

ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის ივნისის ნომერში კრის მერსერის და ემი ვისლოკის ავტორობით დაიბეჭდა სტატია, რომელიც ღვინის მოხმარების გლობალურ ცვლილებებს შეეხება.
ღვინის სამყარო გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. მომხმარებლის ქცევის ცვლილება, ეკონომიკური ფაქტორები, ეკოლოგიური საფრთხეები და ამავე დროს, ინოვაციური პროექტები, საერთაშორისო აუქციონები და სამეცნიერო აღმოჩენები — 2025 წელი ღვინის ინდუსტრიისთვის როგორც გამოწვევების, ისე შესაძლებლობების პერიოდია.
2024 წელს გლობალურმა ღვინის მოხმარებამ შეადგინა 214 მილიონი ჰექტოლიტრი (მჰლ) — რაც 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს 3.3%-იანი ვარდნა აიხსნება ეკონომიკური გაურკვევლობითა და თანამედროვე ცხოვრების წესის ცვლილებებით, — ასე აცხადებს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV).
„გრძელვადიანი ინფლაცია და საბაზრო გაურკვევლობა ახდენს გავლენას მომხმარებლის ქცევასა და ფასებზე. მოხმარების კლება განსაკუთრებით შეინიშნება ტრადიციულ ბაზრებზე, სადაც ცხოვრების სტილი და თაობათა პრიორიტეტები იცვლება“ — განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ჯონ ბარკერმა.
საგულისხმოა, რომ მომხმარებლები ახლა ნაკლებ რაოდენობას სვამენ, თუმცა უფრო მაღალფასიან და ხარისხიან ღვინოებზე აკეთებენ არჩევანს, რაც მაღალი ხარისხის ღვინოებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ადასტურებს.
რეგიონული სურათი: ვინ სვამს და რამდენს?
ბრისტოლში მდებარე ღვინის ბარის, Kask-ის თანადამფუძნებელი ჩარლი ტეილორი აღნიშნავს: „კლიენტები ახლა უფრო დიდი სიფრთხილით იხდიან ფულს, მაგრამ ინტერესი არსად ქრება. ღვინო 8,000 წელია არსებობს — ის არსად მიდის.“
ტენდენციები იცვლება: მოხმარება კლებულობს, მაგრამ ხარისხზე ფოკუსი მატულობს, გარემოსდაცვითი ფაქტორები მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა ამასთან ერთად, იბადება ახალი რეგიონებიც, მაგალითად როგორიცაა ბუტანი. ღვინის ინდუსტრია მხოლოდ ტრადიცია აღარ არის, ის სულ უფრო გლობალური, მდგრადი და მრავალფეროვანი ხდება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com