

ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის დეკემბრის ნომერში ენდრიუ ჯეფორდის სტატია დაიბეჭდა, სადაც ის დალმაციის რეგიონისა და ხორვატიული ღვინოების შესახებ საუბრობს.
ენდრიუ ჯეფორდი თავის წერილში დალმაციის ღვინის სამყაროს აღწერს როგორც სივრცეს, სადაც დროის სხვადასხვა შრეები ერთმანეთში იკვეთება. ავტორი საუბარს იწყებს ბეპას სახელით ცნობილ იოსიპა მარინოვზე — ხანდაზმულ მევენახეზე, რომელიც ოჯახთან ერთად ბაბიჩის ვაზს უვლის. ჯეფორდისთვის ეს სცენა სიმბოლურია: ის აჩვენებს, რომ დალმაციაში ღვინის კულტურა დღემდე ეფუძნება უწყვეტ შრომას, ფიზიკურ ძალისხმევას და თაობიდან თაობაზე გადაცემულ ცოდნას.
ამ ტრადიციულ სურათს ავტორი უპირისპირებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. იგი აღწერს კორჩულას კუნძულზე ნანახ სცენას, სადაც ვენახების მოვლაში დრონები გამოიყენება. ჯეფორდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი თვითმიზანი არ არის — მისი დანიშნულება მხოლოდ ერთია: დაეხმაროს მევენახეს უძველესი ტრადიციების უფრო ეფექტურად შესრულებაში, რომლებიც ყოველთვის განსაზღვრავდა ღვინის ხარისხს. შრომა, ზრუნვა, დაკვირვება და გემო რჩება უცვლელ საფუძვლად, მაშინ როცა ტექნიკა მხოლოდ ინსტრუმენტია.
ჯეფორდი ასევე ეხება ხორვატიის ისტორიულ კონტექსტს და ღვინის ინდუსტრიის რთულ წარსულს. იგი იხსენებს „დაკარგულ საუკუნეს“, როდესაც ომებმა და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ რამდენიმე თაობის შრომა გაანადგურა. თუმცა ავტორის შეფასებით, ქვეყანა დღეს სწრაფად ავსებს ამ დანაკლისს და დალმაციის მეღვინეობა განვითარების აქტიურ ფაზაშია.
სტატიის ერთ-ერთი მთავარი თემა არის დრო — როგორც გეოლოგიური, ასევე ადამიანური. ჯეფორდი განმარტავს, რომ ღვინის განსხვავებულობის საფუძველი სწორედ გეოლოგიურ დროშია ჩადებული: ნიადაგების, ლანდშაფტებისა და მიკროკლიმატების მრავალფეროვნებაში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გენეტიკურია — ვაზის ადგილობრივი ჯიშები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღეს დალმაციის ღვინოებს უნიკალურ სახეს აძლევს.
ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დალმაციის გეოგრაფიულ თავისებურებებს. კუნძულებისა და ნახევარკუნძულების რთული მოზაიკა, ქარები, ზღვის სიახლოვე და განსხვავებული ნიადაგები ქმნის პირობებს, სადაც თეთრი და წითელი ჯიშები თანაბრად წარმატებულია. ჯეფორდი აღწერს კორჩულას, ჰვარისა და ვისის კუნძულებს, როგორც ცალკეულ ღვინის სამყაროებს, თითოეულს თავისი უნიკალური თეთრი ჯიშებით. ასევე აღნიშნავს. Maraština-ს , როგორც უფრო მსუბუქ და დელიკატურ ჯიშს, რომელიც მთელ სანაპიროზეა გავრცელებული.
წითელ ღვინოებზე საუბრისას ჯეფორდი უსვამს ხაზს ბაბიჩის, ლასინას და ტრიბიდრაგის განსხვავებულ ხასიათს. იგი აღნიშნავს, რომ ტრიბიდრაგი ზინფანდელის ისტორიული წინაპარია და დალმაციაში უფრო სტრუქტურულ და მკვეთრ სახეს იძენს. განსაკუთრებულ ყურადღებას ავტორი უთმობს ნაკლებად ცნობილ, მაგრამ შთამბეჭდავ დობრიჩიჩს, როგორც სიღრმისა და კონცენტრაციის მაგალითს.
დალმაციის წითელი ღვინოების მწვერვალად ჯეფორდი კვლავაც მალიას ასახელებს — ტრიბიდრაგისა და დობრიჩიჩის შთამომავალს. მისი შეფასებით, პოსტუპისა და დინგაჩის ვენახები ქმნის ძლიერ, მასშტაბურ ღვინოებს, რომლებიც რეგიონს საერთაშორისო პოტენციალს სძენს.
სტატიის დასკვნით ნაწილში ჯეფორდი ხაზს უსვამს, რომ დალმაციის ღვინოები გლობალურ ბაზარზე ნაკლებად ცნობილია, თუმცა მისი ფასი ტურისტებმა ძალიან კარგად იციან. ჯეფორდის მთავარი გზავნილი კი მკაფიოა: მათთვის, ვინც განსხვავებულ ღვინოებს ეძებს, ხორვატია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჯერ კიდევ აღმოსაჩენი რეგიონია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com