

რამდენიმე დღის წინ იტალიური მეღვინეობის ლეგენდა, ბიოდინამიკური მევენახეობის ერთ-ერთი პიონერი და აბრუცოს ღვინის სიმბოლო ემიდიო პეპე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა სახელმა ათწლეულების განმავლობაში არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფლიო მეღვინეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. სწორედ მისი შეუპოვრობისა და ხედვის წყალობით იქცა Montepulciano d'Abruzzo უბრალო ადგილობრივი ღვინოდან საერთაშორისო აღიარების მქონე ეტიკეტად.
ემიდიო პეპემ საკუთარი მეურნეობა 1964 წელს დააარსა, თუმცა მისი ოჯახის კავშირი ღვინოსთან გაცილებით ადრე დაიწყო. 1899 წლიდან პეპეების ოჯახი აბრუცოში ღვინოს აყენებდა, თუმცა, როგორც იმ პერიოდის ბევრი მეღვინე, მას ძირითადად ნაყარად ყიდდა ან მხოლოდ ოჯახური მოხმარებისთვის ინახავდა. ახალგაზრდა ემიდიომ ეს ტრადიცია შეცვალა. მას სჯეროდა, რომ Montepulciano-სა და Trebbiano-ს ჯიშებს იმაზე გაცილებით დიდი პოტენციალი ჰქონდათ, ვიდრე მაშინ ვინმეს წარმოედგინა, და მათი ღირსებები ბოთლში ხანგრძლივი დაძველების შემდეგ სრულად გამოჩნდებოდა.
მისი ეს რწმენა ბევრისთვის გაუგებარი იყო. როგორც მოგვიანებით მისი შვილიშვილი, კიარა დე იულის პეპე იხსენებდა, ოჯახშიც კი ფიქრობდნენ, რომ ემიდიო ზედმეტად თამამ იდეებს მისდევდა. თუმცა მან არავის მოუსმინა და რეგიონში ერთ-ერთი პირველი გახდა, ვინც საკუთარი ღვინო ბოთლებში ჩამოასხა, რათა დაემტკიცებინა, რომ Montepulciano მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების ღვინო არ იყო, არამედ დიდი პოტენციალის მქონე, ხანგრძლივად დასაძველებელი ღვინო.
პეპეს ფილოსოფია თავიდანვე ბუნებასთან ჰარმონიას ეფუძნებოდა. მაშინ, როდესაც 1960-იან წლებში ევროპაში ინდუსტრიული მევენახეობა სწრაფად ვითარდებოდა და ქიმიური სასუქები თუ პესტიციდები ნორმად იქცა, მან სრულიად განსხვავებული გზა აირჩია. ვენახში სინთეზურ პრეპარატებზე უარი თქვა, ბუნებრივი მეთოდებით დაიწყო ვაზის მოვლა და ბიოდინამიკური მეღვინეობის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად ჩამოყალიბდა. 2006 წელს მისი მეურნეობა ოფიციალურადაც ბიოდინამიკური წარმოების სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
ემიდიო პეპესთვის მთავარი ყოველთვის ყურძენი იყო. ამიტომ დღესაც მის მარანში თითქმის ყველა პროცესი ხელით სრულდება. რთველი, ყურძნის გადარჩევა, თეთრი ჯიშების ფეხით დაწურვა, წითელი ყურძნის განსაკუთრებული მეთოდით დამუშავება და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ღვინომ ბუნებრივი არომატები და ხასიათი სრულად შეინარჩუნოს. დუღილი სპონტანურად მიმდინარეობს, ღვინო არ იფილტრება და მასში დამატებითი სულფიტებიც არ გამოიყენება.
მისი პრინციპულობა განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როდესაც იტალიურმა კანონმდებლობამ ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის კატეგორიის, DOCG-ის მისაღებად მუხის კასრებში მინიმუმ ექვსთვიანი დაძველება სავალდებულო გახადა. პეპემ მცირე ექსპერიმენტის შემდეგ მუხის კასრებზე საერთოდ უარი თქვა და განაცხადა, რომ ღვინის სირთულე ყურძნიდან უნდა მოდიოდეს და არა მუხის არომატებიდან. შედეგად, მან ოფიციალური აპელაციის გამოყენებასაც კი გადააბიჯა, ოღონდ საკუთარი ფილოსოფიისთვის არ ეღალატა.
ემიდიო პეპეს კიდევ ერთი გამორჩეული ტრადიცია ჰქონდა, ის არასოდეს ჩქარობდა ღვინის გაყიდვას. ყოველი რთვლის ნახევარს, ზოგჯერ კი 70-80 პროცენტსაც, წლების განმავლობაში მარანში ტოვებდა. ღვინო ბაზარზე მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როდესაც თავად მეღვინეები დარწმუნდებოდნენ, რომ მან სრულყოფილ ფორმას მიაღწია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ღვინო მომხმარებლამდე მოსავლის აღებიდან ოცი წლის შემდეგაც კი მივიდა.
წლების განმავლობაში ემიდიო პეპე აბრუცოს რეგიონისა და მთლიანად იტალიური მეღვინეობის ერთ-ერთ მთავარ ელჩად იქცა. კოლეგები მას იხსენებენ როგორც თავმდაბალ, მაგრამ მტკიცე ხასიათის ადამიანს, რომელიც საკუთარი იდეების ერთგული სიცოცხლის ბოლომდე დარჩა და ყოველთვის მზად იყო, სტუმრებისთვის ძველი რთვლის ღვინო გაეხსნა, რადგან მიაჩნდა, რომ მის ფილოსოფიაზე ყველაზე კარგად სწორედ ღვინო საუბრობდა.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ემიდიო პეპემ ოჯახის ახალი თაობა აქტიურად ჩართო მეურნეობის მართვაში. დღეს მის საქმეს ქალიშვილები, სოფია და დანიელა, და შვილიშვილები - კიარა და ელისა - აგრძელებენ, რომლებიც პეპეს მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპებს უცვლელად ინარჩუნებენ.
ემიდიო პეპეს გარდაცვალებას თანამედროვე მეღვინეობის საზოგადოება დიდი დანაკლისად აფასებს. მის მიერ დატოვებულმა მემკვიდრეობამ და ფილოსოფიამ დაამტკიცა, რომ ბუნების პატივისცემა, მოთმინება და საკუთარი იდეების ერთგულება ხშირად ყველაზე დიდი წარმატების გასაღებია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com