

ლევან სეფისკვერაძე
5-7 ივნისს თბილისის საგამოფენო ცენტრმა „ექსპო ჯორჯიამ“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WineExpo Georgia 2026-ს უმასპინძლა. მრავალწლიანი ისტორიის მქონე გამოფენამ კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და უცხოური ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მეღვინეები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები, ექსპერტები და ღვინის მოყვარულები.
WineExpo Georgia წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროფესიულ პლატფორმად კავკასიის რეგიონში. გამოფენაში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია, დაამყარონ საქმიანი კავშირები და გაეცნონ დარგში არსებულ სიახლეებს. გამოფენის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართა დეგუსტაციები, პროფესიული შეხვედრები და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა.
წლევანდელ გამოფენაში განსაკუთრებული ყურადღება მცირე და საოჯახო მარნების მონაწილეობამ მიიპყრო. მათ შორის იყვნენ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნები, რომლებიც ღონისძიებაში სპეციალური სტატუსით მონაწილეობდნენ. ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებმა დამთვალიერებლებს საკუთარი ფილოსოფია, მეღვინეობის პრაქტიკა და უნიკალური ღვინოები გააცნეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბუნებრივი მეღვინეობა საქართველოში მზარდი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე, მარან „ღვინის ფერის“, წარმომადგენელმა vinoge.com-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები განსაკუთრებით ახალი მცირე მარნებისთვისაა ფასეული.
ლაშა გოგოლაძე, მარანი „ღვინის ფერი: „WineExpo გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ღვინოები არა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებს, არამედ უცხოელ პროფესიონალებსა და იმპორტიორებსაც გავაცნოთ. ასეთი გამოფენები ხელს უწყობს ახალი პარტნიორების მოძიებას და ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. ეს მცირე და ახალი მარნებისთვის ძალიან კარგი შესძლებლობაა და შანსიც, რადგან ვიცი, რომ ბევრმა ახალმა მარანმა სწორედ აქედან დაიწყო თავისი საქმიანობა“.

WineExpo 2026-ში მონაწილეობდა „მეღვინეობა საფერეც“. როგორც მისმა წარმომადგენელმა გვითხრა, საერთაშორისო გამოფენები ქართული ღვინის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ელენე ხვისტანი, „მეღვინეობა საფერე: „ღვინის ხარისხთან ერთად დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორ კომუნიკაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას. WineExpo სწორედ ის სივრცეა, სადაც მეღვინეებსა და პროფესიულ წრეებს შორის რეალური საქმიანი ურთიერთობები ყალიბდება“.
გამოფენის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვან ასორტიმენტს, ისე ღვინის ინდუსტრიისთვის განკუთვნილ თანამედროვე ტექნოლოგიებს, დანადგარებს, აქსესუარებსა და მომსახურებებს. გამოფენას სტუმრობდნენ ღვინის სფეროს სპეციალისტები, ჟურნალისტები და საერთაშორისო ბაზრების წარმომადგენლები, რაც WineExpo-ს ბიზნეს-პლატფორმის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაში, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარებაში. სწორედ ამიტომ WineExpo Georgia კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ მოვლენად საქართველოს ღვინის კალენდარში და მნიშვნელოვან სივრცედ როგორც მსხვილი კომპანიებისთვის, ისე მცირე მარნებისთვის.
2026 წლის გამოფენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ღვინის მიმართ საერთაშორისო ინტერესი იზრდება, ხოლო საქართველო წარმატებით ინარჩუნებს ღვინის სამშობლოს სტატუსს თანამედროვე ღვინის სამყაროში.
© ღვინის კლუბი/vinoge.com