საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბ-ნ შალვა პაპუაშვილს,
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს,
ქ-ნ ნინო წილოსანს,
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველ მოადგილეს, ბ-ნ გელა სამხარაულს
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილეს, ბ-ნ სამველ მანუკიანს
საქართველოს მარნების
წარმომადგენელთა მიმართვა
ჩვენ, საქართველოს მარნების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტი უკიდურესად დააზიანებს საქართველოში ღვინის სექტორს - მევენახეებს, ღვინის მწარმოებლებს, არასამეწარმეო ორგანიზაციებს, მათ შორის, ასოციაციებს, მეღვინეთა ასოციაციებსა და გილდიებს, რომლებიც ადვოკატირებენ დარგში მოქმედი სუბიექტების, განსაკუთრებით, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერესებს, და/ან უზრუნველყოფენ მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.
მოგახსენებთ, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და სხვა საერთაშორისო მისიები და პროგრამები საქართველოში, ათწლეულების მანძილზე უძღვებოდნენ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების არაერთ მასშტაბურ, გარდამტეხ პროექტს და ერთგულად ემსახურებოდნენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს.
სწორედ უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით დაარსდა საქართველოში ღვინის საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია, შეიქმნა საქართველოს ვენახების კადასტრი, განხორციელდა მსოფლიოს მასშტაბით აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები (WSET), ჩატარდა ქართული თიხის სრულყოფილი, მეცნიერული კვლევა და დადგინდა ქვევრის შესაბამისობა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით. რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს პერიოდში მათი უდიდესი ძალისხმევით, საერთაშორისო მედიასთან და იმპორტიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გახდა შესაძლებელი დიდი მეღვინეობების ახალ ბაზრებზე წვდომა, მათ შორის, ისეთ დიდ და მიმზიდველ ბაზარზე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.
საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გაძლიერდა, ან დაარსდა არაერთი მიკრო, მცირე და საშუალო მეღვინეობა. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შესაძლებელი გახდა მათი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ტექნიკური აღჭურვა, მევენახეებისა და მეღვინეების ახალი, სამეურნეო ცოდნით უზრუნველყოფა, მათი პოპულარიზაცია, მათი ღვინის ექსპორტის მხარდაჭერა, წვდომა ღვინის მოხმარების თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო, იაპონია, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დანია და სხვ.
ამ უდიდესი ძალისხმევის შედეგად დღეს ქართული ღვინოები ღვინის სამშობლოს წარადგენს საერთაშორისო გამოფენებზე და წარმოდგენილია მსოფლიოს უმაღლესი რეიტინგის რესტორნების ღვინის ბარათებში. ამ უდიდესი ძალისხმევის შედეგად გაიცნო მსოფლიომ ქართული ვაზის იშვიათი, ენდემური ჯიშები, ღვინის ადგილობრივი ტრადიციები, საქართველოს მევენახეობის საუკეთესო ზონები და ტერუარები. ბოლო წლებში, ამგვარი წარმატებული მაგალითებით შთაგონებული არაერთი მეურნე დაუბრუნდა სოფელს და მამა-პაპათა ტრადიციულ საქმეს სამეწარმეო ღირებულება შესძინა.
საქართველო ღვინის სამშობლოდ მსოფლიომ აღიარა, სწორედ, ჩვენი უცხოელი მეგობრების - ერთი მხრივ, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ადგილობრივ მეცნიერებთან თანამშრომლობით წარმართული საერთაშორისო კვლევების, მეორე მხრივ კი - გავლენიანი მედიების (BBC, NY Times, CNN, Forbes და მრავალი სხვა) მხარდაჭერით. შესაბამისად, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი უცხოური ორგანიზაციების დახმარებით, სახელმწიფო და არასამეწარმეო სუბიექტების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ქართული ღვინის ახალი, ავთენტური, საბჭოთა კლიშეებისგან თავისუფალი ხატის დაბადება. მათივე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი რუსეთის არასტაბილური, პოლიტიზებული ბაზრის მიღმა, დამოუკიდებელი გზების გაკვალვა ჩვენი ბუნებრივი, ისტორიული და ცივილიზაციური გარემოსკენ, რომელთანაც ღვინის დიდი ტრადიციები გვაკავშირებს.
მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში:
1) ყურძნისა და ღვინის, აგრეთვე, ვაზის ნერგების მიკრო, მცირე და საშუალო მწარმოებლები დაკარგავენ საერთაშორისო დონორებისა და არასამეწარმეო ორგანიზაციებისგან ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ, საგანმანათლებლო დახმარებაზე წვდომის შესაძლებლობას;
2) ღვინის სექტორში მოქმედი, დამოუკიდებელი პროფესიული ასოციაციები, კომუნები, გილდიები დაკარგავენ შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო დაფინანსება და განკარგონ ეს ფინანსები დარგისა და დარგში მოქმედი მეწარმეების საჭიროებების შესაბამისად - კვლევითი თუ საგანმანათლებლო მიზნებით, მეწარმეების ინტერესების ადვოკატირებისთვის, ღვინის ფესტივალებისა თუ გამოფენებისთვის;
ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპების საწინააღმდეგო კანონის მიღება შექმნის რისკებს, რომ ევროპულ ბაზარზე რეპუტაციული ზიანი მიადგეს ქართულ ღვინოს და, ზოგადად, ქართულ პროდუქციას. ეჭვქვეშ დადგეს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა; ღვინის სექტორში დასუსტდეს და გაქრეს სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც დღემდე, უმეტესად, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერით სულდგმულობენ; შეწყდეს ღვინის მცირე და საშუალო ბიზნესის შეუქცევადი, წარმატებული განვითარება საქართველოში და უამრავი მარანი ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგეს.
პარლამენტის თითოეული წევრი, განსაკუთრებით კი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელები და წევრები, კარგად უნდა აცნობიერებდეთ ამ შესაძლო რისკებს და მკვეთრად, ქმედითად, წინ აღუდგეთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ კანონის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლექტიურად და სათითაოდ იქნებით პასუხისმგებლები პროცესების შემდგომ, სავალალო განვითარებაზე.
ხელმოსაწერად გადადით ბმულზე
ხელმომწერები
© ღვინის კლუბი/vinoge.com