

სანათა წიწუაშვილი მარან „ლაგვანის“ დამფუძნებელია, მისი და ღვინის ერთობლივი ისტორია ბავშვობის პერიოდს უკავშირდება. მაშინ, როცა მამა ხშირად წასული იყო საქართველოდან, ვენახისა და ღვინის მოვლა დედასთან ერთად სანათას უწევდა. ეს საქმე ყოველდღიურობის ნაწილი იყო — არა მხოლოდ შრომა, არამედ პასუხისმგებლობაც, რომელიც ბავშვობიდანვე აიღო საკუთარ თავზე.
წლები გავიდა და მამა დაბრუნდა. მისთვის მთავარ საქმედ ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება იქცა. თუმცა, იმ დროისთვის ის უკვე აღარ ცხოვრობდა ახმეტაში. ოჯახურ საქმიანობაში აღარ მონაწილეობდა და თითქოს ნელ-ნელა გაქრა კიდეც მისი ინტერესი ღვინის მიმართ.
ცამეტი წლის წინ მამამ სთხოვა — მარანი აეშენებინათ. მაშინ ეს იდეა წარმოუდგენლად ეჩვენა. უარი თქვა. ეს მათი ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა, ბოლო საუბარი და ბოლო თხოვნა, რომელიც ვერ შეასრულა.
ამის შემდეგ რამდენიმე წელი ისევ უვლიდა ვენახებს, ყურძენს ქარხანას აბარებდა, მაგრამ ერთ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო — ვენახები გაეყიდა. ყურძენი ჩააბარა, მიღებული თანხა აიღო, სესხიც დაამატა და ქვევრები იყიდა. ეს გადაწყვეტილება მისთვის ემოციური იყო — მამას ვენახები ვეღარ გაიმეტა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვენახები არც გამორჩეული იყო და არც განსაკუთრებულად მოვლილი, მისთვის შეუფასებელ ღირებულებას წარმოადგენდა.
ოჯახმა მისი არჩევანი დიდი სიხარულით არ მიიღო. არც ქვევრების შეძენას და არც მარნის აშენებას შეხვდნენ მხარდაჭერით. თუმცა, მან გზა მაინც განაგრძო. დაიწყო ბაზრის კვლევა და გაზაფხულამდე უკვე ზუსტად იცოდა, როგორი ღვინო უნდა ეწარმოებინა — ორგანული წესებით მოვლილი ვენახის ყურძნისგან ქვევრის, კახური მეთოდით დაყენებული, რაც გულისხმობს ჭაჭა-კლერტზე ექვსი თვის განმავლობაში ღვინის დაყენებას, რომელიც შემდეგ კიდევ ორი წელი დავარგდებოდა ქვევრში.
მისი ფიქრები ხშირად ისტორიისკენ მიდიოდა. საქართველო რთულ პერიოდებს გადიოდა საუკუნეების განმავლობაში. ხშირად მამაკაცები სახლს ტოვებდნენ — ომში მიდიოდნენ ან შრომით იყვნენ დაკავებული. ასეთ დროს ქალებს უწევდათ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. კაციც დარწმუნებული იყო, რომ ქალი არასოდეს დატოვებდა ვენახს უპატრონოდ და არც დაუშვებდა ღვინის გაფუჭებას. ქალები ყოველთვის იყვნენ ჩართულნი ვენახის მოვლასა და ღვინის დაყენებაში, უბრალოდ მათი როლი ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა.
დღეს უკვე ბევრი ქალი მეღვინეა, თუმცა კი პირველებს დიდი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწიათ. სტერეოტიპების დამსხვრევა ადვილი არ ყოფილა. ახლა კი უკვე ქალ მეღვინეთა გაერთიანებებიც არსებობს.
სანათა წიწუაშვილის აზრით, ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დეტალებს და ემოციურად უდგებიან საქმეს. ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ ტრადიციით — სწავლობენ, ვითარდებიან და ახალ შესაძლებლობებს იყენებენ, რაც უნიკალური ღვინოების შექმნის საშუალებას იძლევა.
ზაფხულის განმავლობაში მასთან ბევრი სტუმარი მიდის — მათ შორის პროფესიონალი მეღვინეები და ღვინის ექსპერტები. საინტერესოა, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ ქალები არიან.
დღეს კარგი ღვინით უკვე ძნელია ვინმეს გაოცება. კონკურენცია გაიზარდა, პასუხისმგებლობაც. განსაკუთრებით რთულია მცირე მარნებისთვის — ტექნიკა, მუშახელი, ცოდნა, ნედლეული, პროდუქტის ვიზუალი, ეტიკეტი და ბაზარზე დამკვიდრება — ყველაფერი გამოწვევად რჩება. ფესტივალებში მონაწილეობაც ხშირად რთულად ხელმისაწვდომია.
სანათა წიწუაშვილი მიიჩნევს, რომ მცირე მარნებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, რადგან თითოეული მათგანი უნიკალურია. ერთი და იმავე ვენახის ყურძნისგანაც კი განსხვავებული ღვინო მიიღება. სწორედ მცირე მარნები ავითარებენ ნაკლებად ცნობილ ჯიშებს და ქმნიან ისეთ ღვინოებს, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება. მას სჯერა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო აწარმოოს.
ხშირად მას სტუმრობენ ქალები, რომლებიც საკუთარ ბიზნესზე ფიქრობენ. ის გულწრფელად უზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას — როგორ შექმნა პატარა მარანი რვა წლის წინ იმ ადგილას, სადაც ადრე არაფერი იდგა. ეს არ ყოფილა მხოლოდ დიდი სურვილი — უფრო მეტად იყო მამის ოცნების გაგრძელება.
და სწორედ ეს გახდა მისი ძალა.
ახლა ის დარწმუნებულია — მთავარი გაბედვაა. დაწყება. რადგან როცა ნაბიჯს გადადგამ, შედეგიც აუცილებლად მოდის.
© ღვინის კლუბი/vinoge.com