

თამარ მღებრიშვილი
ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ბოლო წლებში მიანიშნებს დარგის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაზე, მაგრამ პარალელურად აჩენს სისტემურ გამოწვევებს, რომლებიც პროდუქტის ხარისხის სტაბილურობასა და ბაზარზე მის პოზიციონირებას უკავშირდება.
ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე Vinoge.com ესაუბრა ენოლოგ გიორგი სამანიშვილს. ინტერვიუში გამოკვეთილია რამდენიმე პრობლემა: განუსაზღვრელი სტილი, არასაკმარისი მარკეტინგული კომუნიკაცია, მცირე მარნების ტექნოლოგიური და პროფესიული გამოცდილების დეფიციტი, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორის შორის კოორდინაციის ნაკლებობა და სხვა.
- ბოლო წლებში ქართული ღვინის პოპულარობა უცხოეთში იზრდება. თუმცა, ექსპორტის ზრდასთან ერთად ხშირად ისმის კრიტიკა ხარისხის სტაბილურობაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზული პრობლემაა ეს და რის შედეგად ჩნდება?
- ხარისხის სტაბილურობაზე კრიტიკა ნაკლებად მესმის. თვით ხარისხზე კრიტიკა -კი. საქართველოს ღვინის ექსპორტის მონაცემებს თუ გადავხედავთ, 80% პოსტსოციალისტურ ქვეყნებზე მოდის, ხოლო მთლიანი ექსპორტის 1/3-ზე მეტი ხელოვნურად დამტკბარი იაფფასიანი ღვინოებია. ამ ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალურად ჩვენი ექსპორტირებული ღვინის ხარისხი სტაბილურად დაბალია და მასობრივად იაფიან მოტკბო ღვინოებში ვპოზიციონირებთ.
ბოლო წლებში გამორჩეული ღვინოებით ნიშურ ქსელებშიც გააქტიურდნენ ჩვენი მეღვინეები, რაც მისასალმებელია და წარმატებებიც ცალსახად გვაქვს. თუმცა, აქ უფრო არასტაბილური მდგომარეობაა. ცოტა მაღალფასიან სეგმენტში უფრო მცირე და საშუალო ზომის მარნები მუშაობენ. მათ შორის არის გამორჩეულად კარგები, პროფესიონალები. თუმცა, ასევე არიან დამწყები და გამოუცდელი მეღვინეები, რომლებიც, მაგალითად, ღვინოს არ ამდგრადებენ და ისე აგზავნიან ექსპორტზე. ღვინო გაგზავნის მომენტში კარგია, მაგრამ გზაში ფუჭდება და მიმღებიც ვეღარ ცნობს და თვლის, რომ სხვა ღვინო გაუგზავნეს. ან ხშირად იყენებენ იაფფასიან მეთოდებს (მაგალითად - მუხის ბურბუშელა ან სხვა) ძვირადღირებულ ღვინოებში, რაც მაღალფასიანი ღვინის მომხმარებლისთვის არ არის მისაღები. ამას გარდა გვყავს ექსპორტიორები, რომლებიც ღვინოს დიდ კომპანიებში ყიდულობენ და თავისი ეტიკეტით ყიდიან. ღვინო ცუდი არ არის, მაგრამ ხშირად უბრალოდ ამოვარდნილია სტილიდან. ეს კი ძალიან ცუდია ამ სეგმენტისთვის.
ზოგადად, დრო გვჭირდება, რომ დამწყები მეღვინეები, რომლებიც მრავლად გვყავს, კარგად ჩამოყალიბდნენ და იპოვონ საკუთარი სტილი.
- ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რასაც ხშირად ახსენებენ, არის მარკეტინგისა და ბრენდინგის სუსტი მხარე. რატომ ვერ ვახერხებთ, რომ ქართული ღვინო გლობალურ ბაზარზე აღქმულ იქნას არა მხოლოდ როგორც უძველესი, არამედ როგორც თანამედროვე, კონკურენტული პროდუქტი?
- მე პირადად ჩვენი დარგის მთავარ გამოწვევად ვთვლი, რომ ჩვენი ღვინის ყიდვა უცხოელი მომხმარებლისთვის ძალიან რთულია - ჩვენი ღვინოების ეტიკეტი არ აწვდის მყიდველს საკმარის ინფორმაციას. ერთი და იგივე დასახელებების ქვეშ შეიძლება უიაფესი და უინტერესო, ასევე ძალიან კარგი ღვინოები შეგვხვდეს. არეულია ქვევრის, ნატურალური, მცირე და დიდი მარნების, საკუთარი და ნაყიდი ყურძნისგან დამზადებული და ათასი სხვადასხვა ხარისხის ღვინოები.
რამდენადაც სტილზე ჩვენც არ ვართ ჩამოყალიბებული, გვიჭირს კომუნიკაცია - ზოგიერთისთვის ქართული ღვინო მხოლოდ „ქვევრის ნატურალური“ ღვინოა, ზოგისთვის „ტკბილი წითელი“, სხვებისთვის კი „საქეიფო თხელი“.
მგონია, რომ საქართველოში ადგილობრივი ბაზრის განვითარება და მომხმარებლის მოთხოვნების გაზრდა დაგვეხმარება ექსპორტზე ხარისხიანი ღვინოების განვითარებაში.
- რამდენად თვლით, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთმანეთთან კოორდინირებულად მუშაობენ ქართული ღვინის განვითარების მიმართულებით?
- მე ვიტყოდი, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი საერთოდ არ ურთიერთობს. პირიქით, ბოლო წლებში ზედმეტად გავაძლიერეთ სახელმწიფოს როლი. ის, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო აფინანსებს ფაქტობრივად ყველა აქტივობას დარგში, არ არის ჯანმრთელი ურთიერთობა, არამედ პირიქით - კერძო სექტორს დამოკიდებულს ხდის სახელმწიფო ბიუჯეტზე და აადვილებს სახელმწიფოს მხრიდან დარგის აქტორებზე ზემოქმედების ბერკეტებს.
დარგში ვერ შევქმენით ვერც ერთი ფინანსურად (სახელმწიფო ბიუჯეტისგან) დამოუკიდებელი ორგანიზაცია ან კავშირი. განსაკუთრებით გვაკლია რეგიონალური გაერთიანებები - ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი რეგიონის მეღვინეობის, ექსპორტის განვითარებაზე იმუშავებდნენ და ადგილობრივი მეღვინეების ინტერესებს დაიცავდნენ. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც დარგში უნდა გატარდეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფუნქციების ნაწილის დელეგირებაა რეგიონებში და ეს რეფორმა სასწრაფოდ დასაწყებია.
- რეგიონებში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მეღვინე მუშაობს, მაგრამ სისტემური მხარდაჭერა და ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა ხშირად არ არსებობს. როგორ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა და პოლიტიკა, რომ მათ რეალური პერსპექტივა ჰქონდეთ?
- რეგიონების განვითარების, ახალგაზრდების და არამარტო ახალგაზრდების სისტემური დახმარება იქნებოდა, როგორც ზემოთ ვთქვით, რეგიონული ასოციაციების განვითარების ხელშეწყობა. ეს ევროპაში 1990-იან წლებში გააკეთეს და კარგი შედეგიც მიიღეს. რეგიონებში უფრო კარგად ესმით თავიანთი პრობლემებიც და გადაჭრის გზებიც. მცირე მარნების ექსპორტის ხელშეწყობა ამ ასოციაციების ჩართულობით და სახელმწიფოს მხრიდან ამ ორგანიზაციების დახმარებით წარმომიდგენია მხოლოდ. ვფიქრობ, დასაწყებია ჩვენი დარგის დეცენტრალიზაცია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com