ამერიკის ღვინის ვაჭრობის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები შედიოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ქართლისა და კახეთის ღვინის მწარმოებელი კომპანიები მოინახულეს.
ამერიკელი სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს, მათ შორის ტრადიციული მეთოდით დამზადების პროცესს. სტუმრებისთვის ასევე გაიმართა ქართული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც მათ როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული სამზარეულოს გაცნობასაც დაეთმო. სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული კერძები და უკეთ გაეცნენ ღვინისა და ადგილობრივი კულინარიული ტრადიციების ურთიერთკავშირს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამერიკის ბაზარზე და საქართველოს ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საერთაშორისო პროფესიონალებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com