

ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის სექტემბრის ნომერში კრის მერსერისა და ემი ვისლოცკის ავტორობით დაიბეჭდა სტატია იმასთან დაკავშირებით, თუ წელს რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდნენ ღვინის რეგიონები.
როცა 2025 წლის მოსავლიანობა იმ ეტაპამდე მივიდა, რაც მეღვინეებისათვის რთვლის დაწყებასა და მშვიდი ოპტიმიზმის პერიოდს უნდა დაჰკავშირებოდა, მსოფლიოს არაერთი ისტორიული ღვინის რეგიონი კვამლის, შიშისა და გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა.
სამხრეთ საფრანგეთიდან დაწყებული, ვაშინგტონის შტატის კლდოვანი ფერდობების ჩათვლით, ტყის ხანძრებმა გაანადგურა ვენახები, ბორცვები და სოფლები — მიწა გაშავდა, ვაზები დაიწვა...
აგვისტოში, სამხრეთ საფრანგეთის ლანგედოკის რეგიონში — ადგილი, რომელიც ცნობილია თავისი გამძლეობით, სოფლის რომანტიკით და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო ღვინოებით — ისტორიული მასშტაბის ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მოედო ოდეს დეპარტამენტს და 1949 წლის შემდეგ საფრანგეთის უდიდეს ტყის ხანძრად იქცა. დაიღუპა ერთი ადამიანი, 20-ზე მეტი დაშავდა, ხოლო დაახლოებით 17,000 ჰექტარი მიწა განადგურდა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ადგილი იყო კორბიერის ღვინის რეგიონი, სადაც ზოგი ვაზი 70 წელზე მეტი ხნის იყო და სულ რამდენიმე საათში ფერფლად იქცა.
„დაახლოებით 10 ჰექტრიდან 9 ჰექტარი დავკარგე,“ — თქვა სოფი გიროდონმა, Clos de l’Anhel-ის ორგანული მეღვინეობის წარმომადგენელმა, რომელიც სოფელ მონტლორში მდებარეობს. Decanter-თან საუბარში გიროდონმა აღწერა სრულიად გაშავებული და სიცოცხლისგან დაცლილი ლანდშაფტი — ვენახი, რომელიც ოდესღაც ყვაოდა, ახლა სრულიად განადგურდა.
რეგიონის მეღვინეობისთვის მიყენებული ზიანი უზარმაზარია. ადგილობრივი ღვინის კოოპერატივი Cellier des Demoiselles, რომელიც სენ-ლორან-დე-ლა-კაბრერისში მდებარეობს, აცხადებს, რომ ვენახების დაახლოებით 80% დაზიანებულია. ზოგიერთი ვაზი, რომელიც ცეცხლმა გაანადგურა, ათწლეულების განმავლობაში მოჰყავდათ და თაობიდან თაობას გადაეცემოდა — ეს იყო ლანგედოკის მეღვინეობის ცოცხალი არქივი, რომელიც ახლა სამუდამოდ დაიკარგა. კოოპერატივმა უკვე დაიწყო სახსრების შეგროვება აღდგენისთვის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ეკონომიკური ზარალი არ არის — ეს არის კულტურული იდენტობისა და უნიკალური მემკვიდრეობის დაკარგვაც.
წინასწარი შეფასებით, ხანძრის ზონაში მოხვდა 800-დან 900 ჰექტრამდე ვენახი. მაგრამ მხოლოდ დამწვარი ვაზები არ არის პრობლემა — არსებობს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაც: კვამლის მავნე ზეგავლენა მოსავალზე, მევენახეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და რთული გზა, რომელიც აღდგენას საჭიროებს — ფიზიკურად, ფინანსურად და ემოციურად.
იმ მეურნეობებშიც კი, რომლებიც პირდაპირ ხანძარს გადაურჩნენ, საფრთხე არ გამქრალა. ჟან-მარი ფაბრი, საფრანგეთის დამოუკიდებელი მევენახეების ასოციაციის (Vignerons Indépendants de France) პრეზიდენტი, რომლის Domaine de la Rochelierre მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ხანძრის ზონიდან, პირადად მიდიოდა ადგილზე, რომ დაზარალებულებისთვის დახმარება გაეწია. საკუთარ ვენახში, ფაბრი ადრეული რთვლიდან მიღებული ყურძნის „ძალიან კარგ ხარისხზე“ საუბრობს, თუმცა აფრთხილებს, რომ კვამლის ზემოქმედება მხოლოდ ღვინის დადუღების შემდეგ გამოვლინდება.
და ეს გამოწვევები მხოლოდ საფრანგეთს არ ეხება. მთელ ევროპასა და აშშ-ში, ღვინის რეგიონები სულ უფრო მეტად გრძნობენ კლიმატური არასტაბილურობის შედეგებს. კვიპროსში ტყის ხანძრებმა სულ ახლახან გაანადგურეს ვენახები, რაც დაემატა გვალვითა და საგრძნობი სიცხით დამძიმებულ სეზონს. აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში მდებარე Syncline Winery იუწყება, რომ მათი მთლიანი მოსავალი, სავარაუდოდ, კვამლით არის დაბინძურებული მას შემდეგ, რაც Burdoin-ის ხანძარმა 2 ჰექტარზე მეტი ვენახი გაანადგურა.
ეს არის ტენდენცია, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს კლიმატური ცვლილებების მზარდ საფრთხეზე. სამხრეთ საფრანგეთში უკვე რამდენიმე წელია, გვალვა ეტაპობრივად ამცირებს მოსავლიანობასა და ხარისხს. ახლა კი, ხანძრების გაჩენა რთვლის პერიოდში კიდევ უფრო სერიოზულ, ეგზისტენციალურ გამოწვევად იქცა.
ყველა ამ მუდმივი გამოწვევის ფონზე ერთი რამ ნათელია: გლობალური ღვინის საზოგადოების გამძლეობა სერიოზულ გამოცდას გადის. და მიუხედავად იმისა, რომ ვაზები შეიძლება ისევ ამოიზარდოს და მარნები თავიდან აშენდეს, 2025 წლის ხანძრების კვალი ასე მალე არ წაიშლება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com