

პირველად 14 წლის შემდეგ, ამერიკულ ღვინის ჟურნალში - Wine Spectator - საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ მარტის ნომერში სამი ვრცელი სტატია გამოქვეყნდება. ჟურნალი 1976 წლიდან გამოდის და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ავტორიტეტულ გამოცემად მიიჩნევა, აღნიშნული ინიციატივა კი ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით ხორციელდება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველო ჟურნალის ყდაზეა წარმოდგენილი და გამოცემაში მას ერთი სრული სარეკლამო გვერდი ეთმობა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და პოზიციონირების გასაძლიერებლად. ჟურნალის ონლაინ ვერსია უკვე ხელმისაწვდომია მკითხველებისთვის.
პირველი სტატია - „საქართველო ყურადღების ცენტრში“ - ქართული ღვინის ფართო მიმოხილვას სთავაზობს აუდიტორიას. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო 8 000-წლიანი კულტურით, დღეს ახალ ეტაპზე გადადის. ქვეყანაში მზარდი ტურიზმი, ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, გამორჩეული მეღვინეობის სტილი და მდიდარი კულინარიული ტრადიციები განსაკუთრებით მიმზიდველ გარემოს ქმნის თავგადასავლების მაძიებელი ღვინის მოყვარულებისთვის.
სტატიის ავტორი, ჟურნალის უფროსი რედაქტორი ჯეიმს მოლსვორთი ყურადღებას ამახვილებს Drops of God-ის მეორე სეზონზეც, რომელიც Apple TV+-ზე გადის და სადაც ქართული ღვინო სიუჟეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტადაა წარმოდგენილი.
მეორე სტატია, სათაურით „სუფრა“, ქართულ გასტრონომიასა და სუფრის კულტურას ეძღვნება. მისი ავტორია ჯულია ლარსონი. სტატიაში დეტალურადაა აღწერილი ქართული ტრადიციული კერძები, სტუმარმასპინძლობის მნიშვნელობა და სუფრის, როგორც სოციალური და კულტურული ფენომენის, როლი ქვეყნის იდენტობაში.
მესამე სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოების შეფასებები. ჯეიმს მოლსვორთმა დეგუსტაციისთვის 56 ქართული ღვინო შეარჩია. მათ შორის უმაღლესი შეფასება, 93 ქულა, მიიღო „ანდრის ღვინოს“ „ხიხვი კახეთი 2023“-მა. საერთო ჯამში, 23 მწარმოებლის 56 ღვინიდან 18-მა ღვინომ Wine Spectator-ის 100-ქულიანი სისტემით 90 ან 90-ზე მეტი ქულა დაიმსახურა, რაც ქართული ღვინის ხარისხისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევა.
ამგვარი მასშტაბისა და გავლენის მქონე პლატფორმაზე საქართველოს წარმოდგენა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ღვინის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებისა და ამერიკულ ბაზარზე პოზიციების გამყარების მიმართულებით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com