

თამარ მღებრიშვილი
16 წლის წინ, 2010 წელს, „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში პირველად ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი, სადაც მეღვინეებმა 2009 წლის მოსავლის ღვინოები წარადგინეს. ეს საქართველოში ღვინოსთან დაკავშირებული პირველი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო, სადაც თეთრ მაისურებში გამოწყობილი ორგანიზატორები და მონაწილეები „პირველად გასინჯვის სიხარულს“ სტუმრებთან ერთად იზიარებდნენ.
ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც 2014 წელს, კომპანია „თელიანი ველის“ მიერ შექმნილი შემეცნებითი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიისთვის ჩაიწერა, მალხაზ ხარბედია ღვინოს ტექსტს ადარებს, წიგნივით ღვინოსაც სჭირდება წაკითხვა და გაგება და არ არსებობს იმაზე დიდი სიამოვნება, ვიდრე ამ შეძენილი ცოდნის სხვისთვის გადაცემაა. სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად ახალი ღვინის ფესტივალს - ცოდნის, აღმოჩენების, სიხარულის, სიამოვნების ერთმანეთისთვის გაზიარება.
ერთ-ერთი ცნობილი ჩინელი მწერლის, მო იენის, წიგნი „ღვინის ქვეყანა“ 1992 წელს გამოვიდა, მწერალმა 2012 წელს ნობელიც მიიღო. ამ წიგნზე მალხაზ ხარბედიამ ვრცელი წერილი დაწერა, რომლის ბოლო აბზაცში ასეთ რამეს წაიკითხავთ: „ფინალში უკვე თავად მო იენი ჩნდება, რომელიც სასმლის დაძალებას მაგიდის ქვეშ ემალება. მას გამოათრევენ და დიდი ფაიფურის თასით (განსხვავებულით) ძალით ასმევენ ღვინოს.“ რა გააკეთა მალხაზ ხარბედიამ ქართული ღვინისთვის, ამ კითხვაზე საპასუხოდ გამახსენდა მისივე წერილის ეს ფრაგმენტი, მალხაზ ხარბედიამ ღვინის დალევა სიამოვნებად აქცია, ყველანაირი იძულება და ძალადობრივი „ტრადიციულობა“ ჩამოაშორა ამ პროცესს, ქართული ღვინო იმ სივრცეში დააბრუნა, რასაც დღეს თანამედროვე ღვინის კულტურას ვეძახით.
პირველი ღვინის ფესტივალის ჩატარებიდან 16 წელი გავიდა (დიდი დროა) და წელს ფესტივალი მალხაზ ხარბედიას სახელობის გახდა, ამ მნიშვნელოვან ამბავთან დაკავშირებით ორგანიზატორები გვესაუბრნენ:
იაგო ბიტარიშვილი: “მალხაზ ხარბედია იყო ადამიანი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ღვინის კულტურის პოპულარიზაციაში. ის იყო ღვინის კლუბის დამფუძნებელი, ღვინის მწერალი და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც ღვინის ფესტივალების ტრადიციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამიტომ ბუნებრივად მივიჩნიეთ, რომ ახალი ღვინის ფესტივალს მისი სახელი ეწოდოს — ეს ის მცირედი და სიმბოლური პატივისცემაა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამ საქმისთვის და საქართველოსთვის ძალიან ბევრი გააკეთა.“
ალეკო ცქიტიშვილი: „ღვინის კლუბის დამფუძნებლებს, წევრებს გვეამაყება, რომ ახალი ღვინის ფესტივალი არის პირველი ღვინის ფესტივალი საქართველოში. მანამდე ეს ორი სიტყვა „ღვინო“ და „ფესტივალი“ ერთად არასოდეს ყოფილა ნახსენები. კი, იყო ღვინის გამოფენები და ბაზრობები, მაგრამ ღვინის ფესტივალის ჩატარების იდეა ღვინის კლუბში დაიბადა. ვინც 2010 წელს პირველ ახალი ღვინის ფესტივალზეა ნამყოფი, შეუძლებელია დაავიწყდეს ის სადღესასწაულო, საზეიმო განწყობა და სახალხოობა, რაც ამ ფესტივალს შემდეგ წლებშიც გამოჰყვა და აგერ, ახლა უკვე მე-17 ფესტივალს ვატარებთ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის მალხაზ ხარბედია, რომელმაც სული ჩაუდგა ამ ფესტივალს და სათავე დაუდო საქართველოში ღვინის ფესტივალების ტრადიციას. ამიტომ ლოგიკურია და ღვინის კლუბის დამფუძნებლებმაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი ღვინის ფესტივალი იყოს მალხაზ ხარბედიას სახელობის. ეს არის, ერთი მხრივ, მალხაზ ხარბედიას სახელის და ღვაწლის უკვდავყოფა და მეორე მხრივ, მისი საქმიანობის, იდეების და გეგმების გაგრძელება. ეს ჩვენთვის, მალხაზ ხარბედიას მეგობრებისთვის, ღვინის კლუბის გუნდისთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა და ვალდებული ვართ, რომ ყველა მომდევნო ფესტივალი ერთმანეთზე უკეთესი იყოს“.
ნათია გაჩეჩილაძე: „წელს უკვე მე-17 ფესტივალს ვატარებთ და პირველად მალხაზ ხარბედიას გარეშე. გვინდოდა ეს „გარეშე“ რამით შეგვემსუბუქებინა და ამიტომ მახოს გარშემო გავერთიანდით. ახალი ღვინის ფესტივალი მალხაზ ხარბედიას სახელობის გახდა, ალბათ, სხვანაირად არც არავის წარმოედგინა. ღვინის კლუბს 2015 წელს შემოვუერთდი და ამ წლიდან მოყოლებული ვხედავდი, როგორ ცდილობდა მახო მუდმივად შთაებერა სული ახალი ღვინის ფესტივალისთვის. მან ამ ფესტივალის განვითარებას წლები მიუძღვნა, მისი დიდი შრომისა და ბრძოლის შედეგია, რომ ახლა მთელი საქართველო ელოდება მაისის მეორე შაბათს. ჩვენ კი ამ შრომასა და სიყვარულს მალხაზ ხარბედიასთან ერთად ვაგრძელებთ.“
გიორგი ბერიკელაშვილი: „წელიწადში ერთხელ თავს ვიყრით და ვზეიმობთ ყველა, ვისაც გვაინტერესებს და გვიყვარს ღვინო. ეს დღე საშუალებას გვაძლევს გავსინჯოთ საუკეთესო ღვინოები საუკეთესო მარნებიდან, მთელი საქართველოდან. უფასოდ! ეს არ არის შეჯიბრი ან რბოლა, ვის უკეთესი ღვინო აქვს ან ვინ მეტს დააჭაშნიკებს. ესაა ამაღელვებელი მომენტი, საყოველთაო გაზიარება, როცა მეღვინეები საკუთარი ნაშრომით ამაყობენ, ცნობისმოყვარე სტუმრებისგან კი შეკითხვებს, მათ მოსაზრებასა და ქებას იღებენ. ცხადია - ჭიქა ღვინის სანაცვლოდ. მახო პირველად 2010 წლის ფესტივალზე ვნახე, მანამდე მხოლოდ მეილზე მიმოწერით და ფორუმიდან ვიცნობდი. ჩვენი ბოლო შეხვედრაც ფესტივალზე შედგა, შარშან. ამ წლების განმავლობაში უამრავი რამ მოხდა ქვეყანაში და მის თავსაც, არასდროს დაუკარგავს ენთუზიაზმი და არ დაღლილა ღვინოზე წერით. არასდროს უღალატია ღირსების პრინციპებისათვის და ოპტიმისტური შემართებით აცოცხლებდა ღვინის კლუბს. ამ ფესტივალის დაარსებაში სხვებსაც მიუძღვით წვლილი, მაგრამ უწყვეტად შენარჩუნება და განვითარება დიდწილად სწორედ მისი უშრეტი ენერგიის დამსახურებაა.“
და აი, ასე, თითქოს ერთი დიდი წიგნის ბოლო გვერდს ვფურცლავდეთ, მთელ ამ ისტორიაშიც ვხედავთ, როგორ გადაიქცა იდეა ტრადიციად, სიხარული — კულტურად, ხოლო ერთი ადამიანის ენთუზიაზმი — საერთო მეხსიერებად. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მალხაზ ხარბედიამ არა მხოლოდ ღვინის წაკითხვა გვასწავლა, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა გავუზიაროთ ეს „წაკითხული“ ერთმანეთს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com