

ლევან სეფისკვერაძე
კრაფტ ლუდი ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქცა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტრენდად მსოფლიო სასმელების ინდუსტრიაში. ტერმინი craft beer პირველად ამერიკაში მეოცე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა და შინაარსობრივად გულისხმობდა მცირე მოცულობით და ტრადიციული მეთოდებით დამზადებულ ლუდს. ეს იყო ერთგვარი დაბრუნება ძველ ტრადიციებთან. მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ლუდსახარშებმა მსოფლიოში ლუდის ბაზრის დიდი წილი დაიკავეს, მომხმარებელთა ნაწილი ყოველთვის ეძებდა ლუდს, რომელიც ინდივიდუალურობის, ხარისხისა და ხასიათის მატარებელია.
კრაფტ ლუდი სწორედ იმ ნიშაში გამოჩნდა, რასაც მეღვინეობაში „მცირე საოჯახო მარნები“ ჰქვია. ეს არის გემოების მრავალფეროვნება, ადგილზე ადვილად მოპოვებადი ინგრედიენტები და თამამი ექსპერიმენტების სიყვარული. ამ ყველაფერმა სამომხმარებლო ბაზრის დიდ ნაწილში კრაფტ ლუდის ანუ ე.წ. ხელნაკეთი ლუდის წარმატება განაპირობა.
დღეს მსოფლიოში ათასობით კრაფტ-ლუდსახარშია, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქცია მძლავრ კონკურენციას უწევს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა: „ბუდვაიზერი“, „ჰეინეკენი“ ან თუნდაც „კარლსბერგი“. ამერიკიდან ევროპამდე და კონტინენტური ევროპიდან დიდ ბრიტანეთამდე კრაფტ ლუდის კულტურა სულ უფრო ფართოვდება და იგი ხშირად ერწყმის ადგილობრივ ტრადიციებს.
კრაფტ ლუდის ბუმი საქართველოში
საქართველოში კრაფტ ლუდის ბუმი შედარებით გვიან, დაახლოებით 2010-იანი წლებიდან დაიწყო. თუმცა, ქართული კულინარიული ტრადიციებისა და გემოვნების გათვალისწინებით, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.
პირველები ბაზარზე გამოჩნდნენ პატარა ლუდსახარშები, როგორიცაა: "ქართული სული", "შავი ლომი", „შავი ძაღლი“, „მეგობრები“, „დიღმის კრაფტი“, „მზე“, „ოტია“, „მაქსიმუსი“ „ნატურალი“. შემდეგ გამოჩნდა „ორი ტონა“, „9 მთა“, „სვია“, „ზღვის ცხენი" და სხვა. ჩვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში, ბათუმში და ქუთაისში გაიხსნა კრაფტ ლუდის ბარები, სადაც სხვადასხვა სახეობის ლუდს გვთავაზობენ, რომელთა შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა – IPA-ზე (India Pale Ale) არის, რაც ციტრუსოვანი ტონების და წიწვოვანის მცენარეების არომატის მქონე მაღალალკოჰოლიან მოწითალო შეფერილობის ლუდს გამოხატავს. ასევე პოპულარულია Stout, Porter, Lager, Sour Ale და მრავალი სხვა.
რაც დრო გადის, ქართველ მწარმოებლებს თამამი ექსპერიმენტები არ აშინებთ. მაგალითად, ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ლუდი თაფლით, წიწაკით, შინაური ტყემლითა და ქინძითაც კი, რაც პროდუქციას კულტურულად ადგილობრივ ხასიათს ანიჭებს.
მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა ხარისხზე, მრავალფეროვნებასა და ინდივიდუალურ გემოზე იწვევს იმ შედეგს, რომ კრაფტ ლუდი მალე შეიძლება იქცეს არა ალტერნატივად, არამედ მთავარ არჩევანად და ვინ იცის – იქნებ სწორედ რომელიმე ქართულმა კრაფტ ლუდის სახარშმა შექმნას ის გემო, რომელიც უცხოელებსაც გააცნობს ლუდის ქართულ გემოს სრულიად ახალ ფორმატში.
ლუდის მსმელი - კულტურის გამავრცელებელი

vinoge.com-მა რამდენიმე კითხვით მიმართა ლუდსახარშ Beer domination-ის წარმომადგენელს ალეკო პაპავას.
- თქვენი აზრით, რა განაპირობებს კრაფტ ლუდის მზარდ პოპულარობას?
- კრაფტ ლუდი განეკუთვნება იმ პროდუქტებს, რომლებსაც იდენტობა გააჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მასალა ერთი შეხედვით, შეიძლება არ იყოს რაიმე ნოვაციის შემცველი, რადგან ამ ტიპის ლუდისთვის უმეტესად გამოიყენება ქერის ან ხორბლის მარცვალი, რომელიც ჯერ ღვივდება, შემდეგ შრება და იფქვება.
კრაფტ ლუდის ბოთლის ეტიკეტზე ხშირად ნახავთ კონკრეტული უბნის, რეგიონის ან ისტორიული თემის აღწერას. ეს ქმნის ლუდის მოხმარების კულტურას, რომლის დროსაც ადამიანი არა მხოლოდ სვამს, არამედ ინფორმაციას იღებს, ვითარდება, წინ მიდის და თავად ხდება კულტურის გამავრცელებელი.
- რას გვეტყვით საქართველოში კრაფტ ლუდის მოყვარულ ადამიანებზე?
- საქართველოშიც, კრაფტ ლუდის მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ გემოს სიახლეს, ხარისხსა და ბუნებრივ ინგრედიენტებს. მათთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლუდი დამზადებულია მცირე მოცულობით და ხშირ შემთხვევაში, ოჯახური ბიზნესის ფარგლებს არ სცდება.
- კრაფტ ლუდის შესახებ ცნობადობა ჩვენს ქვეყანაში იზრდება. თქვენი აზრით, რისი დამსახურებაა ეს ტენდენცია?
- კრაფტ ლუდი მხოლოდ სასმელი არაა – ეს არის კულტურა, გამოცდილება და არჩევანი ინდუსტრიულ, მასობრივ პროდუქტსა და ნამდვილ, გემრიელ სასმელს შორის. მსოფლიოში კრაფტ ლუდი უკვე მილიარდიანი ინდუსტრიაა, საქართველოში ჯერ ახალი ხილია, მაგრამ ქართველს გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება და დარწმუნებული ვარ ეს სფერო კიდევ უფრო განვითარდება.