

საფრანგეთში, კატალონიურ კუთხეში მდებარე კოლიურე ისეთი ადგილია, სადაც ღვინოები ერთდროულად ძლიერიცაა და ელეგანტურიც, ხოლო მათი არომატული დახვეწილობა ხშირად იწვევს გაოცებას. ენდრიუ ჯეფორდი წარმოგვიდგენს კოლიურეს წითელი და თეთრი ღვინოების დეგუსტაციას, რომელიც მან საიმონ ფილდთან (MW) და შტეფან რაინჰარდტთან ერთად ჩაატარა. აღნიშნული სტატია Worldoffinewine-ზე გამოქვეყნდა.
ეს ღვინოები ზღვასთან მდებარე კონცხის ღვინოებია. ვენახები აქ ტერასებადაა გადაჭიმული, ხშირად იმდენად ციცაბო და დამრეცი, რომ მიწასთან მუშაობა მხოლოდ ხელით ან ცხენის დახმარებითაა შესაძლებელი. გზების დიდი ნაწილი ახალია: საუკუნეების წინ მევენახეები ვენახებში ნავით მიდიოდნენ და ყურძენსაც ზღვით აბრუნებდნენ უკან. როცა ანჩოუსის ვერცხლისფერი გუნდები ჩნდებოდა, ვაზი დროებით უყურადღებოდ რჩებოდა, რადგან აქ თევზჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ღვინო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწა უკვე მე-17 საუკუნიდან საფრანგეთის ნაწილია, მანამდე თითქმის ხუთი საუკუნე არაგონის სამეფოს ეკუთვნოდა. კულტურულად კი დღემდე კატალონიაა. ესპანეთსა და საფრანგეთს შორის საზღვარი სწორედ იმ ქედზე გადის, რომელიც ვენახებს ზემოდან დაჰყურებს. პატარა ნავსადგურები ტურისტებისთვის ჯადოსნურია, მაგრამ მთლიანობაში კოლიურე განცალკევებული სამყაროა.
ამ ადგილს ტრაგედიაც უნახავს. სწორედ აქ, ბანიულსიდან ესპანეთის პორტბუსკენ მიმავალ ბილიკებზე, დაასრულა სიცოცხლე 1940 წლის სექტემბერში ფილოსოფოსმა და კულტურის კრიტიკოსმა ვალტერ ბენიამინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ამერიკის ვიზა ჰქონდა, ესპანურმა პოლიციამ უკან დაბრუნება უბრძანა. ნაცისტურ საფრანგეთში დაბრუნების შიშით, ბენიამინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ირონიულად, მისი თანამგზავრები მეორე დღეს გაუშვეს და ლისაბონამდე მშვიდობიანად ჩავიდნენ. ერთი წლით ადრე კი ხალხის ნაკადი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა, ასობით ათასი რესპუბლიკელი ლტოლვილი ესპანეთიდან საფრანგეთში გადადიოდა ფრანკოს გამარჯვების შემდეგ. ამ მძიმე მიგრაციას „ლა რეტირადა“ ეწოდა, და დღემდე ბევრი ესპანური გვარი შემორჩა რუსილიონის სიებში.
ღვინის ისტორია აქ უფრო ნელა, მაგრამ არანაკლებ დრამატულად ვითარდებოდა. ფილოქსერამ მე-19 საუკუნის ბოლოს თითქმის სრულად გაანადგურა ვენახები. შემდეგ იყო ეკონომიკური კრიზისი, დემონსტრაციები, პირველი მსოფლიო ომი და მუშახელის დაკარგვა. საბოლოოდ რეგიონმა თავი ტკბილი გამაგრებული ღვინოებით - ბანიულსით, მაურითა და რივზალტით - გადაირჩინა. მშრალი ღვინოები კი ჩრდილში მოექცა და მხოლოდ 1971 წელს მიიღო კოლიურემ საკუთარი აპელასიონი. მოგვიანებით დაემატა როზე და ბოლოს თეთრი ღვინოც. დღეს მშრალი კოლიურე ნელ-ნელა იბრუნებს თავის ნამდვილ დანიშნულებას: იყოს დიდი სუფრის ღვინო.
აქ სხვა გზა არ არსებობს: ან მაღალი ხარისხი ან არაფერი. კოლიურეში ფართომასშტაბიანი მევენახეობა შეუძლებელია. ვენახების მესამედი 50%-ზე მეტად ციცაბო ფერდობებზეა გაშენებული. მზე თითქმის ყოველდღე ანათებს, ქარი იშვიათად ჩერდება, წვიმა კი იშვიათი და ხშირად დამანგრეველია. მოსავლიანობა უკიდურესად დაბალია. მთავარი ჯიში გრენაშია, თუმცა მას მრავალი სხვა ჯიშიც ახლავს. ვინც ამ ვენახებში გაივლის, იგრძნობს, რომ ეს ადგილი მომავალში მცირე ნაკვეთების, „პარსელების“ რეგიონად ჩამოყალიბდება.
დეგუსტაციამ აჩვენა, რომ თეთრი და წითელი ღვინოები თითქმის თანაბარ დონეზეა. თეთრებმა მცირედით აჯობეს საშუალო ქულებით, თუმცა უმაღლესი შეფასებები ორივე ფერს შეხვდა. ეს ღვინოები აშკარად ხმელთაშუაზღვის ხასიათისაა: ძლიერი ალკოჰოლის მიუხედავად, მათში ბალანსი ტექსტურით, ექსტრაქტითა და მარილიანობით მიიღწევა და არა მხოლოდ მჟავიანობით. მუხა იშვიათად და ფრთხილად გამოიყენება, ხოლო ზოგ ღვინოში ოქსიდაციურ და რედუქციულ ელემენტებს შორის თამაში დამატებით სიღრმეს ქმნის.
თუ ეტიკეტზე ალკოჰოლის შემცველობის ამსახველ რიცხვებს ყურადღებას არ მიაქცევთ, აღმოაჩენთ, რომ ეს ღვინოები ბევრად უფრო დახვეწილი და მოხდენილია, ვიდრე წარმოგედგინათ. ხშირად უფრო ელეგანტურიც კი, ვიდრე საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთის ან სხვა გრენაშის დიდ რეგიონებში. საუკეთესო ნიმუშები გამოირჩევა ფართო ფერის პალიტრით, საოცარი არომატული სიზუსტით, სიღრმით, სირბილითა და ეგზოტიკური, სრულიად ორიგინალური გემოვნური პროფილით, რომელიც აშკარად ამ უნიკალური ადგილის შედეგია.
ყველა ღვინო წარმატებული არაა, ზოგჯერ მათში სიმძიმე და უხეშობაც იჩენს თავს, მაგრამ ცუდ შემთხვევებშიც კი ხშირად გვხვდება ხასიათი და ინდივიდუალობა. კოლიურე სწორედ ასეთი ადგილია: რთული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ ავთენტური. და როცა ის საუკეთესო სახეს აჩვენებს, მისი ღვინოები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს ერთ ჭიქაში მოქცეული ზღვა და ქარიშხალია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com