

- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?
- მარანი მე და ჩემმა მეუღლემ 2020 წელს დავაარსეთ, გავაშენეთ ვენახი და 2021 წელს პირველი რთველი გვქონდა. ძირითადი აქცენტი ვაზის იმერულ ჯიშებზე გვაქვს გაკეთებული. პირველ წელსაც ციცქა და ცოლიკოური დავკრიფეთ. მარნის დაარსების იდეა ექსპრომტად გაგვიჩნდა. მარანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში დავაარსეთ. საკმაოდ დიდი დახმარება გაგვიწია პროექტმა „აწარმოე საქართველოში“, რომლის საშუალებითაც მარნისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარი შევიძინეთ.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?
- ამჟამად გაშენებული გვაქვს: ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე და წულუკიძის თეთრა. ძირითადი აქცენტი მაინც ცოლიკოურსა და კრახუნაზე გვაქვს გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოს მხარეში, ამ ეტაპზე არ მისდევენ მევენახეობას, როგორც მოვიკვლიე, ადრე იყო გაშენებული ცოლიკოურის ვენახები.
- რა სახის სირთულეები, დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- ძირითად დაბრკოლებას ჩვენი პატარა მარნისთვის ხარისხიანი ყურძნის პოვნა წარმოადგენს, რადგან ამ ეტაპზე გვიწევს ყურძნის შეძენაც. ასევე, პრობლემაა თანამედროვე ტექნიკის ნაკლებობა, რადგან ძირითადად ძველი მამა-პაპური მეთოდებით გვიწევს ღვინის დაწურვა, დამუშავება და სხვა მარნებთან კონკურენცია.

- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?
- ჩემს მარანში ღვინოს, ძირითადად, კლასიკური ტექნოლოგიით ვაყენებ, რაც ყურძნის მიღებას, კლერტის გაცლას და შემდგომ მის გამოპრესვას გულისხმობს, მიღებული ტკბილი უჟანგავ ცისტერნებში გადაგვაქვს, სადაც უკვე უშუალოდ დადუღება-დავარგების პროცესი მიმდინარეობს. გაზაფხულზე ჩვენს ღვინოს უკვე ბოთლებში ვასხამთ და სარეალიზაციოდ ვამზადებთ.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- გვინდა სამომავლოდ მარანი გავაფართოოთ და ტურისტების მიღება შევძლოთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ღვინის წარმოებით შემოვიფარგლებით და ტურისტულ მხარეს ყურადღებას ვერ ვუთმობთ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონის გამო.
დამწყებ მეღვინეებს ვურჩევ, საქმეს სიყვარულით მიუდგნენ. თუ მარანში და ვენახში საქმიანობა არ სიამოვნებთ და ეს მათთვის მხოლოდ სამუშაოს და შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, ძალიან გაუჭირდებათ დიდი ხნით ამ სფეროში დარჩენა და მიზნების მიღწევა. ვფიქრობ, ამ საქმის სიყვარული და მისგან სიამოვნების მიღება აუცილებელია კარგი ღვინის წარმოებისთვის.
© ღვინის კლუბი/vinoge.com