

The Wine Enthusiast-ზე გამოქვეყნდა ქეით დინგუოლის სტატია ღვინის მოხმარებისა და ჯანმრთელობის შესახებ.
ბოლო პერიოდში ღვინისა და ჯანმრთელობის ურთიერთობა კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში და, შეიძლება ითქვას, სრულ ქაოსი გამოიწვია. სულ რამდენიმე კვირის ინტერვალში საზოგადოებამ ორი ურთიერთგამომრიცხავი გზავნილი მიიღო — ერთი ღვინის ზომიერად მოხმარების სარგებელს უსვამდა ხაზს, მეორე კი მას კიბოს გამომწვევ ფაქტორად წარმოაჩენდა. ბუნებრივია, ამ ფონზე მომხმარებლები დაბნეულნი დარჩნენ: არის თუ არა ერთი ჭიქა ღვინო ჯანმრთელობისთვის მისაღები არჩევანი, თუ ისიც იმ საფრთხეთა სიას უნდა შევმატოთ, რომელთა თავიდან არიდებას თანამედროვე მედიცინა გვირჩევს?
ყველაფერი დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის (NASEM) მიერ მომზადებული ვრცელი ანგარიში გამოქვეყნდა. კვლევამ, რომელიც აშშ-ის კონგრესის დაკვეთით და წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით ჩატარდა, დაასკვნა, რომ ალკოჰოლის ზომიერი და პასუხისმგებლიანი მოხმარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებასთან, ისე საერთო სიკვდილიანობის უფრო დაბალ მაჩვენებელთან. ანგარიშში ისიც კი ითქვა, რომ გარკვეულ პირობებში ღვინის ზომიერად მოხმარება ჯანმრთელობისთვის უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს, ვიდრე მისი სრულად უგულებელყოფა.
მეცნიერებმა სამი დასკვნა გამოყვეს, რომლებიც საკმარისი მტკიცებულებებით იყო გამყარებული. პირველ რიგში, ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება დაკავშირებულია საერთო სიკვდილიანობის შემცირებასთან. მეორე — გულის დაავადებების დაბალ რისკთან. ეს დასკვნები ბევრისთვის ნაცნობ დისკუსიას დაუბრუნდა, რომელსაც წარსულში „ფრანგული პარადოქსი“ ეწოდა — იდეა, რომ ღვინის კულტურა შეიძლება გულის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახებოდეს. თუმცა ანგარიშმა მესამე, ნაკლებად სასიამოვნო აქცენტიც გამოკვეთა: ქალებში ალკოჰოლის მოხმარება ძუძუს კიბოს ოდნავ მომატებულ რისკთან არის დაკავშირებული.
მიუხედავად ამისა, სხვა მიმართულებებით — იქნება ეს წონის ცვლილება, კოგნიტური ჯანმრთელობა თუ კიბოს სხვა ფორმები — მკვლევრებმა ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება ვერ შეძლეს. მტკიცებულებები ან არასაკმარისი იყო, ან ურთიერთგამომრიცხავი.
თუმცა ეს შედარებით ოპტიმისტური სურათი მალევე შეიცვალა. იანვრის დასაწყისში აშშ-ის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, დოქტორმა ვივეკ მურთიმ, საკუთარი საკონსულტაციო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელმაც სრულიად განსხვავებული ტონი დაამკვიდრა. მის შეფასებაში ალკოჰოლი პირდაპირ დაუკავშირდა შვიდი ტიპის კიბოს განვითარების რისკს და დასახელდა კიბოს მესამე წამყვან პრევენცირებად მიზეზად — თამბაქოსა და ჭარბწონიანობის შემდეგ. ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი იღუპება ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს შედეგად, რაც ნასვამ მდგომარეობაში მართვით გამოწვეულ სიკვდილიანობასაც კი აჭარბებს.
დოქტორი მურთი ამ პრობლემის საპასუხოდ ალკოჰოლურ პროდუქტებზე კიბოს გამაფრთხილებელი ეტიკეტების დამატებას ითხოვს — ისეთსავე სავალდებულო ფორმატში, როგორიც ორსულობისა და მანქანის მართვის გაფრთხილებებია. თუმცა, რეალობაში ასეთი ცვლილება კონგრესის მიერ დამტკიცებას საჭიროებს და გაურკვეველია, მოხდება თუ არა ეს, მით უფრო იმ ფონზე, რომ თავად მურთი მალე ტოვებს თანამდებობას.
კვლევების განსხვავებული შედეგები ნაწილობრივ მეთოდოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება. ზოგი კვლევა ერთმანეთისგან არ განასხვავებს იმ ადამიანებს, რომლებიც ზომიერად იღებენ ალჰოკოლს და იმათ, ვინც ჭარბად მოიხმარს, რაც შედეგებს ამახინჯებს. სხვა შემთხვევაში, „არამსმელთა“ ჯგუფში ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომლებმაც სმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეწყვიტეს, რაც მათ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებთ. ამას ემატება ისიც, რომ ადამიანები ხშირად ზუსტ ინფორმაციას არ აწვდიან მკვლევრებს ალკოჰოლის მოხმარების შესახებ.
ამ დაპირისპირებულ დასკვნებს ისტორიული კონტექსტიც აქვს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ღვინო, მედიისა და პოპულარული კულტურის დახმარებით, ხშირად წარმოდგენილი იყო როგორც გულის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი. თუმცა ბოლო წლებში ტონი მკვეთრად შეიცვალა. 2018 წელს The Lancet-მა ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობა საზიანოდ გამოაცხადა, რასაც მოგვიანებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც დაეთანხმა. ამასთანავე, არაერთმა მკვლევარმა გააკრიტიკა ეს პოზიცია და კვლევების ხარვეზებზე მიუთითა.
დღეს მეცნიერები ერთიან პოზიციაზე ვერ თანხმდებიან. ზოგი ალკოჰოლს მკაცრად გმობს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ზომიერი მოხმარება სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ ფონზე ისმის ბრალდებებიც „ნეო-პროჰიბიციონისტული“ მოძრაობის მიმართ, რომელიც ალკოჰოლის კულტურულ და სოციალურ როლს უგულებელყოფს.
საბოლოოდ, პასუხი მარტივი არ არის. თითოეულ ადამიანს თავად უწევს საკუთარი რისკების გააზრება. ალკოჰოლი შეიძლება ოდნავ ზრდიდეს კიბოს გარკვეულ რისკებს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია მრავლიდან — ისეთივე, როგორიც კვება, გენეტიკა, ფიზიკური აქტივობა ან მოწევა. მნიშვნელობა აქვს რაოდენობასა და სიხშირეს: ერთი ჭიქა ღვინო ვახშამთან ერთად და ოთხი ჭიქა ყოველდღიურად — სრულიად განსხვავებული რეალობებია.
ამასთან, ღვინო მხოლოდ ქიმიური ნაერთების ერთობლიობა არ არის. ის კულტურის, ტრადიციის, სოციალური კავშირის ნაწილია. ბევრი ადამიანისთვის ღვინო სიამოვნებასთან, საკვებთან და ერთად ყოფნის განცდასთან ასოცირდება. ამიტომ არჩევანი ხშირად არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ღირებულებითი საკითხიც ხდება.
როგორც ცხოვრების ბევრ სხვა სფეროში, აქაც საქმე რისკისა და სარგებლის ბალანსშია. სრულად უსაფრთხო არჩევანი შესაძლოა საერთოდ არაფრის კეთება იყოს, მაგრამ ცხოვრება იშვიათად გვთავაზობს ასეთ მარტივ პასუხებს. ღვინის ზომიერი მოხმარება შეიძლება მცირე რისკს შეიცავდეს, თუმცა ბევრისთვის ეს რისკი მისაღებია, რადგან ღვინო ცხოვრების ხარისხთან, სიამოვნებასთან და კულტურულ გამოცდილებასთანაც ასოცირდება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com