

თბილისში, პეტრიაშვილის 1-ელ ნომერში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიულ სივრცეში „საძველე“ ხვალ ენო-გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება სახელწოდებით „ქართლი საძველეში“. ფესტივალი აერთიანებს ქართლის ტერუარს, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე კულინარიულ გამოცდილებებს. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართლის რეგიონული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ადგილობრივი მეღვინეების, ფერმერებისა და შეფ-მზარეულების მხარდაჭერას და სტუმრებისთვის ავთენტური გასტრონომიული გარემოს შექმნას.
ფესტივალის სივრცეში შეკრებილ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ქართლის მეღვინეთა მრავალფეროვანი პროდუქცია, დააგემოვნონ ტრადიციული ქვევრისა და კლასიკური ტექნოლოგიებით დაყენებული ღვინოები, შეიგრძნონ რეგიონის ნიადაგისა და მიკროკლიმატის უნიკალური ხასიათი და ამავდროულად, გასინჯონ ადგილობრივი ნედლეული პროდუქტებით მომზადებული კერძები.
ფესტივალის პროგრამის ნაწილია ორი მასტერკლასიც: პროფესორი დავით ჩიჩუა ჩაატარებს მასტერკლასს იშვიათ ქართლის ჯიშებზე, ჯიღაურას კვლევითი ცენტრში დაყენებული ღვინოებით. ასევე, 2025 წლის საუკეთესო სომელიე, საბა ქიტიაშვილი, სპეციალურად ფესტივალისთვის შეარჩევს საკუთარ ხედვაზე დაფუძნებულ ქართლის ღვინოთა საკოლექციო მიმდევრობას და სტუმრებს გაუზიარებს დეგუსტაციის ტექნიკებს, ღვინის შეფასების პრინციპებსა და ჯიშის სპეციფიკურ თვისებებს.
განსაკუთრებულ გემოვნურ შთაბეჭდილებას შექმნის შეფ გიორგი მანჯავიძის (მანჯი) სპეციალური კერძი — ბურგერი, რომელიც შექმნილია ქართლის გემოების ინსპირაციით და დამზადებულია ბიო მეურნეობა „ელკანას“ მწარმოებლების ნედლეული პროდუქტებით. ეს იქნება თანამედროვე სტილისა და ტრადიციული გემოებისა იდეალური შერწყმა, რომელიც სტუმრებს საახალწლო განწყობასაც შეუქმნის.
„ქართლი საძველეში“ იმართება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიის და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის მხარდაჭერით. პროექტს უერთდება ღვინის სკოლა „ვინემოც“, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ქართული ღვინის განათლების განვითარებას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com