

Decanter World Wine Awards (DWWA) მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ღვინის კონკურსია, რომელიც უკვე 22 წელია იმართება. 2025 წლის კონკურსზე 57 ქვეყნის 18 000-ზე მეტი ღვინო იყო წარდგენილი, ხოლო ჟიურის მსოფლიო დონის 248 ღვინის ექსპერტი წარმოადგენდა. მათ შორის იყვნენ 22 მასტერ სომელიე და 72 ღვინის მაგისტრი, რაც კონკურსის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობაა.
DWWA-ის გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე უკავშირდება მის სანდოობასა და შედეგების მნიშვნელოვნებას. კონკურსი გამოირჩევა მკაცრი და მრავალდონიანი ბრმა დეგუსტაციის პროცესით, სადაც ღვინოები ფასდება რეგიონების, სტილისა და ფასის მიხედვით.
წელს კონკურსმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა გამორჩეული ხარისხის ღვინოები, რეკორდული რაოდენობის ახალი გამარჯვებულები, ამომავალი ვარსკვლავები, როგორც კლასიკური, ისე ახალი ღვინის რეგიონებიდან.
„DWWA-ზე ოქროს ან პლატინის მედლის მოპოვებას მწარმოებლის ცხოვრების რეალურად შეცვლა შეუძლია“ – აღნიშნა კონკურსის ჟიურის წევრმა და ღვინის მაგისტრმა ტიმ მარსონმა. კონკურსის თანათავმჯდომარე, ბეთ უილარდიც ადასტურებს ამ ჯილდოს გარდამტეხ მნიშვნელობას: „წარმოიდგინეთ მეღვინე, რომელიც პირველად მონაწილეობს კონკურსში, შესაძლოა ახალი სახელიც იყოს, და მას ოქროს მედალი ერგოს. მისთვის გლობალურ სცენაზე კარი გაიხსნება… მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს თავისი კარიერა და ბაზარზე ძლიერი პოზიცია დაიკავოს.“
ბოთლზე DWWA-ის მედლის არსებობა ნიშნავს, რომ ეს ღვინო ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე შეაფასეს მსოფლიოს წამყვანმა ღვინის სპეციალისტებმა. ეს ჯილდოები ემყარება მხოლოდ ხარისხს და წარმოაჩენენ ღვინოებს, რომლებიც ყველა დონეზე გამოირჩევიან.
ყოველ წელს, პროფესიონალები, ენთუზიასტები და მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან მიმართავენ DWWA-ს შედეგებს, როგორც სანდო გზამკვლევს ღვინის შერჩევაში.
2025 წლის Decanter World Wine Awards-ზე გამორჩეულ ღვინოებს მნიშვნელოვანი აღიარება ხვდათ წილად: 50 Best in Show მედალი გაიცა – რაც მხოლოდ დაგემოვნებული ღვინოების 0.30%-ს შეადგენს. ამასთან ერთად გაიცა 137 პლატინის და 732 ოქროს მედალი, რაც წინა წელთან შედარებით ზრდას წარმოადგენს. ჯამურად, მედლების საერთო მოცულობა გაიზარდა 81.5%-დან 82.2%-მდე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ წელს წარდგენილი ღვინოების საერთო ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
დამატებით, პოპულარული Value Gold სიაც გაფართოვდა – ის ასახელებს მაღალი ხარისხის ღვინოებს, რომელთა ფასი 15 ფუნტზე ნაკლებია. ამ სიაში გამარჯვებული ღვინოების რაოდენობა 20-დან 30-მდე გაიზარდა, რაც აჩვენებს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ღვინოების მზარდ რაოდენობას.
წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო (Magnum) კატეგორიის გაფართოება, რომელიც პირველად გახდა ღია ყველა ტიპის ცქრიალა ღვინისთვის. ისტორიაში პირველად, ინგლისურ ცქრიალა ღვინოს მაგნუმის ბოთლით მიენიჭა “Best in Show” ჯილდო.
კონკურსზე საქართველოც მონაწილეობდა და 2025 წლის DWWA-ზე ქართულმა ღვინოებმა კვლავ დამსახურებული ადგილი დაიმკვიდრეს საერთაშორისო ასპარეზზე. მართალია, წელს Platinum ან Best in Show კატეგორიებში გამარჯვება ვერ მოიპოვეს, მაგრამ ოქროსა და ვერცხლისა მედლები მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება, განსაკუთრებით - იმ მცირე მეწარმეებისთვის, რომლებიც ტრადიციულ სტილს მიჰყვებიან.
DWWA-ზე საქართველოს შედეგები ასეთია: ოქრო - 3; ვერცხლი - 35; ბრინჯაო - 51:
© ღვინის კლუბი/vinoge.com